ხვალ შენდობის კვირაა. მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ შენდობის კვირას - სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ამასთან დაკავშირებით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას აღავლენს.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, პირველი ადამიანების მიერ სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისაკენ მოწოდებაა, რადგანაც მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მისი დაცვით იგი მოიპოვება.
ხვალ საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღევლინება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები წაიკითხება. შემდგომ ამისა, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთს შენდობას სთხოვს და თავადაც შეუნდებს სხვებს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს პატრიარქი თავადაც ითხოვს შენდობას.
წელს სააღდგომო მარხვა 3 მარტს იწყება და 20 აპრილს, უფლის აღდგომის დღეს დასრულდება.