საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მენო შნელიმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ოპტიმისტურია.
მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ეკონომიკის მდგომარეობასა და მონეტარულ პოლიტიკას შეეხო.
"განვიხილეთ ინფლაციის და ეკონომიკის ზრდის პროგნოზები. ეს საუბარი კონსტრუქციული იყო. ბოლო პერიოდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ოპტიმისტურია. დადებითად ვაფასებთ ეროვნული ბანკის მონეტარულ და ფულადსაკრედიტო პოლიტიკას", - აღნიშნა მენო შნელიმ.
მისივე თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც კვლავ მაღალია.
როგორც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, კონკურენტუნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის უნდა განხორციელდეს ინვესტიციები და შეიქმნას დამაჯერებელი მაკროეკონომიკური ჩარჩოები, რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის.