საინტერესო შემთხვევა მოხდა 1850 წელს ნიუ-იორკში, უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წევრის ედმონსის ოჯახში. მისი ქალიშვილი ლაურა უეცრად რამდენიმე ენაზე ალაპარაკდა; მათგან ესპანური, პოლონური, ბერძნული, იტალიური, პორტუგალიური, უნგრული და ლათინური იცნეს. გოგონას უნარი როგორ მოულოდნელადაც გაჩნდა, ისევე მოულოდნელად გაქრა.
მსგავსი რამ შეემთხვა ინგლისელ მასწავლებელ ივეტა კლარკს ბლეკპულიდან. 1927 წელს, მან ეგვიპტური იეროგლიფების ხატვა დაიწყო, 1931 წელს ახლობლებს უცნაურ ენაზე დაუწყო საუბარი. საქმეში ბრიტანეთის ფსიქოლოგიური კვლევის საზოგადოება ჩაერთო. ფსიქიატრმა ფრედერიკ ვუდმა გოგონას ჰიპნოზი გაუკეთა და მის მიერ წარმოთქმული რამდენიმე ფრაზა ჩაიწერა. ეგვიპტოლოგმა ჰოვარდ ჰალმმა გაკვირვებულმა დაადასტურა, რომ ამ ენაზე საუბრობდნენ ბაბილონში ქრისტიანობამდელ ეპოქაში!
ეს კიდევ არაფერი! მეცნიერმა მალე გაიგო, რომ ტრანსის მდგომარეობაში ივეტა ამტკიცებდა ტელეკა ვენტუა ვარ, ბაბილონში ვცხოვრობ და ახლა ეგვიპტეში ამენჰოტეპ III (XVIII დინასტიის ფარაონი, რომელიც ეგვიპტეს ჩ. წ. ა. 1455-1419 წლებში მართავდა)! მეფობსო. დაზუსტებისთვის ჰოვარდ ჰალმმა ქალს 12 შეკითხვა დაუსვა, რომლებიც უძველესი ბაბილონის ცხოვრების წესებს ეხებოდა; ივეტას პასუხები ზუსტი იყო, ამასთან საათნახევარში იეროგლიფებით 66 გამართული ფრაზა დაწერა.
მისი საუბრის ჩანაწერები და იეროგლიფები დღესაც ინახება ბრიტანეთის ფსიქოლოგიური კვლევის საზოგადოებაში.
ამ ამბებამდე ერთი წლით ადრე – 1930 წელს, ნიუ-იორკელმა ექიმმა მარშალ მაკდაფიმ შემთხვევით ყური მოკრა თავის ტყუპების უცნაურ საუბარს. თავიდან იფიქრა, ალბათ რაღაც ბავშვური აბრაკადაბრააო, მაგრამ ერთხელაც სტუმრად მოსულმა პროფესორმა გაკვირვებულამა ჰკითხა, საიდან იციან შენმა შვილებმა ძველი არამეული ენაო (ეს ის ენაა, რომელზეც ქრისტეს ეპოქაში საუბრობდნენ) მამამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
მსგავსი შემთხვევები დღესაც ხდება და არა ერთი, ამ გამოცანის ამოხსნაზე მსოფლიოს გამოჩენილი ნეიროფიზიოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები მუშაობენ, თუმცა მოვლენის ამხსნელ ვერსიასაც კი ვერ გვთავაზობენ.
იმედია ჯერჯერობით!
(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)