გაზეთი „ბანკები და ფინანსები" ქართულ ბანკებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, საბანკო სისტემა ეკონომიკური უსაფრთხოების საყრდენია, ეკონომიკური უსაფრთხოება კი ეროვნული უშიშროების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ფლობს სისტემაშემქმნელ ქართულ ბანკებს. ყოველკვარტალურ ანგარიშგებებში ამა თუ იმ ბანკის საწესდებო კაპიტალის 1%-ზე მეტის მფლობელის სავალდებულო წესით გამოქვეყნება სულაც არ არის საკმარისი ბანკების მეპატრონეთა საკითხში გამჭვირვალეობის შესატანად.
„ჩვენ, რეალურად, არ ვიცით ვისია „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი" და ასე შემდეგ, რადგან, ისე როგორც მთლიანად ქართულ ბიზნესში, საბანკო სისტემაშიც დაინერგა მნიშვნელოვანი წილების, ზოგჯერ კი საკონტროლო პაკეტების ფლობა და გაფორმება ოფშორულ კომპანიებსა და ცრუმაგიერ პირებზე. ამით, ხშირ შემთხვევაში, იფარებოდა ამ ბანკების რეალური მეპატრონეები - ხელისუფლების წარმომადგენლების ან ხელისუფლებასთან შეზრდილი, ფაქტობრივად, მაფიური ხასიათის ბიზნეს-ჯგუფების ვინაობა.
ჩვენ დღეს მხოლოდ ვსვამთ პრობლემას და ამ თემაზე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ქ-ნ ირინა იმერლიშვილის ყურადღებას ვამახვილებთ.
სადღეისოდ მხოლოდ ერთ პიკანტურ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას. რამდენიმე წლის წინ BNY(NOMINEES) LIMITED „საქართველოს ბანკის" საკონტროლო პაკეტს ფლობდა. იდეაში ეს კომპანია Bank of New York-ი უნდა ყოფილიყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ გულუბრყვილოთა თვალის ასახვევი აბრევიატურაა და მეტი არაფერი, რეალურად BNY(NOMINEES) LIMITED-ს საერთო არაფერი ჰქონდა Bank of New York-თან (ანუ ცნობილ კონკრეტულ ბანკთან) . აბრევიატურაში არსებული ჩანაწერი NOMINEES, ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ Bank of New York-ის დეპოზიტარების მფლობელობაში არსებული კომპანიაა. მსგავსი ოპერაციის შესრულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ BNY(NOMINEET) LIMITED-ის რეალური მფლობელი ნებისმიერი პირი შეიძლება ყოფილიყო.
დღეს უკვე „საქართველოს ბანკს" 98.35%-ით Bank of Georgia Holdings PLC ფლობს, რომელიც ასევე გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიაა და არავინ იცის, მის უკან რა ჯგუფები დგანან. მოარული ხმები, რომ ლიდერი ბანკი რეალურად ძმებ გილაურებს და კახა ბენდუქიძეს ეკუთვნით, ჯერჯერობით დაუდასტურებელია. ასევე დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ „საქართველოს ბანკს", დასახელებულ პირებთან ერთად, დღესაც წინა ხელისუფლების ზოგიერთი „ვეშაპი" აკონტროლებს.
„სახელოვანი" BNY(NOMINEES) LIMITED-ის ინტერესები კი დღეს სხვა ქართულ ბანკებში გვხვდება, ის „ლიბერთი ბანკში" 11.26%-ს ფლობს, „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში" 12.34%-ს და კიდევ სხვაგან, ვინ იცის რამდენს, სხვა სახელით. ასევე არავინ უწყის ვისია, TBC HOLDINGS LTD (19.21%-იანი წილი „თიბისი ბანკში"), LIQUID CRYSTAL INTERNATIONAL N.V (6.56%-იანი წილი „თიბისი ბანკში") და ბუნებრივია, Bank of Georgia Holdings PLC.
რაც შეეხება „ნაციონალების" მთავრობის და ბანკების ურთიერთობას, თუ არ ჩავთვლით „პროკრედიტ ბანკს" და კიდევ რამდენიმეს, რომლებიც მსხვილ და ავტორიტეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ბანკები სააკაშვილის ხელისუფლების ეგზეკიუტორები და სადამსჯელო აღმასრულებლები უფრო იყვნენ, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტები. ძალიან ბევრი მათგანი პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის პროცესში. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბანკების საკრედიტო პოლიტიკას პროკურატურის მაღალჩინოსნები აკონტროლებდნენ. პროკურატურა მისთვის საინტერესო პირების ანგარიშებზე მოძრაობასაც ონლაინ რეჟიმში „უყურებდა" და ეს ქართული საფინანსო სისტემის ყოველდღიურობა იყო.
კონფიდენციალურობა, მათ შორის საბანკო ბიზნესში ეროვნული უსაფრთხოების იგნორირებას არ ნიშნავს, ჩვენი საფინანსო სისტემის მდგრადობა და უსაფრთხოება (ისევე როგორც ირანული კაპიტალის შემოსვლის შემთხვევაში) ჩვენი დასავლელი პარტნიორების თავსატეხი არ უნდა გახდეს. მათ თავიანთი პრობლემები ეყოფათ.
ამ საკითხებს ეროვნული უშიშროების საბჭომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს", - წერია სტატიაში.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)