საქართველოს სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები მენო შნელი და ფრენკ ჰემსკერკი ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს ეკონომიკაში გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში არსებული დადებითი დინამიკა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები 2014 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ის ღონისძიებები გააცნო, რომელიც მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებითაა დაგეგმილი.
შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, გაცილებით წარმატებული იქნება. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, აგრეთვე ეკონომიკური ზრდის დინამიურ ტენდენციაზე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც ტარდება ქვეყანაში. დავინახეთ ხელისუფლების მზაობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და შეუქცევადი გახდეს ეს პროცესი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, მათ შორის, ახალი პროგრამითაც. ვფიქრობ, დღეს კონსტრუქციული დიალოგი შედგა,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მენო შნელმა.
„მოხარული ვარ, რომ ვსტუმრობ საქართველოს. შეხვედრაზე საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის შესახებაც, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა საქართველოში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი ახალი ენერგო რესურსების გამოყენების მიმართულებით. ასევე, დიდი პერსპექტივაა სოფლის მეურნეობის სექტორში. ჩვენ მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კიდევ უფრო დაჩქარდეს,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰემსკერკმა.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი. ეს ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელობა ადასტურებენ საქართველოს, მისი მთავრობისადმი მხარდაჭერას. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეცნობიან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში თბილისში ჩამოდის სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი მასუდ აჰმედი. აღნიშნული მისიის მიმდინარეობისას, ჩვენ ვიმსჯელებთ ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
დღესვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს.