„ჩემი ინფორმაციებით, უახლოეს პერსპექტივაში საკმაოდ დრამატულად და რთულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა. პრესკონფერენციაზე მან ქვეყანაში მოსალოდნელი მოვლენების განვითარების სქემა წარმოადგინა.
„ეს მოვლენები განვითარდება ადგილობრივი არჩევნების შემდგომ. სქემა ასახავს იმ გეგმას, რომელიც შემუშავებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის" ელიტას, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. ლაპარაკია, მასირებულ შეტევაზე, რომელიც უნდა დაიწყოს „ნაცმოძრაობის" მხრიდან ახლო მომავალში. მთავარი სამიზნე ამ დარტყმის იქნება ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დასაყრდენი გუნდი მთვარობაში", - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი განმარტებით, მასირებული შეტევა გამოხატული იქნება პოლიტიკურ დარტყმებში და აისახება განცხადებებში, ინტერვიუებში, გამოსვლებში, ხოლო ამ შეტევის მიზანი იქნება ხელისუფლების დასუსტება, დისკრედიტაცია და დაუძლურება.
„ნაციონალების" ვარაუდით, მათი ფარული მოკავშირე ამ საქმეში იქნებიან „რესპუბლიკელები", ალასანიას გუნდი და გარკვეულწილად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მათი ვარაუდითვე, დროთა განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან მათი შეუთავსებლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", -აღნიშნა ბათიაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ბათიაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" დასაყრდენ ძალად მოიაზრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეულ კონტიგენტს.
„ეს არაა მცირერიცხოვანი კონტიგენტი. შს სამინისტროში არის კონტიგენტი, რომელიც დღესაც მისტირიან ვანო მერაბიშვილს, რომლებიც დღესაც გულის სიღმეში გულშემატკივრობენ „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბათიაშვილმა.
რაც შეეხება, ამ გეგმის შედეგს, ბათიაშვილის თქმით, სტრატეგიის მიზანია დესტაბილიზაცია.
„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს რწმენა იმისა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, რისთვისაც მათ სჭირდებათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში და ხელისუფლების დასუსტება", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა და დასძინა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.
ბათიაშვილის თქმით, წარმოდგენილი სქემა კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით აქვს შედგენილი.
„მე მაქვს გარკვეული ინფორმაციები, იმის შესახებ, თუ რაზე მსჯელობენ „ნაცმოძრაობის" ელიტარულ გჯუფში. საით უნდა წაიყვანონ და როგორ წარმართონ პროცესები", - დასძინა ირაკლი ბათიაშვილმა.