reportiori.ge - ბექა პეტრიაშვილი - ჩემს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ და კომპენსაციის მიღებას არ ვიჩქარებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:39
პრეს-დაიჯესტი
ბექა პეტრიაშვილი - ჩემს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ და კომპენსაციის მიღებას არ ვიჩქარებ
ავტორი:
06 მარტი, 2014. 17:52

ინტერვიუ ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წევრ ბექა პეტრიაშვილთან: 


-ბატონო ბექა, საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას, რომ ქვეყანაში უკანონოდ გამოტანილი განაჩენების გადახედვის მექანიზმი ჩამოყალიბდეს, თქვენ ბრიფინგით გამოეხმაურეთ და მისასალმებელი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, სახალხო დამცველის ამ რეკომენდაციას ხელისუფლება გაითვალისწინებს?


-რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინიციატივა მისასალმებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება მის რჩევას გაითვალისწინებს, თუმცა ხელისუფლების წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ამ ყველაფერში ეჭვიც შევიტანოთ. ქალბატონმა თეა წულუკიანმაც გააკეთა განცხადება, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხი, ბიუჯეტში თანხების არარსებობის გამო უვადოდ გადაიდოო. ჩვენ იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში კომისია ჩამოყალიბდება. ვნახოთ რა იქნება.


-თუმცა ამ ეტაპზე პროცესი სრულად გაჩერებულია...


-დიახ, ახლა სრულად გაჩერებულია... ჩვენ სარჩელი დაწერილი გვაქვს, მაგრამ პროკურატურიდან წერილი მოგვივიდა, თქვენს საქმეებზე ხელახალი გამოძიება რომ დაიწყოს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭიროო. ეს საკანონმდებლო ცვლილებები რატომღაც ვერა და ვერ მიიღეს. ხელისუფლება, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, უამრავ დროს უთმობს ბევრად ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებს. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხი კი უკანა ფლანგზეა გადაწეული... უამრავი საშუალება ჰქონდა ხელისუფლებას, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი აქტიურად დაეწყო. პროცესი რა თქმა უნდა, დაწყებულია. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ პოლიტპატიმრებად გვაღიარეს და ციხიდან გამოგვიშვეს, მაგრამ იმის შემდეგ ჩვენი რეაბილიტაციისთვის არანაირი ქმედითი ნაბიჯი აღარ გადადგმულა. უამრავ პოლიტპატიმარს ქონება აქვს წართმეული. არც ერთი მათგანისთვის ქონება არ დაუბრუნებიათ... არაერთი სარჩელი გვაქვს შეტანილი, რომ ჩვენი დაკავების დროს, ძალიან ბევრი როგორც პროცესუალური, ისე სხვა სახის დარღვევები იყო, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის პოლიციელები და პროკურორები, ვინც ჩვენ დაგვაკავა და ვისი მოთხოვნაც იყო, რომ ჩვენ დიდი სასჯელი გვქონოდა, დღემდე თანამდებობებზე არიან, და დღემდე ასე ვთქვათ, „სამართალს იცავენ." 


-მოითხოვთ, რომ მათ თანამდებობები დატოვონ და პასუხი აგონ? 


-რა თქმა უნდა, ამას მოვითხოვთ. სარჩელში სახელებით და გვარებით გვაქვს მითითებული, ვინ დაგვაკავა, პროკურორის რა მოთხოვნები იყო ამასთან დაკავშირებით და ა.შ. როდესაც საკანონმდებლო ორგანო აღიარებს, პოლიტპატიმარს, მათ დამკავებელ პირებს თანამდებობებზე როგორ უნდა აჩერებდნენ?! ის პროკურორები, რომლებმაც პოლიტიკური მიზნების გამო ჩვენზე სასჯელი მოითხოვა, თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ. ან თუნდაც მოსამართლეები... როგორ შეიძლება, რომ არც ერთი პროკურორი, არც ერთი მოსამართლე და არც ერთი ოპერმუშაკი ამის გამო თანამდებობიდან არ გათავისუფლდეს. 


-იუსტიციის მინისტრის არგუმენტი, რომ თუ ადამიანს გაამართლებ მას გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის კი დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არისო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უსაფუძვლოდ მიიჩნია და მკაცრად გააკრიტიკა. ისინი მბობენ, რომ მთავარია, საქმეები გადაიხედოს და უდანაშაულო ადამიანების გამართლება მოხდეს, კომპენსაცია კი შეიძლება მათ რამდენიმე წლის შემდეგ მიეცეთო. თუკი თქვენს მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ, თანახმა იქნებით, რომ ფინანსური კომპენსაცია რამდენიმე წლის შემდეგ მიიღოთ?


