სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე თავმდაბლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, ხშირია, როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს. პატრიარქის თქმით, საკუთარი ცოდვების განცდა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ.
„ ხშირია, როდესაც ადამიანი სჩადის ცოდვას და ვერ გრძნობს, რომ ეს ცოდვაა. ლოცვაში წერია — უფალო მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა“, — ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა მადლობა უნდა შესწირონ უფალს ყველაფრისთვის, რაც მათ აქვთ. „ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, იმ სიხარულის, მწუხარების თუ განსაცდელისთვის, რასაც გვიგზავნის. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განსაცდელს გვაძლევს, რათა სულიერად გავძლიერდეთ“, — ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მომავალ შაბათს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს, პარასკევს საღამოს კი ასევე სამებაში ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება.