reportiori.ge - ევრო 2016-ის კონტურები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:55
სპორტი
ევრო 2016-ის კონტურები
25 თებერვალი, 2014. 15:15

ორიოდ დღის წინ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა ფრანგულ ქალაქ ნიცაში. შედეგები ყველასთვის ცნობილია, ალბათ, არც იმის ახსნაა საჭირო, რამდენი გუნდი გადის ქვეჯგუფიდან და როგორ. თვითეულ ქვეჯგუფზე ცალკე შევჩერდები და შევეცდები გარკვეული პროგნოზიც შემოგთავაზოთ.


ჯგუფი A:

ჰოლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, ლატვია, ისლანდია, ყახახეთი


 პირველი ადგილის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია- ჰოლანდიას ვერავინ შეეცილება, ასევე გარკვეულია მეექვსე ადგილის მფლობელიც: ყაზახეთი ბევრად ჩამორჩება დანარჩენებს, თუმცა თავისი ფუნქცია მასაც გააჩნია; ვისაც იური კრასნოჟანის გუნდი ქულებს წაართმევს, ის გუნდი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობება.

მეორე ადგილისთვის ჩეხეთი, თურქეთი და ისლანდია იბრძოლებენ, შანსებიც ამ თანმიმდევრობით ექნებათ. ლატვია კი ყაზახეთივით განწირულია.


ჯგუფი B:

ბოსნია, ბელგია, ისრაელი, უელსი, კვიპროსი, ანდორა

 

ჩემი აზრით, პირველი და ბოლო ადგილი აქაც ეჭვს არ იწვევს. მართალია, ბოსნია პირველი კალათიდან მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევშიც შთამბეჭდავად ითამაშა, მაგრამ ბელგიელებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომელიც ყოველ წელს მოუმატებს და მალე გრანდების მარაქაშიც გაერევა. მგონი მეორეადგილოსანიც დავასახელე. მესამე ადგილისთვის სამივე დარჩენილი იბრძოლებს, თუმცა მეტი შანსი ისრაელს აქვს.


ჯგუფი C:

ესპანეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, ბელორუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი


პირველი და მეექვსე აქაც ცნობილია. ესპანეთი უდავო ფავორიტია და ასევეა ლუქსემბურგიც, ოღონდ ბოლო ადგილისთვის ბრძოლაში. ბევრი სპეციალისტი უკრაინას უპირობოდ აკუთვნებს მეორე გამსვლელ ადგილს. მე ასე დაბეჯიდებით ამის მტკიცებას არ მოვყვები, რადგან სამივე დარჩენილი ნაკრები არანაკლები კერკეტი კაკალია და სიურპრიზების შემოთავაზებაც შეუძლია.


ჯგუფი D:

გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია, საქართველო, გიბრალტარი

 

პირველ და ბოლო ადგილებზე აღარაფერს ვიტყვი, ეს ყველასთვის ისედაც ცხადია. მეორე-მესამე ადგილისთვის პოლონეთი და ირლანდია იბრძოლებენ და რომელიც უფრო ნაკლებ ქულას დაკარგავს შოტლანდია-საქართველოსთან, ის პირდაპირი გზით მოხვდება ევროფორუმზე, მეორე კი პლეი-ოფში გაარკვევს თავის ბედს.

რაც შეეხება საქართველოს შანსებს, მგონი ყველაზე მეტი რისი გაკეთებაც თემურსა და მის რაზმს (ასე იმიტომ მოვიხსენიებ, რომ ეს გუნდი საქართველოს რეალური ნაკრები არ არის) შეუძლია, ეს შოტლანდიასთან მეოთხე ადგილისთვის ბრძოლააა, თუ არა და იქნებ იმით მაინც დავამახსოვროთ ევროპას თავი, რომ გიბრალტარის ნაკრებს ისტორიაში პირველი ქულების მოპოვებაში წავეხმაროთ (ერთი-ორჯერ ეს უკვე მოვახერხეთ).


ჯგუფი E:

ინგლისი, შვეიცარია, სლოვენია, ესტონეთი, ლიტვა, სან-მარინო

 

ამ თანმიმდევრობაში ლიტვა-ესტონეთს თუ შევუცვლით ადგილს, სავარაუდო შედეგსაც მივიღებთ. შვეიცარია საინტერესო ნაკრებია, სლოვენია მებრძოლი და შეუპოვარი, მაგრამ ინგლისი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კლასით გაიტანს თავისას და პირველ ადგილს არავის დაუთმობს.

