reportiori.ge - დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელი უცნაურობები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:46
სხვადასხვა
დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელი უცნაურობები
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 15:52

 

იოსებ სტალინი

სტალინს უბრალოდ და სადად ჩაცმა უყვარდა, თუ რომელიმე ჩასაცმელს მიეჩვეოდა, გაცვეთამდე ხმარობდა. „გამოსასვლელად,ბევრგან ტყავგამსკდარი, ძირებგაცვეთილი ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა, ჯერ კიდევ ომამდელი - იხსენებს ბელადის დაცვის წევრი ა. ს. რიბინი - ყველა უხერხულად გრძნობდა თავს, რომ სტალინი სამსახურში, მიღებებზე, თეატრში თუ სხვა საზოგადო ადგილებში ამგვარი ფეხსაცმლით დადიოდა. დაცვის წევრებმა მოილაპარაკეს  და ახლები შეაკერინეს. ღამით მატრიონა ბუტუზოვამ დივანთან დაუწყო, ძველები კი გადამალა"... თუმცა ხერხმა არ გაჭრა. გამოღვიძებულმა გენმდივანმა ნამდვილი სკანდალი მოაწყო და ძველი ფეხსაცმლის დაბრუნება მოითხოვა, რომელიც ლამის სიკვდილამდე ეცვა.

 

სტალინს საუბრისას წინ და უკან სიარული სჩვეოდა. ამასთან მსმენელს ზურგს თუ შეაქცევდა ან დაშორდებოდა, ხმას არ აუწევდა. თანამშრომლებს სამარისებური სიჩუმე უნდა შეენარჩუნებინათ, რომ რამე არ გამორჩენოდათ. როგორც ყვებიან, ხანგრძლივი თათბირების მერე, ადამიანები დაძაბულობისგან ფეხზე ძლივს იდგნენ, იმდენად დიდი იყო შიში, რომ შეიძლებოდა რაიმე მნიშვნელოვანი გამორჩენოდათ. მიზეზი კი უბრალო იყო: ბელადს პოლიართრიტი აწუხებდა და ხანგრძლივი ჯდომისას ტკივილები უძლიერდებოდა.

 

 

 

სალვადორ დალი

 

დიდი ფერმწერი და ცნობილი სკანდალისტი ყველანაირად ცდილობდა ექსტრავაგანტური ყოფილიყო. უბრალო ესპანური ჩვეულება, სადილის შემდეგ ძილიც კი სურეალისტურ ყაიდაზე მოაქცია. დალი ამას „წამიერ სიესტას“ ეძახდა: ჯდებოდა სავარძელში, მარცხენა ხელში დიდ სპილენძის გასაღებს დაიკავებდა, მარცხენა ფეხთან გადაბრუნებულ მეტალის თასს იდგამდა და ამ პოზაში ცდილობდა დაძინებას. როგორც კი დაიძინებდა, გასაღები ხელიდან უვარდებოდა და ხმაურზე იღვიძებდა. დალი ამტკიცებდა, რომ ეს წამიერი ჩათვლემა სიხალისეს და ენერგიას მატებდა. შესაძლოა ეს მართალიც იყოს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პირველი – თვლემის ფაზიდან მეორე – ღრმა ძილის ფაზაში  გადასვლის დროს ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალი იხსნება და შესაძლოა, პრობლემის სრულიად მოულოდნელ გადაწყვეტას მიაგნოს; ამისთვის კი საჭიროა ვინმემ დროულად გამოაღვიძოს.

 

 

 

ისააკ ნიუტონი

 

მეგობრებთან მიმოწერისას დიდი ფიზიკოსი უძილობას უჩიოდა, რისი მიზეზიც საღამოობით ბუხართან სავარძელში დაძინება ყოფილა. ამ მდგომარეობაში შუაღამისას გამოღვიძებულს, საწოლში გადასვლა აღარ შველოდა: ნორმალური ძილი გამორიცხული იყო.

 

 

 

ფრიდრიხ შილერი

უკუღმართი ჩვეულებებით დიდ გერმანელ პოეტსა და ფილოსოფოსს ფრიდრიხ შილერს, ალბათ ვერავინ შეედრებოდა. შილერი ვერ წერდა, თუ მისი საწერი მაგიდის უჯრები არ იყო სავსე... დამპალი ვაშლებით.

 

 

შილერის მეგობარი გოეთე იხსენებდა: „ერთხელ ფრიდრიხის სანახავად მივედი, სადღაც გასული დამხვდა და მეუღლემ მთხოვა მის სამუშაო კაბინეტში მომეცადა. სავარძელში მოვკალათდი, მაგიდას დავეყრდენი და უეცრად გულისრევის შეგრძნებამ შემაწუხა. მაშინვე ღია ფანჯარას მივაშურე, რომ სუფთა ჰაერი მესუნთქა. თავიდან ვერაფერი გავიგე, მერე კი მივხვდი, რომ მიზეზი მკვეთრი სუნი იყო. მალე ამ სუნის წყაროსაც მივაკვლიე: მაგიდის უჯრაში თორმეტამდე დამპალი ვაშლი იდო! მსახურებს ვუხმე, რათა ეს საზიზღრობა გადაეყარათ, მაგრამ მითხრეს, ვაშლები მანდ შეგნებულად ალაგია, რადგან ბატონი სხვაგვარად მუშაობას ვერ ახერხებსო. მალე ფრიდრიხი დაბრუნდა და მათი ნათქვამი დაადასტურა“.

 

 

 

ალექსანდრე სუვოროვი

 

გამოჩენილი მხედართმთავარი ბეღურასავით იყო: გათენებამდე დგებოდა- ღამის ორ, სამ საათზე, ცივი წყლის შხაპს იღებდა, საუზმობდა და თუ ეს ომისას ხდებოდა პოზიციებს ათვალიერებდა, მამალივით ყიოდა და ჯარისკაცებს აღვიძებდა. დილის 7 საათზე გრაფი სადილობდა, საღამოს 6-ზე კი დასაძინებლად წვებოდა.

 

 

 

რიჰარდ ვაგნერი

 

ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ დიდი გერმანელი კომპოზიტორი მუსიკას უჩვეულო ვითარებაში წერდა: გარშემო აბრეშუმის ბალიშებს და ყვავილების ფურცლებით სავსე ლარნაკებს ილაგებდა, კაბინეტის კუთხეში მდგარ აბაზანაში კი მთელ ფლაკონ ოდეკოლონს ასხამდა. ზოგი მკვლევარი მისი ჩაცმის ინტიმურ მხარეზეც საუბრობს: მაგალითად, აბრეშუმის საცვლების ხმარება. თავად გენიალური კომპოზიტორი ამას იმით ხსნიდა, რომ ჩვეულებრივი თეთრეული კანს უღიზიანებდა და ანთებით გამოწვეული ტკივილები ტანჯავდა.

 

 

 

ნაპოლეონ ბონაპარტე

ფრანგ მხედართმთავარს მანიაკალურად უყვარდა ცხელი წყლის აბაზანები. მშვიდობიან პერიოდში დღეში რამდენჯერმე იღებდა პროცედურებს. სპეციალური მსახური ყურადღებას აქცევდა, რომ წყლის ტემპერატურას არ დაეკლო. ნაპოლეონი საათობით იწვა აბაზანაში, კარნახობდა წერილებს და ღებულობდა მნახველებს. სამხედრო ექსპედიციებში საველე აბაზანა დაჰქონდა. სიცოცხლის ბოლოს, წმ. ელენეს  კუნძულზე, დამხობილი იმპერატორი თითქმის მთელ დღეს აბაზანაში ატარებდა. ჰიგიენისა და სიამოვნების გარდა ნაპოლეონი ცხელი წყლით ჰემაროით გამოწვეულ ტკივილებს იამებდა, რომელიც ახალგაზრდობიდან სტანჯავდა.

