განახლდა ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა. ინგლისში „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ მასპინძლობდა, გერმანიაში „ლევერკუზენი“ „პსჟ“-ს. ორივე შეხვედრაში მატჩის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა. უკვე მერამდენედ ზლატან იბრაჰიმოვიჩი განმეორებით შეხვედრას აზრს უკარგავს. ორი გოლი ამ შეხვედრაში, მე-10 ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში და ამ კაცს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე ადგილი არ მოეძებნა. 0:4-დან ჯერ არავის მოუხერხებია შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამის დიდი ალბათობით ვერც „ლევერკუზენი“ შეძლებს.
მეორე შეხვედრის ბედიც ერთმა კაცმა გადაწყვიტა, თუმცა აქ მას ცოტა მეორეც „მიეხმარა“. მატჩის ანტიგმირი უდავოდ „სიტის“ მცველი მარტინ დემიკელისია, რომელიც კიდევ ერთხელ გააძევეს მოედნიდან (მგონი მსოფლიოს რეკორდსმენია ამ საქმეში): წითელი ბარათი ხომ მიიღო და პენალტიც „დაიმსახურა“, თუმცა ეს პენალტი უფრო მეორე კაცის, შეხვედრის შვედი (აქაც შვედი) არბიტრის იონას ერიკსონის ფანტაზიის ნაყოფი უფრო იყო. დარღვევა იყო, წითელი ბარათიც სამართლიანად ააფრიალა, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო და დამთავრდა (გამეორებებზე ასე ჩანდა) საჯარიმო მოედნის გარეთ. 0:1-ზე მანჩესტერელები აირიენ და მათ კართან ზედიზედ შეიქმნა სახიფათო მომენტები, თუმცა ხან მეკარე ჰარტმა იყოჩაღა, ხანაც შემტევები იყვნენ ოდნავ არაზუსტი. მერე იყო სილვას ულამაზესი დარტყმა და ვალდესის „სეივი“ და 90-ე წუთზე ლოგიკური ფინალი: დანი ალვეშის ულამაზესი გოლი და... სავარაუდოდ აქაც გარკვეულია მეოთხედფინალისტის ვინაობა.
P. S. ჩემი აზრით, პელეგრინიმ შემადგენლობა ვერ „გამოიცნო“, მეორე ტაიმში კი გამოასწორა, მაგრამ კაცნაკლულ ინგლისელებს სრულფასოვანი თამაშის ჩვენება გაუჭირდათ.
ერთსაც მოგახსენებთ: ადრე „ბარსას“ ქომაგი გახლდით, იმიტომ, რომ ლამაზი თამაშის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ამ ყბადაღებულმა „ტიკი-ტაკამ“ იმდენი ქნა, ბურთის გაუთავებელ გორებას ლენქორანის „ხაზარისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ (აქ ნებისმიერი გუნდების ჩაწერა შეიძლება) შეხვედრის ყურება მირჩევნია.