სექტორის აღრიცხვისა და ანგარიშგების თემაზე საერთაშორისო სემინარი იმართება. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს Pempal-ის კონფერენციას, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის სფეროში სამი მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ბიუჯეტის, ხაზინის და ბუღალტრული აუდიტის, ასევე შიდა აუდიტის მიმართულებით.
„საერთაშორისო კონფერენცია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ეძღვნება. ჩვენ გავუზიარებთ გამოცდილებას და იმედია, მივიღებთ საინტერესო შენიშვნებს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას", - განაცხადა ხადურმა.
კონფერენციაზე საქართველოს მხარეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური წარმოადგენს. ღონისძიებაში ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელები და საფინანსო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციის ხარჯები Pempal-ის პროგრამის ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოს სახელმწიფო ხაზინისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რესტორან "ფუნიკულიორში" სტუმრებისთვის ოფიციალური სადილი გაიმართება, ასევე ყველა სტუმარს სახელმწიფო ხაზინისგან საჩუქრად გადაეცემა ერთი ბოთლი "საფერავი".
პროგრამა Pempal-ი მსოფლიო ბანკმა 2005 წელს დააფუძნა და მისი მიზანია სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამა ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.