reportiori.ge - ვანოს ცრემლები – ბლუყუნა „ხერხემლის“ გზა მინისტრობიდან ციხემდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:44
პრეს-დაიჯესტი
ვანოს ცრემლები – ბლუყუნა „ხერხემლის“ გზა მინისტრობიდან ციხემდე
ავტორი:
07 თებერვალი, 2014. 16:31

ცხოვრება დიდი სუპერმარკეტია – აიღე რაც გინდა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, წინ სალაროა და გადახდა მოგიწევს... ზოგჯერ ცრემლებითაც... „ჩემს გამო ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის ზეწოლას. ჩემს გამო ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ ყოველდღიურ ზეწოლას მთელი 9 წლის განმავლობაში და, ჩემდა სამწუხაროდ, ეს არ წყდება დღესაც. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს“, – თქვა მერაბიშვილმა და ატირდა, რის გამოც სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შს ყოფილ მინისტრს „დაავიწყდა“ ეთქვა, რომ იგი „ვარდოსანთა“ ყველა დიდი შავი საქმის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო ცხრა წლის განმავლობაში, ბევრის ცრემლი დაღვარა... და არა მარტო ცრემლი.

 

„ნაცმოძრაობის“ ხერხემალი

 

მერაბიშვილი თითქმის ნახევარი წელია, ციხეშია და განაჩენს ელოდება. როგორც წესი, უმაღლესი რანგის ჩინოსნებისთვის ბრალის დამტკიცება ძნელია, რადგან კრიმინალური ბრძანებები ზეპირად გაიცემა და ამის დამადასტურებელი ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. ამიტომაცაა რთული მერაბიშვილის ბრალეულობის ფაქტობრივი გამოვლენა.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციური პარტია გახდა და ფსონი „ნაცმოძრაობის“ ხერხემალზე, მერაბიშვილზე დადო. „ვარდოსნებმა“ პარტიული რებრენდინგი დაიწყეს – გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილი დანიშნეს და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგნენ. ვანო პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებოდა პარტიაში, მაგრამ ძალიან მალე, მერაბიშვილი დააკავეს და „ნაცმოძრაობა“ უხერხემლოდ დარჩა. „ნაცმოძრაობის“ „თავს“, სააკაშვილს კი, საპრეზიდენტო ყავლი გაუვიდა და ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, აშშ-ში წავიდა.

ერთი სიტყვით, „ნაცმოძრაობა“ დღეს უხერხემულოდ და უთავოდაა დარჩენილი და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები რომც დაინიშნოს (რაზეც უკვე ლაპარაკია), „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, საერთოდ ვეღარ იარსებებს. მართალია, „ვარდოსანთა“ ელიტის თითზე ჩამოსათვლელი ლიდერები აქტიურობენ და თითქოს რევანშისთვისაც ემზადებიან, მაგრამ ეს მხოლოდ აუდიტორიისათვისაა განკუთვნილი – რაღაცით მაინც რომ მიიქციონ ყურადღება, ის ვარიანტია, ცოცხალი ძაღლი ჯობია მკვდარ ლომსო. „ვარდოსნების“ ლომის ტიტული კი, მერაბიშვილს უნდოდა და მეთოდურად მიიწევდა მის მოსაპოვებლად.

2000 წლის დასაწყისში, როდესაც „მოქკავშირის“ ახალგაზრდული ფრთა, ანუ ზურაბ ჟვანია, გია ბარამიძე, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ვაშინგტონში იყვნენ, სწორედ მერაბიშვილი აღმოჩნდა ყველაზე თამამი, რომელმაც „ვაშინგტონ პოსტ“-თან ინტერვიუში განაცხადა: „შევარდნაძე დაბერდა, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს“.

ახალგაზრდა და ამბიციური მერაბიშვილი დიდი პოლიტიკის ბებერ ლომს, შევარდნაძეს მსოფლიოს გასაგონად დაუპირისპირდა.

ქართულ ტელესივრცეში სკანდალებით შემოსულმა ახალმა ტელევიზიამ – „რუსთავი 2“-მა მერაბიშვილის ფრაზა აიტაცა და მის ავტორს პირველი პოპულარობა მოუტანა. მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფრით გამორჩეულმა ახალგაზრდა მერაბიშვილმა ქულები „აკრიფა“, მაგრამ მალევე ჩრდილში მოექცა, რადგან „მოქკავშირის“ ახალგაზრდა ლიდერები – ჟვანია, სააკაშვილი და ბარამიძე გააქტიურდნენ.

ძალიან მალევე, „მოქკავშირი“ გაიხლიჩა და ძლიერი ახალი პოლიტიკური ტალღა დაიძრა საქართველოში, რომელიც ძველსა და დრომოჭმულს დაუპირისპირდა. ახალმა ტალღამ ახალი ძველი ლიდერები – ჟვანია და სააკაშვილი წარმოაჩინა. მერაბიშვილი თავისი ორატორული ნიჭით თავს ვერ მოიწონებდა ქართული აუდიტორიეს წინაშე და კონკურენციას ვერ გაუწევდა ჟვანიასა და სააკაშვილს. ამიტომ, ჩრდილში ყოფნა ამჯობინა (დროებით) და სხვა დატვირთვა მისცა თავის პოზიციას – საჭირო პერსონა გახდა სააკაშვილისათვის. სწორედ სააკაშვილმა უწოდა პირველად მერაბიშვილს „ნაცმოძრაბის ხერხემალი“. ეს უკანასკნელი კი, თავის თავს რიგით ჯარისაკაცად თვლიდა...

ერთგული, გამრჯე, ჩუმი ვანო სავსებით ესადაგებოდა სააკაშვილის ამბიციებს. ნათქვამია, ცუდია ის ჯარისკაცი, რომელსაც გენერლობა არ უნდაო, მაგრამ სააკაშვილს ეს სიბრძნე არ გახსენებია და მთლიანად ხერხემალზე იყო მინდობილი, თუმცა მერაბიშვილს სააკაშვილზე ნაკლები ამბიციები როდი ჰქონდა და მიზნის მისაღწევად სულ სხვა გზა აირჩია.

 

მერაბიშვილის გზა

 

როგორ მივაღწიოთ წარმატებას? – უამრავი სახელმძღვანელოა ამ თემაზე და უამრავი რჩევაც. ერთ-ერთი რჩევა ასეთია: „აირჩიე რთული გზა, ამ გზაზე კონკურენტებს ვერ გადაეყრები!“ დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ მერაბიშვილმა რთული გზა აირჩია და მოთმინებით აღჭურვილი ემსახურა ჭირვეულ სააკაშვილს.

24 საათის განმავლობაში მერაბიშვილი სააკაშვილის განკარგულებაში იყო. ჰიპერაქტიურ პრეზიდენტს დღე და ღამე გათანაბრებული ჰქონდა და ნებისმიერ დროს (დღეს და ღამეს არ ჰქონდა მნიშვნელობა), თუ რამე საინტერესო აზრი მოუვიდოდა, მომსმენი და გამზიარებელი სჭირდებოდა. მერაბიშვილი იყო ის ადამიანი სააკაშვილის გარემოცვაში, რომელიც ყველა ამ პირობას აკმაყოფილებდა. მიშას აზრების საუკეთესო მსმენელი და გამზიარებელი იყო ვანო და თან ამას აკეთებდა იერარქიის სრული დაცვით.

ალბათ, ბევრს ახსოვს შალვა რამიშვილის ტელევიზია „202“ და ანიმაციური შარჟები სააკაშვილსა და მერაბიშვილზე: ნევრასტენიკი პრეზიდენტისა და მისი ყურმოჭრილი ბლუყუნა შინაგან საქმეთა მინისტრის დუეტით მთელი საქართველო ხალისობდა. შალვა რამიშვილი კი, იუმორისტული გადაცემების მეფედ ითვლებოდა. დიდხანს ვერ „იჯეჯილა“ შალვამ – ისეთი „გაუჩალიჩა“ მერაბიშვილმა, რომ კარგა ხნით ამოყო თავი ციხეში. მაშინ მერაბიშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტის მხოლოდ ჩრდილი იყო, მაგრამ გადიოდა დღეები, წლები, ჩრდილი ნელ-ნელა ხორცს ისხავდა.

როდესაც მერაბიშვილმა პრეზიდენტის სრული ნდობა მოიპოვა, მისი გარემოცვის კორექტირება დაიწყო. არასასურველი პირები დისტანციაზე გადაჰყავდა და მერე საერთოდ აშორებდა, ვინც თვალში არ მოსდიოდა, მას, უბრალოდ, აფუჭებდა. სწორედ ასე მოექცა ირაკლი ოქრუაშვილს...

„ხერხემალი“ მოქმედებდა ფრთხილად, კარგად გათვლილი სტრატეგიით და არ ჩქარობდა.

რამდენიმე წელიწადში, მერაბიშვილმა ყველაზე ჭკვიანი მინისტრის სტატუსი მოიპოვა და, რაც მთავარია, ამით კი არ გააღიზიანა და გადაიკიდა თანაგუნდელები, არამედ, მათში შიშისშემცველი მოწიწება გამოიწვია. ყურმოჭრილი ბლუყუნა მინისტრის პოზიციიდან მერაბიშვილი ისე ხავერდოვნად გადავიდა „ნაცმოძრაობის მოზგის“ პოზიციაზე, რომ თვით ზეამბიციურ სააკაშვილსაც კი არ გასჩენია პროტესტის გრძნობა.

სულ მალე, ბლუყუნა მინისტრს ახალი ეპითეტი – „კრეატიული“ ემატება, რადგან გამჭვირვალე არტიფაქტებს ქმნის: შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა, პოლიციის ახალი შენობები... ყველაფერი გამჭვირვალე და მოდერნისტულია. შემდეგ კი, კრეატიულს ემატება „რეფორმატორი“. ვანოს კრეატიულობაზე, გონიერებაზე, რეფორმატორობაზე წერენ რუსულ პრესაში, ძალიან ხშირად ჟურნალ „კომერსანტში“. ისე, საკითხავია, რატომ უყვარდა კრემლისგან მართულ რუსულ მედიას ვანო?!

მერაბიშვილის გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან რუსეთიდან. რუსეთის ტელევიზია მასზე დოკუმენტურ ფილმებს იღებს. ხშირად ისმის ფრაზა – „ვანო მერაბიშვილმა დაამარცხა კორუფცია ძალოვან სტრუქტურებში“.

 

ცხრა წლის ბოლოსკენ...

 

კარგად მახსოვს  ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო წერილი 2011 წლის შემოდგომაზე, რომელმაც სარკოზის ვიზიტი გადაფარა. დარწმუნებული ვარ, ეს წერილი ბევრს ახსოვს. საკმაოდ დიდ წერილში ვანო მერაბიშვილიც იყო ნახსენები, როგორც ერთადერთი ჭკვიანი მინისტრი „ნაცმოძრაობის“ ელიტაში. პრაქტიკულად, ივანე მერაბიშვილი „სავარდოსნოს“ უალტერნატივო ლიდერი გახდა და ისეთი მყარი პოზიციები ჰქონდა, რომ მომავალ პრეზიდენტად აღიქმებოდა.

ადამიანი მაინც ადამიანია და ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანიც შეიძლება მოდუნდეს, მოეშვას, დითირამბებით დატკბეს და იქნებ, ასეც დაემართა მერაბიშვილს (ჟურნალისტური ალღო და ინტუიცია მკარნახობს, რომ მერაბიშვილი არც მოდუნდება და არც საჯარო ცრემლს დაღვრის, თუ ეს არ სჭირდება)?!

და მაინც, ვინ ურჩია სააკაშვილს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და მის ადგილზე ბაჩო ახალაიას გადაყვანა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალაია დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს და მიყოლებით ხსნიდა მერაბიშვილის კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რა ხდებოდა „სავარდოსნოში?!“ – „ნაცმოძრაობის“ ხერხემალს ებრძოდნენ?

მერაბიშვილი კი, ახალი პოსტით კმაყოფილი ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე გამოხატავდა და საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ უმუშევრობას ისევე შეებრძოლებოდა, როგორც კრიმინალს ებრძოდა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს.

ყველამ კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების დროს. სწორედ ვანო მერაბიშვილი აგებინებდა მიშას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს!  თავისთავად ჩნდება შეკითხვა – მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ძალიან ძლიერი მოთამაშე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და „ნაცმოძრაობა“ სერიოზული სარფხთის წინაშე დადგა, სააკაშვილმა რატომ გადააადგილა მერაბიშვილი?

შემდეგ რაც მოხდა, ვიცით – „ნაცმოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო. მერაბიშვილი რომ დარჩენილიყო შინაგან საქმეთა მინისტრად, „ნაცმოძრაობა“ მაინც წააგებდა არჩევნებს და იქნებ, ეს იცოდა კიდეც მერაბიშვილმა?! შეკითხვები ბევრია...

 

ცხრა წლის შემდეგ...

 

ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა და... ბაჩო ახალაია დააკავეს. თუ ადრე კულუარებიდან ვიცოდით, რომ ახალაია და მერაბიშვილი დაპირისპირებულები იყვნენ, ბაჩოს დაკავების შემდეგ ეს დაპირისპირება საჯარო გახდა. ახალაიას კლანი, თურმე, მართლა ებრძოდა მერაბიშვილს და ეს „ნაცების“ საჯარო განცხადებებიდან გახდა ცნობილი.

სააკაშვილი ახალაიას თანაუგრძნობდა და პრეზიდენტობის პოსტის დატოვებამდე შეიწყალა კიდეც – როგორც პრეზიდენტს, ამის უფლება ჰქონდა და გამოიყენა ახალაიასთან მიმართებაში.

რაც შეეხება მარაბიშვილს, სააკაშვილი მის დასაცავად არც სიტყვით გამოსულა და არც საქმით გაუკეთებია რამე.

დღეს, „ნაცმოძრაობისათვის“ ვანო მერაბიშვილი ის ხავსია, რაზეც წყალწაღებულს მოკიდება უნდა. „ნაცმოძრაობის“ ყველა მცდელობა, როგორმე წონასწორობა შეინარჩუნოს პოლიტიკურ სივრცეში, განწირულია სრული კრახისათვის, რადგან სწორედ იმ ხერხემალშია გადატეხილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ჰქვია. ვანო მერაბიშვილი კი, საიდუმლოებით მოსილი ადამიანია და, რაც ყველაზე საინტერესო და, შეიძლება ითქვას, ფენომენალურია: ყველა საიდუმლო მისია, მის გარდა არავინ იცის...

ვანოს ცრემლს მინდა დავუბრუნდე: ციხე ზოგიერთისთვის კათარზისია, თუ ვანოც განიცდის კათარზისს, მაშინ აუცილებლად უნდა დაწეროს მემუარები, გულწრფელი აღსარება გულწრფელი ცრემლებით და ყველა თავისი საიდუმლო თავადვე ამხილოს. დარწმუნებული ვარ „ვანოს მემუარები“ ბესტსელერი გახდება, მრავალ ენაზეც ითარგმნება... მართალია, ძალიან ძნელი და რთულია ამის გაკეთება, მაგრამ თუ რთულ გზას ირჩევ, ბოლომდე უნდა გაიარო. ცხოვრება ხომ დიდი სუპერმარკეტია და თუ რაც გ ინდა, ყველაფერს იღებ, უნდა გადაიხადო კიდეც.

 

P. S. თებერვლის სასამართლო სხდომაზე, სადაც ნინო ბურჯანაძემ ჩვენება 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მისცა, ვანო მერაბიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, „2007 წლის აქციის დაშლის ინიციატორი ბადრი ბიწაძე იყო“.

 

მარიკა კახაძე

გაზეთი „ქართული სიტყვა“

07.02.2014 წ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016