-ახლა გადახედონ საქმეებს, მოხდეს ამ უდანაშაულო ადამიანების გამართლება და კი ბატონო, კომპენსაცია რამდენიმე წლის შემდეგ გადაიხადონ. ნაციონალები ყოველ გამოსვლაში პოლიტპატიმრებს როგორც კრიმინალებს ისე მოიხსენიებენ, რეალურად კი თვითონ იყვნენ კრიმინალები. ამით კოალიცია „ქართულ ოცნებასაც" შეურაცხყოფას აყენებენ. „ოცნების" მიერ აღიარებული პოლიტპატიმრები ვართ... ახლა არც გამამართლებელი განაჩენი დგება და არც კომპენსაციას გვიხდიან. პირადად ჩემთვის მთავარია, რომ ჩემს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანონ და კომპენსაციას დაველოდები. 


-როგორ ფიქრობთ, საქართველოში სამართალი შერჩევითია? 


-ვიცით, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, წინა ხელისუფლების მიერ წართმეული 80 მლნ ლარი უკან დაუბრუნდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია. არადა პირველი ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოებამ ხმა მისცა, რომ სამართალი პოლიტიკური მრწამსის მიხედვით არ ყოფილიყო. ვისაც გარკვეული პოლიტიკური შეხედულება აქვს იმისთვის სამართალი სხვა არ უნდა იყოს და მეორესთვის სხვა. სამწუხაროდ ფაქტი ასეთია: ქონების დაბრუნების პრეცენდენტი ზოგადია, ისინიც ქართული ოცნების წამომადგენლები არიან. სხვებისთვის არც ქონება დაუბრუნებიათ და არც მათი რეაბილიტაცია მომხდარა. 


-თქვენ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეთ, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არა თუ დასჯა, არამედ გაცოცხლება ხდებაო. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?


-მათი გაცოცხლება რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. ისინი ყველა ჩადენილი დანაშაულის გამო უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ არავინ ისჯება, პირიქით პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებითო. ამას სააკაშვილიც აცხადებს. მორალს გვიკითხავენ... რეალურად ყველაზე დიდი დამნაშავეები ისინი იყვნენ. პოლიტიკურ პარტიაში, რომელმაც 7 ნოემბერი და 26 მაისი მოაწყო, მოკლა ვაზაგაშვილი და კიდევ რამდენი გახმაურებული საქმე ვიცით, როგორ შეიძლება მხოლოდ ორი ადამიანი იყოს დამნაშავე. მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ზის ციხეში. ყველაფერს ისინი ხომ არ წყვეტდნენ. რატომ ვერ მიდიან თუნდაც მიხეილ სააკაშვილამდე. უკრაინის მაგალითს შევხედოთ, ქვეყანაში რევოლუცია რომ მოხდა, იანუკოვიჩის გასამართლებას ითხოვენ, ის ძებნაშია გადაცემული. რატომ არ შეიძლება, იგივე საქართველომაც გააკეთოს?! რადგან მსგავსი რევოლუცია არ მოხდა? 
დამისახელეთ, რომელი გახმაურებული საქმეა გახსნილი.


-როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ეს საქმეები გახსნილი, პოლიტიკური ნება არ აქვთ, თუ პროფესიონალიზმის პრობლემაა და ვერ ახერხებენ საქმეების გახსნას?


-იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ნება არის, მაგრამ იმასაც ყურადღება მივაქციოთ, რომ სხვადასხვა სტრუქტურებში არაკომპეტენტური და ძველი კადრები არიან. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ძველი საქმეების გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი უმეტესობა ამ საქმეების უშუალო მონაწილეები იყვნენ და დანაშაული აქვთ ჩადენილი. იმედია, პროკურატურაში ახალ კადრებს მიიღებენ და გამოძიებათა პროცესს რეალურად დაიწყებენ. 


-ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი ხართ. რამდენი წლის იყავით, როდესაც 2011 წლის ივლისში დაგაკავეს და რომელი მუხლით მოხდა თქვენი გასამართლება? 


-19 წლის ვიყავი როცა დამაკავეს. ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით გამასამართლეს... სახლში მოვდიოდი. სანამ სადარბაზოში შემოვიდოდი, ვიღაც ბიჭმა ყვირილით ჩაირბინა. უცებ ყველა მხრიდან პოლიციელები მოცვივდნენ და დამიჭირეს. რაც მე დავინახე, ოთხი ეკიპაჟი იყო მოსული. მახსოვს, გზის მეორე მხარესაც პოლიციელები იყვნენ. მერე იმ ბიჭზე თქვეს, რომ გაიქცაო... განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, რა თქმა უნდა კითხვები დამისვეს, აქციებზე რატომ დავდიოდი? რა მინდოდა „სახალხო კრებაში" და „დემოკრატიულ მოძრაობაში" ან სააკაშვილის რა არ მომწონდა? შემდეგ იზოლატორში გადამიყვანეს და გამასამართლეს. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან არც ხულიგნობას ჰქონია ადგილი და არც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. განაჩენში წერია, რომ 15 წუთის განმავლობაში ერთ ბიჭს ჯოხით ვცემდი და მერე, 19 წლის ბიჭმა, ვანო მერაბიშვილის ნაქები, ღონიერი, 3 სამართალდამცავი ვცემე. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ 26 მაისის აქციაზე დაკავებული ადამიანების, „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტპატიმრების უმრავლესობას, ერთი მუხლი გვაქვს, - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გარდა ამისა მუხლებიც ერთნაირადაა აღწერილი, რომ მარცხენა მხარეს პერანგი ჩამოვახიეთ. სანტიმეტრებიც ერთი და იგივეა. პოლიციელისთვის ყველას 17 სანტიმეტრზე გვაქვს პერანგი ჩამოხეული. 


