საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე დისკუსია გამართა. დისკუსიას ბიზნესის, მთავრობის და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონცეფციაში ასახულია ბიზნესსექტორის დიდი ნაწილის ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა 2014-2020 წლებში.
როგორც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასოციაციამ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა, რომ შექმნილიყო ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ეკონომიკური კონცეფცია.
„ჩვენ დოკუმენტში წარმოვადგენთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომელიც წარმოგვიდგენია, რომ მომავალი 7 წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ქვეყანა განვითარდეს და ეკონომიკა გაიზარდოს. ჩვენი სურვილი და პროგნოზია, რომ ეკონომიკური ზრდა არანაკლებ 7%-ის იყოს, ხოლო ეკონომიკა გაიზარდოს ერთ სულ მოსახლეზე 8500 დოლარამდე 2020 წლისთვის", - განაცხადა ჭირაქაძემ.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ. მისი თქმით, წარმოდგენილ კონცეფციაში ასახულია ბევრი ის საკითხი, რაც მთვარობის სტრატეგიაშია გაწერილი.
„ჩვენ ერთმანეთთან გვქონდა კონსულტაციები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ კონცეფციაში ბევრი ისეთი საკითხი იყო, რაც მთავრობის სტრატეგიაშია და ძირითადი საკითხები ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ძალიან სასიამოვნოა, რომ ბიზნესი და მთავრობა ერთნაირად ფიქრობს რიგ საკითხებზე. ვაგრძელებთ კონსულტაციებს და ვფიქრობ, ეს კონცეფცია კარგი საფუძველია იმისთვის, რომ მთავრობამ განახორციელოს მომავალი ქმედებები, შეიმუშავოს გეგმა, რომელიც ამ კონცეფციასთან და მთავრობის სტრატეგიასთან შესაბამისობაში იქნება", - განაცხადა ლეჟავამ.
კომპანია „wissol"-ის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კი აცხადებს, რომ ბიზნეს ასოციაციის კონცეფციის გათვალისწინება ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილობასა და სამუშაო ადგილების გაზრდას შეუწყობს ხელს, ასევე გაიზრდება საინვესტიოციო პოტენციალი.
„დოკუმენტი ძალინ საინტერესოა და ძალინ ეფექტურია. რაც ბიზნესს ახასიათებს - არის ძალიან პრაგმატული. შეიცავს 5 მთავარ სტრატეგიულ ამოცანას და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიის გათვალისწინება მოხდება, ქვეყანაში უფრო მეტი ეკონომიკური სტაბილურობა იქნება, გაიზრდება საინვესტიციო პოტენციალი, რაც პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების გაზრდას და დასაქმებას", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.