დღეს, „იუსტიციის სახლმა“ ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოქალაქეებს ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტის სახლიდან გაუსველელად მიღების საშუალებას აძლევს.
ამიერიდან, ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედითუნარიან პირს, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მეშვეობით, შეეძლება ადგილზე მომსახურების სერვისით ისარგებლოს.
მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ბიომეტრული პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის და ჰუმანიტარული სტატუტის მქონე პირთათვის, მოახდინონ არასრულწლოვნის რეგისტრაცია, მიიღონ ცნობა სულადობის შესახებ, გაიარონ ახალ მისამართზე რეგისტრაცია და მიიღონ საინფორმაციო ბარათი.
ადგილზე მომსახურების სერვისის მიღება შესაძლებელია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. მომსახურების მისაღებად განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებგვერდზე, ასევე ტელეფონის საშუალებით.
ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად მოქალაქეს საჭიროა ჰქონდეს ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. ადგილზე მომსახურების საფასურია 100 ლარი, რასაც ემატება თავად საბუთის ღირებულება.
საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ან ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია განაცხადზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულად ატვირთვა.