- რა სასჯელს ითვალისწინებდა თქვენი განაჩენი?


- 3 წელი მომესაჯა ციხეში ყოფნა. შემდეგი სამი წელი პირობითი სასჯელი და 4 წელი გამოსასწორებელი ვადა მომცეს. კარგად „დამასაჩუქრეს"... პოლიტპატიმრის სტატუსით რომ გამათავისუფლეს, ბუნებრივია, გადავწყვიტე, რომ სტუდენტის სტატუსი აღმდგენოდა. მაშინ, დღეს მოქმედი პრეზიდენტი განათლების მინისტრი იყო. მარგველაშვილის სახელზე სტატუსის აღდგენის და გადასახადის შემცირების თხოვნით, უამრავი განცხადება მაქვს დაწერილი, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი უყურადღებოდ დატოვა. პასუხი მომდიოდა, თქვენს სასწავლებელს მიმართეთ. ჩვენ ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთო. არ მეგონა თუ განათლების მინისტრს სტუდენტის სტატუსის აღდგენაში დახმარება არ შეეძლო, მითუმეტეს, რომ პოლიტპატიმრებად გვაღიარეს და გაირკვა, რატომაც ვიყავით ციხეში. საბოლოო ჯამში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღმიდგინა სტუდენტის სტატუსი. 


-პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი რომელ წელს გახდით და ასეთ პატარა ასაკში პოლიტიკაში ყოფნის სურვილი რატომ გაგიჩნდა?


-2010 წლიდან ვარ „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი... მხოლოდ პოლიტიკურ პარტია „დემოკრატიული მოძრაობას" და საინიციატივო ჯგუფ „სახალხო კრებას", ჰქონდათ საშუალება, რომ ქვეყანაში გარკვეული ცვლილება მოეხდინათ. მაშინ საქართველოში პოლიტიკური პროცესი შეჩერებული იყო, არანაირი გამოსვლები არ ხდებოდა. პარლამენტში რაღაც საკითხებს განიხილავდნენ, მაგრამ იმდროინდელი პარლამენტის განხილული საკითხი მოგეხსენებათ როგორიც იყო, ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა. რასაც იტყოდა, პარლამენტიც იმას ამტკიცებდა. „დემოკრატიული მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური პარტია იყო, რომელსაც შეეძლო, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და ეს ქმედითი ნაბიჯები სრულიად საქართველომ დაინახა. ყველამ იცის 2011 წლის მაისის აქციები. ჩვენ ვამბობთ, რომ არ ყოფილიყო 26 მაისი არც პირველი ოქტომბერი იქნებოდ. ეს მხოლოდ ჩვენი ნათქვამი არ არის. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, 26 მაისის დარბევა რომ ვნახე, პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადავწყვიტეო... ცვლილებები რომ მომხდარიყო ქვეყანაში, ამის გამო მივედი პარტიაში. ჩვენი იდეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა. ერთად ვართ და ვშრომობთ.


-26 მაისის აქციას ხომ არ გაიხსენებდით?


-26 მაისს დარბევის მომენტში იქ არ ვიყავი. 25 მაისს, საღამოს ცოტა ხნით სახლში წამოვედი, რომ საკვები წამეღო, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, სპეცნაზს ალყა ჰქონდა შემორტყმული და შესვლა შეუძლებელი იყო. იქ მარტო სპეცრაზმი არ იდგა, თან აღსანიშნავია, რომ პენიტენციალური სისტემის სპეცრაზმიც ჰყავდათ გამოყვანილი. თუნდაც ამ საკითხებზე რატომ არ იწყება გამოძიება. პენიტენციალური სისტემის სპეცრაზმი მიტინგის დასარბევად როგორ უნდა გამოიყვანო? თან დარბევა კი არა, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, როდესაც ადამიანებს გასასვლელი არ დაუტოვეს, მათ ხოცავდნენ და აპატიმრებდნენ. 26 მაისის აქციებზე 7 ადამიანი დაღუპა. სპეცნაზთან ერთად ხალხის დასარბევად ზონდერ ბრიგადები ჰყავდათ გამოყვანილი. 



(ვერიკო ქაროსანიძე, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016