ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა აფხაზეთის შს მინისტრს ანზორ მარგიანს, ემზარ კვიციანის წინააღმდეგ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ გუშინ მარგიანი დაკითხვაზე მყოფ ემზარ კვიციანს ოთახში შეუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ანზორ მარგიანი, გუშინდელი ინციდენტის შემდგომ ნამდვილად არ იმსახურებს დაკავებულ თანამდებობას! იქნებ უხსნას საზოგადოებას და პირველ რიგში, საკუთარ მინისტრს, რა უფლებით შეუვარდა დაკავებულ ემზარ კვიციანს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ვიცით, ემზარ კვიციანს კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, ბევრი უსიამოვნო კითხვა აქვს თავად ანზორ მარგიანთან და მისი საქართველოში დაბრუნება, ბევრ მოქმედ თუ არამოქმედ ჩინოვნიკს საფრთხეს უქმნის. ანზორ მარგიანს არც თანამდებობრივად, არც მორალურად უფლება არ ჰქონდა, დაკითხვზე მყოფ დაკავებულ პატიმარს, ოთახში შევარდნოდა! რა თქმა უნდა, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე საქმე პოლიციის თანამშრომლება არ მიიყვანეს და სიტუაცია განმუხტეს! ამ ფაქტს, ვფიქრობ, სერიოზული რეაგირება მოჰყვება! მარგიანს ჩემს გადაცემაშიც დაადო ხელი კვიციანმა და კოდორის დაკარგვაზე პასუსხუმგებლობა დააკისრა!" - აცხადებს ჟურნალისტი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)