 

ჯგუფი F:

საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, ფარერები

 

ჩემი აზრით, ყველაზე თანაბარძალიანი ქვეჯგუფია, თუ ფარერებს არ ჩავთვლით. არ ვიცი რამდენ ათეულ წელს შეადგენს საბერძნეთის ნაკრების საშუალო ასაკი, მაგრამ ვიცი, რომ ეს გუნდი ევროპაში ყველაზე უინტერესო ფეხბურთს თამაშობს და მგონი უკვე საბერძნეთშიც აღარ ქომაგობენ. საინტერესო ის არის, რომ ასეთი ვაიფეხბურთით ერთხელ (2004 წელს) ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ და მსოფლიოზეც რეგულარულად გადიან. იმედი მაქვს, ამჯერად უნგრელები, რუმინელები (სტილით ძალიან გვანან ბერძნებს, თუმცა ცოტათი ახალგაზრდები არიან) და ფინელები იბრძოლებენ პირველ-მეორე გამსვლელი ადგილებისთვის.


ჯგუფი G:

რუსეთი, შვეცია, ავსტრია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ლიხტენშტეინი


აქ დანამდვილებით ვიცი მეხუთე-მეექვსე ადგილების ბედი. მოლდოვასა და ლიხტენშტეინს ნაღდად არავინ შეეცილება. რუსეთი და შვეცია პირდაპირ უნდა გავიდნენ ევროპირველობაზე, მესამე ადგილისთვის კი ჩერნოგორია დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ავსტრიას და იქნებ აჯობოს იდეც.


ჯგუფი H:

იტალია, ხორვატია, ნორვეგია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, მალტა

 

პირველი და მეორე კალათიდან ამოსულ გუნდებთან დანარჩენებს ჭიდილი გაუჭირდებათ. მართალია, იტალიის ნაკრების მომავალი ცოტა ბუნდოვანია (მწვრთნელი შეიცვლება, პირლო და ბუფონი მიდიან), მაგრამ ეს მაინც იტალიაა და ისე არ დაეცემა, ქვეჯგუფიდან გასვლა სათუმცაო გაიხადოს. სავარაუდოდ, ხორვატებიც დაძლევენ ბარიერს. მესამე ადგილისთვის კი დიდი ჯახი იქნება, მეტი შანსი კი ალბათ ვიკინგებს აქვთ.


ჯგუფი I:

პორტუგალია, დანია, სერბეთი, სომხეთი, ალბანეთი

 

ჩემი აზრით, ამ ხუთგუნდიან ქვეჯგუფში შედარებით უშანსოდ მხოლოდ ალბანეთია. ასევე ვერავინ შეეცილება პირველ ადგილს პორტუგალიას, აი მეორე-მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, უკეთესი შანსები დანიასა და სომხეთს აქვთ. ჩვენმა მეზობლებმა ძალიან მოუმატეს და თუ ქულებს შარშანდელივით უაზროდ არ დაკარგავენ, ევროპაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.

ისევ ჩვენს (D) ქვეჯგუფს დავუბრუნდები, უფრო სწორად საქართველო ნაკრებზე მინდა მოგახსენოთ. საერთოდ, ფეხბურთს, მოგეხსენებათ გუნდები თამაშობენ, ამიტომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია (!) გუნდის შექმნა (და არა დაშლა) და მერე მისი შეთამაშება, რაც მთავარია, ეს არ უნდა ხდებოდეს ყოველ წელს. ნაკრების ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელების შერჩევა (ხასიათით, კაიბიჭობითა და ნათესაობით - არა!), მათთან საერთო ენის გამონახვა, საერთო კონცეფციის (გნებავთ ტაქტიკის) შემუშავება; შემდეგი ეტაპი საერთო მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლაა (მგონი აქსიომებზე ვსაუბრობ). სანამ ეს არ მოხდება, ვიქნებით მეხუთე ან მეექვსე კალათაში, 110-ე ან სულაც 150-ე, დავურიგებთ ქულებს ყაზახეთს, მოლდოვას, ალბანეთს და ალბათ, მალე გიბრალტარსაც.

სტადიონზეც აღარ ვივლით და მეზობლის წარმატება გაგვხეთქავს გულზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016