 

ბონაპარტეს კიდევ ერთი ახირება, ჩქარი და უყურადღებო ჭამა იყო. საჭმელს მარტო მიირთმევდა, თუ ვინმე ამ დროს ოთახში იმყოფებოდა (მეუღლე, შვილი, მთხოვნელები), როგორც წესი, იმპერატორი მათ მაგიდასთან არ იწვევდა. ნაპოლეონი ითხოვდა, რომ ყველა კერძი ერთდროულად მიერთმიათ და ერთბაშად ყველა თეფშიდან ჭამდა, განურჩევლად იმისა, წვნიანი იყო, შემწვარი თუ დესერტი. ჩვეულებრივ საუზმე ათ წუთზე მეტს არ გრძელდებოდა.

 

თავის ცნობილ სამკუთხა ქუდს არასდროს იშორებდა, თუმცა მათ ხშირად იცვლიდა, რადგან გაბრაზებისას მიწაზე ანარცხებდა და ზედ ფეხებით დგებოდა; ამასთან ფეტრის ქუდი წვიმაში მალე სველდებოდა და სიმძიმისგან ფორმას კარგავდა.

 

 

 

ტრუმენ კაპოტე

 

კაპოტე თავის თავს „ჰორიზონტალურ მწერალს“ ეძახდა. პროდუქტიული მუშაობისთვის სამი რამ სჭირდებოდა: დივანი, ყავა და სიგარეტი. დღის მეორე ნახევარში ყავას ერთი ჭიქა ბრენდი ან ვისკი ენაცვლებოდა. წამოწოლილი კაპოტე წერდა უბრალო ფანქრით ქაღალდზე- საბეჭდ მანქანას პრინციპულად არ ცნობდა.

 

 

 

გოეთე

 

გოეთე ყოველ დღე ბანაობდა მისი სახლის გვერდით ჩამდინარე მდინარე ილმში. ძილის წინ აუცილებლად აღებდა ფანჯარას, ან სულაც ვერანდაზე იძინებდა. ეს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვეები ორპირ ქარს ჯანმრთელობის უპირველეს მტრად მიიჩნევდნენ.

 

 

 

ალბერტ ეინშტეინი

 

დიდი მეცნიერი არასდროს ატარებდა წინდებს. ამბობდა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თან ძალიან მალე ნახვრეტები უჩნდებაო. ოფიციალურ შეხვედრებზე ეინშტეინი მაღალყელიან ბათინკებს იცმევდა, რათა მისი ეს ჩვეულება არავის შეემჩნია.

 

 

 

ჰენრიხ იბსენი

 

ნორვეგიულ დრამატურგსაც საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა თავის მუზასთან. მუშაობისას იბსენი პერიოდულად უყურებდა შვედი დრამატურგის ავგუსტ სტრინბერგის პორტრეტს, რომელსაც ჭირის დღესავით ვერ იტანდა. დიდად შვედსაც არ ეხატებოდა გულზე ნორვეგიელი და პლაგიატობაში ადანაშაულებდა. იბსენი თავის მხრივ სტრინბერგს ფსიქოპატად მიიჭნევდა და ამას გარკვეული საფუძველიც ჰქონდა. ავგუსტს ეჩვენებოდა, რომ მუდმივად ვიღაც უთვალთვალებდა. ზოგჯერ მკვეთრად შემობრუნდებოდა, ჯიბიდან დანას იღებდა და უხილავ მტერს უღერებდა. როდესაც იბსენს მეგობრები ეკითხებოდნენ კედელზე სტრინბერგის სურათი რატომ გიკიდიაო, ის პასუხობდა: „ერთ სტრიქონსაც ვერ ვწერ, თუ ამ გიჟის თვალებს არ შევხედე!“

 

 

მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016