შეხვედრის შემდეგ ორგვარი განწყობა მქონდა. მოგება მესიამოვნა, თამაშის ხარისხი - არა! ლიხტენშტეინს რომ ვჯობდით არც გასაკვირია და არც საამაყო, მაგრამ როგორც საჭიროა ისე რომ ვერ ვჯობდით, უკვე დამაფიქრებელია. საბოლოო შედეგი ფეხბურთელთა ინდივიდუალურმა ოსტატობამ განაპირობა; ისევ არსად ჩანდა წინასწარ შემუშავებული კომბინაციები; გადაცემებში უამრავი ხარვეზია, ბურთის ამდენ დაკარგვას უფრო ძლიერი მეტოქე არ გვაპატიებს. ცალკე მინდა გამოვყო კარის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები. უაღრესად ხელსაყრელ მომენტში ბურთისთვის ფეხის აცილებაზე (კობახიძე) რომ არაფერი ვთქვა, კარის წინ მდგომმა ნაკრების ფეხბურთელმა როგორ უნდა მოახერხო, ბურთი კარის ჩარჩოს 15-20 მეტრით ააცილო- გაუგებარია, თან ეს მოხდა არა ერთხელ და ორჯერ. მოკლედ საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს.
ცოტა პოზიტიურიც უნდა აღინიშნოს. უკანა ხაზი შედარებით დალაგებული მეჩვენა, ამაში ცოტა სტუმართა თავდამსხმელების უკბილობაც დაგვეხმარა; ჩვეულად სტაბილური იყო კანკავა, თუმცა მგონია, რომ ამ მართლა ნიჭიერ ფეხბურთელს აშკარად მეტი შეუძლია, აკლია კრეატიულობა; ბურთი კარგად ამოაქვს, მაგრამ სამწუხაროდ მწვავე გაგრძელებას ვერ ხედავს და კონტრშეტევის შესაძლებლობაც იკარგება, იწყება ცენტრში ბურთის გორება, რომელიც მესამე-მეოთხე სვლაზე ბურთის დაკარგვით მთავრდება. პირველ ტაიმში ცუდი არ იყო ებრალიძე, კარგად შემოვიდა თამაშში მისი შემცვლელი ყაზაიშვილიც, რომლის ზუსტ პასსაც მოჰყვა პენალტი. სასიამოვნოდ გამაოცა ანანიძემ, აშკარად უფრო მყარად დგას ფეხზე, მოედანს შესანიშნავად ხედავს და ძალიან ლამაზი პირველი გოლიც უმთავრესად მისი დამსახურებაა. აგრესიული, პროდუქტიული, შედეგიანი და ლამაზი თამაშით შემოვიდა მთავარ ნაკრებში გიორგი ჭანტურია, ეს ყმაწვილი დიდი ძალაა და მისი სწორად გამოყენებაა საჭირო. დიდი ნიჭი დევს ოქრიაშვილშიც, მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებლის 10 %-ს თუ იყენებს, პასებს აგვიანებს, თუ ვინმე „დაინახა", უმეტესად გვიან და შედეგად მისი გადაცემების უმეტესობა უზუსტოა. კობახიძეზე რა მოგახსენოთ, კაცი, რომელიც ულამაზესი „სლალომით" გაჭრის დაცვას და მერე ბურთს 20 მეტრით ააცილებს კარს, როგორ შევაქო? ამას დაუმატეთ საჯარიმოში ბურთზე ფეხის აცილება და... მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბიჭიც მოუმატებს. ვინმე თუ იტყვის ჯერ სეზონის დასაწყისია და უთამაშებელიაო, მე ვუპასუხებ: რა მდგომრეობაშიც არ უნდა იყოს ფეხბურთელი, ბურთს და მეტოქის კარს თვალდახუჭული უნდა გრძნობდეს.
ამდენ ახალგაზრდაში ერთ „ბებერზეც" უნდა ვთქვა, ნუ მიწყენს დავით კვირკველია და მისი დამრიგებელი, მაგრამ ეს კაცი ახალგაზრდობაში ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს და მუდმივად კობიაშვილის შემცვლელად მოიაზრებოდა, ახლა ასაკი ორივეს მოემატა, ერთი საქართველოს პირველობაზე თამაშობს და ისე რა... მეორე ბოლო სამი ტურიდან ორჯერ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, თან ნუ დაგვავიწყდება, ეს გერმანიის ბუნდესლიგაში ხდება და ვინმე ხომ ვერ ამიხსნის რატომ არის ერთი საქართველოს ნაკრებში და რატომ არ არის მეორე?
გუშინდელმა შეხვედრამ, მომავალი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური შეხვედრების წინ, აზრი ვერ შემაცვლევინა, ამ შესაძლებლობებით სამეულზე ფიქრი აშკარად გადამეტებულია.