reportiori.ge - "მე დავწერე ჟვანიაზე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი!"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:38
ინტერვიუ
"მე დავწერე ჟვანიაზე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი!"
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 00:32

"შსს-სა და პროკურატურას აქვთ ჟვანიასა და იუსუპოვის გვამების პირველადი  ექსპერტიზის ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს..."

"ჩაჩუა ალბათ იმასაც ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილი მასზე უკეთესი ექსპერტია"

ხათუნა ხოფერია: "უბედურ შემთხვევას გამოვრიცხავ, დარწმუნებული ვარ, ზურა ნამყოფიც კი არ არის იმ ბინაში"

"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი"



2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დაიწყო და დღემდე ამტკიცებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. ვიდრე გაირკვევა, მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ექსპრემიერი, გავიგოთ, რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში. 
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან, რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამების პირველადი ექსპერტიზა ჩაატარა და ირწმუნება, რომ ჟვანიას გვამს ძვლოვანი ტრავმა არ ჰქონია. ბატონი ლევანი იმხანად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ:

- კარგი იქნება, თUუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ექსჰუმაციის შემთხვევაში, მოწამვლის დადგენა შესაძლებელია? 
- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით  CO-ს არსებობას ადგენდეს. შვეიცარიაში თუ ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდები არსებობს, არ ვიცი. 
ამ რანგის ექსპერტიზა საქართველოში არ ჩატარებულა. 
ერთადერთი, რაც ექსჰუმაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. ათი საუკუნეც რომ გავიდეს, გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა.

- რა წერია თქვენს დასკვნაში?
- ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და  FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.

- შესაძლებელია თუ არა CO -თი მოწამვლის ხელოვნურად გამოწვევა? 

- COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. სწორედ იმ დღეებში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სამხედრო ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებობს სითხე, ხუთვალენტიან რკინასთან შეკავშირებული ნახშირჟანგი, რომლის 2 მლ საკმარისია, რომ ზუსტად ისეთი შედეგი დადგეს, რაც ჟვანიას შემთხვევაში. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!

- ალბათ, არ მიწყენთ, თუ შეგახსენებთ, რა გზით მოიპოვებოდა წინა რეჟიმის დროს ექსპერტიზის სასურველი დასკვნები. თქვენზეც ხომ არ ყოფილა ზეწოლა?

- არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული. 

- ოპერატორების გარდა ვინ ესწრებოდა ექსპერტიზას და რატომ?
- რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა. 

- მაშინდელ სატელევიზიო ვიდეოფირში ჩანს, რომ ამ საკითხზე კომენტირებისას გურამ დონაძე მუდმივად დაგყვებოდათ. რატომ?
- რა ვიცი, რას გაიგებ, რა ედო გუნებაში, ალბათ, იმისთვის, რომ კომენტარები ლაკონიური ყოფილიყო, თუმცა, ეს არ მოუთხოვია. პროზექტურიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებს პირველი ინტერვიუ მივეცი და დონაძე ნამდვილად გვერდით მედგა. ორივე გვამი ზედიზედ გამოვიკვლიეთ და დაახლოებით საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, მორგიდან რომ გამოვედით. ვთქვი, რომ პირველადი გამოკვლევით საქმე გვაქვს CO-თი მოწამვლასთან და არავითარი ტრავმის ნიშნები არ აღინიშნება-მეთქი. 

- ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა თქვენი ექსპერტიზის ბიუროს იმჟამინდელ უფროსს, ლევან სამხარაულს  FBI-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებაში? როგორც ვიცით, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ გაზის გამათბობელი გამართულად მუშაობდა და CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის, ანუ ჟვანია და იუსუპოვი ბუნებრივი აირით არ გაგუდულან. 
- ექსპერიმენტი ჩატარდა შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ და ოთახში ნახშირჟანგი აღარ დაგროვდა, მაგრამ ერთი წუთით თავი დავანებოთ ჟვანიას შემთხვევას, საქართველოში ბოლო ხანს ირანული "ნიკალათი" გარდაცვლილი 500-ზე მეტი გვამია გამოკვლეული. ტექნიკური გაუმართაობის გარდა, შეიძლება სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს CO.  ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ მწყობრიდან გამოსვლის ბრალი. ბატონ ლევანს ვუთხარი, ექსპერიმენტის დროს შესაძლებელია, იგივე შედეგი არ მიიღოთ-მეთქი და ვერც მიიღეს. ამერიკელებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ექსპერიმენტის დროს  CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის.

- ამ ამბიდან სამ თვეში მოკლეს ლევან სამხარაული. საზოგადოების ნაწილი დღემდე ეჭვით უყურებს ამ ფაქტს და ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას უკავშირებს. 

- ზუსტად ვიცი, რომ ლევან სამხარაული თანაკლასელმა, დავით მჭედლიშვილმა მოკლა. ლევანი ზურა ადეიშვილისთვის უძვირფასესი ადამიანი იყო, უმცროს ძმასავით ჰყავდა და როგორ ფიქრობთ, სამხარაულმა ჟვანიაზე რაღაც გაარკვია და ადეიშვილმა ის მოაკვლევინა? ჩემი აზრით, ეს აბსურდია. მკვლელობის დღეს, 2005 წლის 22 მაისს, ლევანს თან ახლდა ვაკის პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც მკვლელმა მძიმედ დაჭრა. რისთვის უნდა მოეკლათ სამხარაული, რომელიც პირადად არც ერთი ექსპერტიზის ჩამტარებელი არ იყო? მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი.

