პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 2014 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, 265 766 764 ლარის ოდენობის აგროკრედიტია გაცემული. აგულაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა ჯამში 10 081 ბენეფიციარზე გადანაწილდა.
მისივე ცნობით, ექვსთვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 5000 ლარს, 2 685 ბენეფიციარზე განაწილდა. პირველი კომპონენტის მიხედვით გაცემული კრედიტის საერთო მოცულობამ 1 106 478 ლარი შადგინა.
„მეორე კომპონენტის ფარგლებში 5000-დან 100 000 ლარამდე 8 პროცენტიანი აგროკრედიტი საშუა ლო და მსხვილ ფერმერებზე გაიცა და 6 981 ბენეფიციარზე გადანაწილდა. საერთო თანხამ 132 808 523 ლარი შეადგინა.
მესამე კომპონენტის მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოების დაფინანსების მიზნით გაიცა. კრედიტი 412 ბენეფიციარზეა გაცემული. თითოეული სესხის მოცულობა 30 000 - 600 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და მთლიანობაში 47 756 283 დოლარს შეადგენს.
შეღავათიანი აგროკრედიტის მეხუთე კომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის ითვალისწინედა მეღვინეობა-მევენახეობის სექტორისთვის შეღავათიან სესხს მხოლოდ ყურძნის შესასყიდად. ამ ტიპის სესხების მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარს შეადგენს. მეხუთე კომპონენტის მიხედვით 43 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 49 085 349 ლარის კრედიტი", - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, მესამე კომპონენტის ფარგლებში 12 656 000 დოლარით დაფინანსებულია 63 ახალი საწარმო. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო - 1 104 ადამიანი. მუდმივად კი 703 ადამიანი დასაქმდება, ანუ ერთ საწარმოში საშუალოდ 11 ადამიანი.