"შსს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციაში მომხდარი ინციდენტის დროს, ახალგაზრდებზე რაიმე სახის ზეწოლა არ მომხდარა. ვიდეო-კადრებში, რომელიც გადაღებულია ქობულეთის განყოფილებაში, ნათლად ჩანს, დამნაშავეები როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს,“ - ამის შესახებ შსს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე საუბარი ქობულეთის პოლიციაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს შეეხო. საუბარია ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ქობულეთის პოლიციის მხრიდან ახალგაზრდებზე ფიზიკური ზეწოლა და მუქარა განხორციელდა.
შეგახსენებთ, სამი ახალგაზრდის – გიორგი ქინქლაძის, ზვიად ქინლაძისა და ზვიად თხილაიშვილის განცხადებით, მათ ქობულეთის პოლიციის სამმართველოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.