ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ქართველი მეწარმეები უკრაინულ ბაზარს არ დათმობენ და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ქართული პროდუქტი უკრაინულ ბაზარზე მაინც შევა. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართველი მეწარმეები, მიუხედავად ლოკალური წინააღმდეგობისა, უკრაინულ ბაზარს არ დათმობენ. ქართული პროდუქტი შევა და დარჩება უკრაინულ ბაზარზე", - აღნიშნა ხადურმა.
ამასთანავე, ფინანსთა მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებს იანვრის და თებერვლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
„პრემიერს და მთავრობის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებულია დაახოებით 37 მილიონი ლარით. შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს საგადასახადო შემოსავლები 100 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტში მობილიზებულია მილიარდ 188.8 მილიონი ლარი. ჩვენ ეს იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალი იყო წარმატებული", - განაცხადა ხადურმა.