აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. როგორც აგულაშვილი აღნიშნავს, 2014 წელს პროექტის ბიუჯეტმა 90 მილიონამდე ლარი შეადგინა.
მისივე ცნობით, 2014 წელს პროექტში ჩაერთვნენ თბილისსა და ბათუმს მიერთებული სოფლებიც.
„სერიოზული სამუშაო ჩატარდა პროექტის ბენეფიციართა სიების დასაზუსტებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტი" ორიენტირებულია ფერმერების ხელშეწყობაზე. სახელმწიფო მცირემიწიან ფერმერებს ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნის პროცესში ეხმარება. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შედეგად 710 000 მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა და 195 მლნ ლარზე მეტი დახმარება მიიღო. 2013 წელს სულ დამუშავდა 420 000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მცირემიწიანმა ფერმერებმა უსასყიდლოდ მიიღეს: 54 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო ინვენტარი, 33 მლნ ლარის ღირებულების პესტიციდი, 7 მლნ ლარის სათესლე და სარგავი მასალა, 232 000 ლარის ვეტერინარული პრეპარატი, 72 მლნ ლარის სასუქი", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.