reportiori.ge - ცნობილი ადამიანების უცნაურობები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:02
სხვადასხვა
ცნობილი ადამიანების უცნაურობები
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 13:48



ბენჯამინ ფრანკლინი

 

აშშ-ს მამა-დამაარსებელს დილაადრიან ადგომა უყვარდა (დილის 5 საათზე ფეხზე იყო) სუვოროვივით და ცხელი აბაზანები ნაპოლეონივით.

 

 

ფრანკლინი აბაზანაში მუშაობდა – წერდა სამეცნიერო და პუბლიცისტურ სტატიებს და ერთხელაც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაწერა. სერ ბენჯამინი ჰაერის აბაზანებიც მიღებაზეც არ ამბობდა უარს, შიშველი იჯდა და ჩაჰკირკიტებდა ტექსტებს.



ალექსანდრე პუშკინი

 

 

ყველასთვის ცნობილია, რომ ალექსანდრ სერგეევიჩს უყვარდა ხელნაწერებში ხატვა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ დროს ბევრ ლიმონათს სვამდა. „ღამით მუაშობა თუ უწევდა, ლიმონათს იმარაგებდა“ – იხსენებდა პოეტის კამერდინერი ნიკიფორ ფიოდოროვი. თავგადაკლული დუელიანტი, საოცრად ცრუმორწმუნე გახლდათ, სჯეროდა მკითხაობის და დარწმუნებული იყო, რომ ქერა კაცის ხელით მოკვდებოდა. პუშკინი მძიმე, რკინის ხელჯოხით დადიოდა: თუ დუელში გასვლა მომიწევს, ხელი მტკიცე რომ მქონდეს და არ ამიკანკალდესო, - ამბობდა.


ლევ ტოლსტოი

 

მისი თანამედროვეები მიიჩნევდნენ, რომ ლევ ნიკოლაევიჩი თავისი რელიგიური იდეების გამო ჭკუიდან შეიშალა და ამიტომაც დადიოდა ჯვალოებში გამოწყობილი და ათასი ჯურის ხალხთან ურთიერთობდა. თუმცა იასნოპოლიანელი გრაფი ხვნა-თესვისადმი თავის მისწრაფებას იმით ხსნიდა, რომ უმოძრაობას ვერ იტანდა. თუ ტოლსტოი დღის მანძილზე ერთხელ მაინც არ გამოვიდოდა სახლიდან, საღამოს ძალიან გაღიზიანებული იყო, ხოლო ღამე საერთოდ ვერ იძინებდა. ცხენზე ჯდომა არ უყვარდა, ტრენაჟორები იასნაია პოლიანაში კიდევ ასი წლის მანძილზე არ იქნებოდა და მწერალსაც სავარჯიშოდ ცელი და გუთანი რჩებოდა.

 

 

 

განსაკუთრებით უჭირდა შემოდგომა-ზამთარში, თუმცა გამოსავალი აქაც მოძებნა. ყოველ დილით ეზოში გამოდიოდა და შეშას ჩეხავდა, მერე კი ციგით წყალი მოჰქონდა. ტოლსტოი ღრმა სიბერემდე არავის ანებებდა ამ სამუშაოს შესრულებას.


ვიქტორ ჰიუგო

 

ფრანგი კლასიკოსი მართლაც უცნაური და ექსტრავაგანტური ჩვევებით გამოირჩეოდა: ხშირად სრულიად შიშველი წერდა. ეს ერთგვარი ფანდი, გნებავთ საკუთარი თავის შანტაჟი იყო. მსახურს აძლევდა ტანსაცმელს და უბრძანებდა არაფრისდიდებით არ დაებრუნებინა; ამით გარეთ გასვლისა და მუშაობისგან მოწყვეტის საშუალებას ისპობდა. შინაპატიმრობა გარკვეული, წინასწარ დათქმული სამუშაოს შესრულების შემდეგ წყდებოდა.

 

 

 

შიშველ მდგომარეობაში წერა მხოლოდ ვიქტორ ჰიუგოს არ ახასიათებდა. როგორც უკვე მოგახსენეთ მსგავსი უცნაურობა ბენჯამინ ფრანკლინსაც სჭირდა და როგორც ამბობენ, არც ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა ამაზე უარს.


მაო ძე დუნი

 

დიადი ჩინელი უბრალო გლეხურ ჩვეულებას არ ღალატობდა, კბილების გამოხეხვაზე უარს ამბობდა და ჩინური ხალხური ტრადიციის თანახმად ყოველ დილით მწვანე ჩაის ივლებდა პირში; თუმცა ამან სავალალო შედეგამდე მიიყვანა, კბილებზე მომწვანო-სპილენძისფერი ნადები გაუჩნდა, ხოლო ღრძილები პაროდონტოზით დაუავადდა...

 

 

 

ვინაიდან ცნობილი ჰოლივუდური ღიმილი კომუნისტური იდეოლოგიისთვის დიდად მისაღები არ იყო, აღლუმებზე და მიღებებზე ჯოკონდას მსგავსად ტუჩის კუთხეებით იღიმებოდა და საკუთარი კბილების ფერი სულაც არ ანაღვლებდა.


ონორე დე ბალზაკი

 

 

„ადამიანური  კომედიის“ ავტორი მხოლოდ ღამით წერდა და ყავის დიდი მოყვარული იყო. „როგორც კი ყავა კუჭში მოხვდება, ორგანიზმი ცოცხლდება, აზრები ამოძრავდება და ქაღალდი მელნით იფარება“... წერდა ბალზაკი. უნდა დავამატოთ, რომ მის ხელნაწერებს მელნის გარდა ყავის ჭიქის ნაკვალევიც ეტყობოდა. გვერდით ედგა სპირტქურა და ყავას იქვე იხარშავდა. მას შეეძლო გადაბმით 48 საათი ემუშავა; ექიმები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიც – გულმა ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლო.


თომას ედისონი

 

 

დიდი გამომგონებელი მეგობრებთან ტრაბახობდა ღამე მხოლოდ 4 საათი მძინავსო. ერთის მხრივ ეს მართალი იყო: ედისონი ლოგინში ამაზე მეტ დროს არ ატარებდა; თუმცა ერთი ჩვეულება ჰქონდა, შეეძლო დღის მანძილზე რამდენჯერმე სრულიად უცნაურ ვითარებაში დაეძინა: სავარძელში, ლაბორატორიის მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილს, კარადაში და ა.შ. ასეთი ძილი ნახევარ საათს გრძელდებოდა, მაგრამ იმდენად ღრმა იყო, რომ მისი გაღვიძება შეუძლებელი ხდებოდა.


ალექსანდრე დიუმა – მამა

 

ფრანგ მწერალს მართლაც რომ უჩვეულო ახირება ჰქონდა: ყოველ დღე, დილის 7 საათზე ტრიუმფალური თაღის ქვეშ ერთ ცალ ვაშლს მიირთმევდა. ამ თითქოსდა უაზრო რიტუალის ინიციატორი მისი ექიმი იყო. საქმე იმაშია, რომ უაღრესად არაორგანიზებული ცხოვრების წესის გამო დიუმას უძილობა აწუხებდა. იმისათვის, რომ 7 საათზე ტრიუმფალურ თაღთან ყოფილიყო მწერალი 6 საათზე უნდა ამდგარიყო, შესაბამისად კი, ადრე უნდა დაწოლილიყო დასაძინებლად და საკუთარი ცხოვრების წესი ცოტათი მაინც დაერეგულერებინა.

 

 



                                                                                                                                                                (მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016