კონფერენციის მიზანი საკანონმდებლო პროცესების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვაა. დისკუსიაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისის წევრებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. შეხვედრის ძირითადი აზრი საზოგადოების საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულობაა. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებისა და მიღების პროცესში, პარლამენტი მთავრობის ოპონენტია. "ოპონირებასა და დებატებში იბადება სწორი აზრი. ჩვენ არ გვინდა ოპონირება ოპონირებისთვის და დებატები - დებატებისთვის. გვინდა, ამ პროცესის შედეგი დემოკრატიულ სტანდარტებთან მეტად მიახლოებული კანონმდებლობა იყოს. კანონის მიღებას მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ ამ კანონის აზრი საზოგადოებას გათავისებული აქვს, თავსმოხვეული და ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო აქტები განწირულია,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ისეთი ტიპის რეფორმები, რომლის საშუალებითაც, საზოგადოებას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია ექნება. შეხვედრაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო კონტროლის მექანიზმებზეც მსჯელობენ. შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლების მხარდაჭერით ტარდება.