პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან „საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - 2020-ის" შესახებ ისაუბრა.
პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ სამომავლო ნაბიჯები, თითოეული მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე იქნება გადადგმული.
„ჩვენ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე ვიწყებთ მუშაობას. წინასწარ არაფერს ვპირდებით მოსახლეობას. ვაპირებთ იმას, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და გახსნილი ვიყოთ. მცდელობას არ ვაკლებთ, რომ ადგილობრივი წარმოება დროულად იქნას განვითარებული სხვადასხვა სფეროების მიხედვით, მაგრამ ამას დრო სჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთელ რიგ სფეროებში იმპორტის მაჩვენებელი 80%-ს შედგენს, გარკვეულ შემთხვევებში კი, ის 90-95%-ს აღწევს.
„ეს კატასტროფაა, ანუ დისბალანსის გამოსწორება უნდა შევძლოთ და ეს გამოწვევაა. მაგალითად, სიღარიბის მიხედვით ჩვენი ქვეყანა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქვეყნად რჩება. ესაა მსოფლიო ბანკის შეფასებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით. ამიტომ, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე, იმ გამოწვევების და სირთულეების შესახებ, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, მაგრამ ვიმეორებ, რომ კონკრეტული ხედვები და გეგმები გვაქვს არსებული პრობლემების გადასაჭრელად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.