უახლოეს 3-4 კვირაში სამთავროს დედათა მოსანტერში, წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და წმინდა ნაწილების ამოსვენება საზეიმო ვითარებაში მოხდება. წმინდანს სამთავროს დედათა მოსანტრის მთავარ ტაძარში დაკრძალავენ.
მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, დედა პარასკევას მცირე კელიის დემონტაჟიც მოხდება, რომლის ირგვლივაც ბოლო დღეებში ინფორმაციები ვრცელდებოდა. მისი თქმით, ეს სწორედ საფლავის გახსნისთვის მზადებას უკავშირდება.
„გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კელიის დემონტაჟიც ამ საკითხს უკავშირდება. ამან ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედა პარასკევა იყო საპატრიარქოში. მისი უწმინდესობა გაესაუბრა მას და არანაირი კითხვები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, - დასძინა მამა მიქაელმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2012 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)