მომღერალი ნინი ბადურაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე მისი სახელით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმაურება. ბადურაშვილი „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მან შესაძლოა იმ მომხმარებლებს უჩივლოს, რომლებიც სოციალურ ქსელში მისი სახელით „ფეისბუქის“ გვერდს ქმნიან და პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს.
ბადურაშვილის განცხადებით, მან „ფეისბუქის“ გვერდი ერთი თვის წინ გააუქმა და მისი სახელით გაკეთებული არცერთი განცხადება მას არ ეკუთვნის.
„ადამიანებს ჩემი სახელით აქვთ შექმნილი „ფეისბუქის“ გვერდი და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, წერენ სტატუსებს და აფიქსირებენ სიმპათიას ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ. აქამდე რაღაც სულელურ სტატუსებს არ ვაქცევდი ყურადღებას , მაგრამ ეხლა როდესაც საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ განცხადბებს აკეთებენ ამის მოთმენა აღარ შეიძლება. ამიტომ ყველა ადამიანს, რომელსაც ჩემი სახელით აქვს ფეისბუქის გვერდი შექმნილი მოვუწოდებ წაშალონ , წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივმართავთ და ამ ადამიანებს პრობლემები შეექმნებათ. აუცილებლად დავიწყებ ამ საკითხის გამოძიებას და თუ ჩემი სახელით პოლიტიკური განცხადებების კეთება გაგრძელდა, ეს ადამიანები ნამდვილად აღმოჩნდებიან ცუდ მდგომარეობაში,“-განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს „ფეისბუქზე“ ნინი ბადურაშვილის სახელით გავრცელდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის ფოტო წარწერით : „რამდენი ადამიანი მახსოვს ვანოს გვერდით.. ან მაბარებდნენ გადაეცი, რომ ძალიან გვიყვარსო. დღეს ყველა ჩუმად არის, ეს არის დრო ... მე მრცხვენია თქვენს მაგივრად! ვანო მიყვარხარ.“