- დასკვნა ხელისუფლებისათვის მისაღები იყო და თქვენ რატომ უნდა მოეკალით? 
- აბა, სამხარაული რას დაწერდა? ექსპერიმენტის შედეგი სამხარაულმა კი არა, FBI-მ იცოდა. დამიჯერეთ, ექსპერტიზის სამსახურის უფროსი იქნება თუ რიგითი ექსპერტი, გამოძიების გარეშე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებს. სამხარაულის შემთხვევა ტრაგედიაა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა ჩაიდინა და დაამთავრა კიდეც სიცოცხლე თვითმკვლელობით.

- თქვენი აზრით, რატომ გაჯანჯლდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება და როდის გაიგებს სიმართლეს საზოგადოება? 
- არ ვიცი, რა გითხრათ. მხოლოდ დაპირება გვესმის - გაიხსნება, გაიხსნება... 30 წელი ვიმუშავე პრაქტიკულ ექსპერტიზაში და ჩემი გამოკვლეული არც ერთი გვამი საექსჰუმაციო არ გამხდარა. ამჯერად კი მინდა, ყველაფერი გაკეთდეს, რათა კითხვის ნიშნები მოიხსნას. ნახევარ საქართველოს სასაცილოდ არ ჰყოფნის ექსპრემიერის  CO-თი მოწამვლა, არადა, ფაქტია, ასე მოხდა. პროკურატურამ ოჯახს მაინც აჩვენოს ექსპერტიზის დროს გადაღებული ფირები. ოჯახის, ერისა და საქართველოს ისტორიის წინაშე ვაგებ პასუხს ჩემს დასკვნაზე. ახალი ექსპერტიზა ხალხს დაარწმუნებს მხოლოდ იმაში, რომ გვამზე არ არის ძვლოვანი ტრავმა. ახალი ექსპერტიზის შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პირველადი ექსპერტიზისა, რომელიც მე ჩავატარე.

ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუს შემდეგ კომენტარისთვის ზურაბ ჟვანიას ოჯახს დავუკავშირდით, თუმცა ექსპრემიერის ძმამ, გოგლა ჟვანიამ გვითხრა, რომ არავის განცხადებაზე კომენტარს აღარ აკეთებს და სიმართლეს მალე გაიგებს საზოგადოება.

იაშარ იუსუპოვი, რაულ იუსუპოვის  მამა:
 - ეგ კაცი გაქანებული "ნაციონალი" იქნება... გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს. მალე ყველაფერს გაიგებთ. ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ რაულის გვამს ჰქონდა დაზიანებები, აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს კაცი რას ლაპარაკობს, არ მაინტერესებს.


ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი:
 - დაკრძალვის დილას ზურას მაკიაჟი მე გავუკეთე და ვნახე, რომ კეფაზე ნაკერი და მარჯვენა მხარეს ღრმა ჭრილობა ჰქონდა. არ ვიცი, ტრეპანაციის დროს კვეთა როგორ კეთდება, მაგრამ რაც ვნახე, იმას ვამბობ. ტუჩის მარცხენა მხარესაც ჰქონდა შესამჩნევი დაზიანება. 


ბატონი ჩაჩუა ალბათ იმასაც ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილი მასზე უკეთესი ექსპერტია, რომელმაც ზუსტად ნახევარ საათში დადო დასკვნა, თითქოს ზურა CO-თი იყო მოწამლული. მთელმა საქართველომ ნახა, მაშინვე რომ გამობრძანდა ექსპერტიზის თანამშრომელი ქალბატონი და გარდაცვლილების სისხლში ცო-ს პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა. მომდევნო საღამოს ეს მაჩვენებელი უკვე გასამმაგებული იყო(!).

ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, სააკაშვილის ჩათვლით, გამოძიებით ძალზე შეშფოთებული არიან, ახალ-ახალ ვერსიებს ავრცელებენ, მუდმივად იმუქრებიან... მე უბედურ შემთხვევას გამოვრიცხავ, დარწმუნებული ვარ, ზურა ნამყოფიც კი არ არის იმ ბინაში. არ არსებობს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახი არ გაენიავებინა. ვინც ზურას იცნობდა, იცოდა, რომ სიგარეტის ყველა ღერის მოწევის შემდეგ ოთახს ანიავებდა. ან სად არის მისი თითის ანაბეჭდები? კიდევ ბევრი რამ არის საეჭვო. 

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კონფლიქტის შემდეგ რამე დაუზიანეს და რომ მიხვდნენ, სხვა გზა არ ჰქონდათ, რაღაც მომაკვდინებელი შეუყვანეს. კარგად მახსოვს, რაულ იუსუპოვი დაკრძალულიც არ იყო, მამამისმა რომ განაცხადა, გვამს მკერდის არეში ნანემსრები ჰქონდაო.

რაულის ოჯახმა გვამი დაათვალიერა. ჩვენ კი ისეთი შოკირებული ვიყავით, ამაზე არც გვიფიქრია.

ნანა ფიცხელაური

 

"კვირის პალტრა"

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016