საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატამ, საქართველოს ბანკების ასოციაციამ, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციამ საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას და სურვილს - შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მემორანდუმში ასახული საკითხების გადაჭრის გზებისა და ფორმების საძიებლად.
„რეპორტიორი" მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ვმოქმედებთ რა საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, გამოვხატავთ რა საერთო ნებას, ქვეყანაში არსებობდეს პროგნოზირებადი და სტაბილური ბიზნესგარემო, ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას და საკუთარ როლს როგორც ბიზნესის, ასევე, მთლიანად სახელმწიფოს წინაშე, მივესალმებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მზადყოფნას, იქონიოს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და მასთან ერთობლივი მუშაობით გადაჭრას ბიზნესსექტორის წინაშე მდგარი ამოცანები და ვთანხმდებით, რომ ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად ვიმუშავებთ დღეს ბიზნესის წინაშე მდგარი, ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხების გადასაჭრელად: საგადასახადო სამართალდარღვევების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია და დიფერენციაციაიმის გამო, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ბუნდოვანია, ბიზნესს ხშირად უწევს მისი თავისებურად ინტერპრეტაცია დაბეგვრის რეჟიმის არჩევის მიზნებისთვის. ამგვარი გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის მოტივირებული გადასახადის გადაუხდელობის სურვილით, არამედ ემსახურება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში საგადასახადო ტვირთის შემცირებას. საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან არ მიჯნავს გადასახადების დამალვას და საგადასახადო ტვირთის შემცირებას (Tax Avoidance და Tax Evasion), ამიტომ კანონის ინტერპრეტაციისას წარმოიქმნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და დანაშაულში ბრალდების რისკი. ამგვარი საფრთხე უარყოფითად აისახება ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაზე და ნეგატიურ გავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება
საგამოძიებო სამსახური, დღევანდელი ფუნქციებით, უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე და ფინანსთა სამინისტროს უქმნის ნეგატიურ, პოლიციურ იმიჯს. საგადასახადო მიზნებისთვის, უმჯობესია, გადაიხედოს ამ სამსახურის ფუნქციები და მის კომპეტენციაში დარჩეს მხოლოდ საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი დანაშაულის გამოძიება.
საგადასახადო დავების ეფექტური მექანიზმის შექმნა
საგადასახადო დავების ობიექტური, კომპეტენტური და დროული განხილვა მნიშვნელოვნად მოქმედებს ბიზნესსექტორის ეფექტურობაზე. ამ მიზეზით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭო დაკომპლექტდეს შესაბამის სფეროში მაღალი ავტორიტეტის და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით, გაიზარდოს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და ინსტიტუციურად ჩამოყალიბდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საგადასახადო შემოწმების მექანიზმის დახვეწა
იმისთვის, რომ ბიზნესსუბიექტებს უფრო მოწესრიგებულ, პროგნოზირებად და გამჭვირვალე გარემოში მოუხდეთ ოპერირება, საჭიროა საგადასახადო შემოწმების მექანიზმის დახვეწა მეთოდოლოგიის სტანდარტიზებით და რისკების ანალიზის ეფექტური მექანიზმების დანერგვით.
წინამდებარე მემორანდუმზე ქვემოთ ხელმომწერი მხარეები გამოვხატავთ მზადყოფნას და სურვილს - შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩავერთოთ სამუშაო პროცესში, მემორანდუმში ასახული საკითხების გადაჭრის გზებისა და ფორმების საძიებლად", - ნათქვამია მემორანდუმში.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)