reportiori.ge - ტარიელ ხარხელაური: მე ჩემს სამშობლოს ვხედავ თქვენში, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებთ და ჩემშიც ჩემს სამშობლოს ვხედავ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:46
ინტერვიუ
ტარიელ ხარხელაური: მე ჩემს სამშობლოს ვხედავ თქვენში, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებთ და ჩემშიც ჩემს სამშობლოს ვხედავ!
ავტორი:
08 მარტი, 2014. 18:40


მარადიულია სამშობლო, პატრიოტიზმი, მოყვასის სიყვარული... თუმცა დგება დრო, როდესაც მარადიულ ცნებებსაც კი დავიწყების საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ რა გვახსოვს და რისი დავიწყება მოვახერხეთ, ამაზე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ვესაუბრეთ...

 

- შენი ქვეყნის სიყვარულს არ სჭირდება არანაირ დროში ცხოვრება. ყველა დროში უნდა გიყვარდეს შენის ქვეყანა. ღმერთმა შექმნა სამყარო, ჩემი ქვეყანაც ხომ ღმერთის შექმნილია, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენო, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მორწმუნე ვარ. დღეს ჩვენ პატრიოტად ის მიგვაჩნია, ვინც მეტს ვილაპარაკებთ, ვინც მეტ მაგალითებს მოვიყვანთ ისტორიიდან, რომ როგორმე დღევანდელი დღე დავჩრდილოთ, შევარცხვინოთ. არ ვეძებთ დღეს ჩვენ სამშობლოს სიყვარულის მაგალითებს. ქვეყნის მოყვარული ადამიანები არც არასოდეს გვყოფლია თავზესაყრელად. დღეს კი, მითუმეტეს, ძებნა უნდა. ჩვენ თვითონ ვაყრით ასეთ ადამიანებს ნაცარს და იმათ ვაქცევთ ყურადღბას, ვინც მეტად იბაგუნებს გულზე ხელს. თუმცა თავში საცემად ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ჯერ კიდევ არსებობს ძალა, რომელსაც სამშობლო უყვარს. ზედმეტი დრამატიზება არ უნდა მოვახდინოთ მოვლენების, მერე ვიბნევით და ვეღარ ვიგებთ, რა არის ჭეშმარიტი და რა - არა.

- ცოტა ხნის წინ გვყავდა ხელისუფლება, რომლისთვისაც პატრიოტიზმად რუსეთის ლანძღვა და დასავლეთის ქება ითვლებოდა.

- ხელისუფალთ ყური არ უნდა ვუგდოთ. შენი ქვეყანა ხელისუფლების არაა, შენი ქვეყანა შენია. ჩვენ ამაში ვტყუით, ხელისუფლების დაკრულზე რომ ვცეკვავთ. გაერთიანების სურვილი არ გვაქვს, სახელმწიფოებრივი აზროვნება თითოეულ ჩვენთაგანში გაფერმკრთალებულია. იმან (ხელისუფლებამ) კი სცადა, მაგრამ ჩვენ რატომ დავთანხმდით? რატომ ვიცეკვეთ ცხა წელი მათ დაკრულზე? იმიტომ, რომ სამშობლო კუჭის კარნახს დავუქვემდებარეთ. რასაც კუჭი გვკარნახობს, სამშობლოს სიყვარულიც ის გვგონია. გული და გონება კი, მტვერწაყრილია ამ დროს, აღარ ვაზროვნებთ და სარგებელს ვეძებთ მხოლოდ.

- თქვენი ლექსის ერთი სტრიქონი მახსენდება: „ეს რომ ასეა, ამიტომ გვაქვს თავში საცემი. სამშობლო-ცნება რომ გვგონია მზა ტანსაცმელი". რა არის სამშობლო და რა გვგონია დღეს ჩვენ?

- დღევანდელ დღეს ჩემთვის სამშობლო ტკივილია. სამშობლო გამოყენებადი საგანი არ უნდა იყოს. რა დროს, რა გჭირდება იმისთვის გამოიყენო. ის ისეთივე მარადიულია, როგორც სიყვარული. ჩემთვის სამშობლო სიყვარულია. ისაა, რასაც სიყვარული მოიცავს მთელი თავისი შინაარსით და არა გეოგრაფიული ტერიტორია. მე ჩემს სამშობლოს ვხედავ თქვენში, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებთ და ჩემშიც ჩემს სამშობლოს ვხედავ. ასე თუ არ ატარე, დაგეკარგება, ისე გამოგეცლება ხელიდან, როგორც მუჭში ჩაყენებული წყალი. მე სამშობლო ჩემს გარეშე და შენს მიღმა კი არ უნდა ვეძებო. შენში უნდა ვეძებო, ჩემში და ყველაში, ვინც ჩვენს გარშემო ტრიალებს. რა ფასი აქვს მიწას შენს გარეშე ან სამყაროს ადამიანების გარეშე.

- ამავე და ამგვარ განცდას სამშობლოსას სხვა ადამიანებში თუ ხედავთ კიდევ, როდესაც ქუჩაში გამოდიხართ?

- მე რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება, გარეთ ვეღარ გამომიყვანს ვერაფერი. ქუჩაში რომ გამოვდივარ, სწორედ ამას ვეძებ, ეს მინდა დავინახო, რომ მუხტი არ მოკვდეს ჩემში. ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონს, მაგრამ იმას ვეძებ, რაც მომწონს და ეს მინდა ამოვწიო მაღლა. ასე თუ დავკარგეთ რაც მოგვწონს და მარტო იმაზე ვილაპარაკეთ, რაც არ ვარგა, ესეც არაფერ შედეგს არ მოგვცემს. დღეს ჩვენ ვეძებთ იმას, რაც უფრო მოთხოვნადია - სამშობლოს ლანძღვას. ჟურნალისტებიც მხოლოდ ამაზე არიან მიყურადებული, რომ, რაც შეიძლება მეტი ეფექტის მქონე რაღაც დაიჭირონ. ანალიზის უნარი გვაქვს დაკარგული და ყველას ის გვგონია მართალი, რასაც ჩვენ ვამბობთ. დავაც კი არ შეგვიძლია ერთმანეთთან ისე, ჩხუბში თუ არ გადავზარდეთ.

- ქვეყნის მომავალი ახალგაზრდა თაობაა, რომელსაც სამშობლოს განცდა და სიყვარული, პირველ რიგში ოჯახმა და სკოლამ უნდა ჩაუნერგოს. დღეს ქართული ოჯახების უმრავლესობა გახლეჩილია, რადგან მშობლები საზღვარგარეთ არიან, შვილები კი აქ. ვერც სკოლა აძლევს მათ სრულფასოვან აღზრდას. ამ თაობას რა ეშველება?

- ეს ბავშვები, პირველ რიგში, სკოლამ უნდა აღზარდოს. ჩემმა ეპოქამ ეს ციკლი, სამშობლოს გაუცხოებისა ერთხელ უკვე გაიარა. ჩემი ცხოვრების 68 წის განმავლობაში ყველა ღირებულებაზე გვაქვს ნათქვამი უარი. თბილისში რომ ჩამოხვიდოდი და ქართულად იტყოდი სიტყვას, უკვე ყველა ხვდებოდა, რომ სოფლელი და გაუნათლებელი იყავი, რადგან რუსული ენა არ იცოდი. მაგრამ მერე, როცა უკვე ყელში ამოგივა ეს ყველაფერი, შენში თავისთავად იღვიძებს ქვეყნს სიყვარულის მუხტი. უფალი გაცდის თავად წაიმტვრიო ცხვირი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართველ კაცს სულ სხვა მისია აქვს ამ სამყაროში და უფალი ამიტომაც გვაძლევს თვითგამორკვევის უფლებას. უარესი მდგომარეობაც გვქონია, ამიტომ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. აქაც უნდა დავამშვიდოთ ჩვენი სამშობლო, რომ საბოლოოდ ღირებულებები მაინც გაიღვიძებს. ვერავინ და ვერაფერი შეგვიცვლის ოჯახის სიყვარულს. ახალგაზრდა თაობა მდინარეს ჰგავს. თავიდან რომ მოდის აქეთ-იქით ეხეთქება ნაპირებს, მერე საკუთარ კალაპოტს იპოვის და მშვიდდება. მთავარია, არ აითქვიფოს, სიწმინდე შეინარჩუნოს. გოდერძი ჩოხელის სიტყვები მახსენდება: „მღვრიემდე გაგვიმარჯოსო" და სწორედ ესაა მთავარი. საშინელი ოპტიმისტი ვარ, მაინც მჯერა, რომ ქართველ კაცს მისი ბუნება არ მისცემს საშუალებას სამშობლოს მოსწყდეს. ამირანის ზღაპარი ხომ იცით, უფალმა კავკასიონზე მიგაჯაჭვა და არ გაქვს უფლება მის გარეშე იცხოვრო.

- თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსების ჭკუაზე არ უნდა დავდიოდეთო. ჩვენთან ყველაფერი სწორედაც რომ პოლიტიკის დონეზე წყდება და პოლიტიკის დონეზეა დაყვანილი. წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი პერიოდიც ამის ნათელი მაგალითია. რატომ ვერ ავწიეთ საზოგადოებამ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია მაღლა ამდენ ხანს?

- ჩვენ ვიქცევით სხვისა ჭკუის სასწავლებელ ერად, ყველაფერი უნდა გვასწავლოს დასავლეთმა. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. საზოგადოებაში თუ გაჩნდა, დამკვიდრდა განცდა ამისა, მაშინ არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს საქართველოს. ღვთის შეწევნით, სანამ პატრიარქი ცოცხალია, ასე თუ ისე, კიდევ ვახერხებთ მოძრაობას. ქართველ კაცში ისეთი რაღაც ჩადო უფალმა, რომ სხვას უნდა ასწავლო, სხვამ უნდა მოგბაძოს და სწორედ ამიტომაც გვებრძვიან. პოლიტიკოსებს კი, არ აქვს მნიშვნელობა, კომუნისტები არიან, „ნაციონალები" თუ დღევანდელი მთავრობა, როგორც კი იერარქიის სათავეში ექცევიან, მაშინვე ავიწყდებათ, რისთვის მოვიდნენ ხელისუფლებაში. საზოგადოებაც კვლავ ინერტულია და ახლა იმ პოლიტიკოსების ჭკუაზე იწყებს სიარულს, ვინც გარეთ დარჩა. არ გვჭირდება პოლიტიკოსი, პირიქით, საზოგადოებამ თვითონ უნდა წამოაყენოს კაცი, რომლისთვისაც სამშობლოზე მაღალი ცნება არ არსებობს. ვინც დღეს ოპოზიციაშია, ისინიც ასევე მოიქცევიან, როდესაც ხელისუფლებაში მოხვდებიან. ამიტომ უნდა იგრძნო, რომ სახელმწიფო შენია და სხვისი არავისი არ არის. შენ თვითონ უნდა მართავდე პოლიტიკოსებს. მაგრამ დღეს შეშინებული ერის მდგომარეობაში ვართ და ყველაზე ცუდი ის არის, რომ უმადურობის განცდა გვაქვს.

- ვის ან რის მიმართ?

- ყველაფრის მიმართ. არ შეიძლება რაც კარგი კეთდება, იმის დაუნახავობა. მე კომუნისტების დროსაც ვამბობდი, რა კეთდებოდა კარგი და რა არ ვარგოდა. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში თუ რამე გაკეთდა, იმაზეც ვამბობდი, რომ შედარებით უკეთესია. დღესაც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს და ამასაც ვამბობ. დღეს ჩვენ ყველა იმას ვცდილობთ, თუ ვინმე ჩვენიანი მოხვდა ხელისუფლებაში, ის საჩვენოდ გამოვიყენოთ და არა ქვეყნის სასარგებლოდ. ილიას დროს „ხიდჩატეხილობის" პრობლემა იყო, მაგრამ იყო საზოგადოების ორ ფენას შორის. დღეს „ხიდჩატეხილობის" პრობლემა საზოგადოებასა და ქვეყანას შორისაა. საზოგადოება დაუპირისპირდა საზოგადოებას და ქვეყანა დაგვრჩა უკან. აი, ამ თამაშში აგვიყოლიეს პოლიტიკოსებმა, რომლებსაც, რატომღაც გვგონია ჩვენზე მეტად უყვართ ეს ქვეყანა. რადგან კარგად საუბარი შეუძლიათ და განათლებულები არიან ე. ი. სამას არაგველზე მეტად უყვართ სამშობლო? ისინი მხოლოდ იმისთვის მოდიან, რომ შენ გიმსახურონ, გამოგიყენონ, თავიანთი ტახტი გაგამაგრებინონ და ასე იქნება მანამ, სანამ ხელისუფლებაში ისეთი კაცი არ მოვა, რომელსაც ხელისუფლება კი არა, სამშობლო ეყვარება. ამიტომ არჩევნებზე, რომელიც ახლა ჩატარდება, ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს, რომ უღირსი კაცი არ მოიყვანო ხელისულებაში. ახლა ხომ აღარავინ გზღუდავს, აღარ დაგდევს პოლიცია. ახლა გაქვს შანსი მოიყვანო ის, ვინც შენი ქვეყნისთვის, შენი კუთხისთვის ღირსეულად მიგაჩნია. არ აქვს მნიშვნელობა „ოცნების" მომხრეა, „რესპუბლიკელების" თუ „ნაციონალების", პარტიული ნიშნით კი არა, ადამიანური ღირებულებებით უნდა აირჩიო. რისი გამკეთებელია ან რა გაუკეთებია თავისი ქვეყნისათვის. თუ მხოლოდ იმიტომ ავირჩევთ, რომ „ოცნების" წარმომადგენელია, ისევ იმ შედეგს მივიღებთ, რასაც აქამდე ვიღებდით.

- იმისთვის, რომ „ვიმოძრაოთ" და ამ „პოლიტიკური ჭაობიდან" ამოსვლაც მოვახერხოთ, ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია წინ წამოვწიოთ, რა არის ის ფუნდამენტური საკითხები, რაზედაც მუდმივად უნდა ვმსჯელობდეთ, ვკამათობდეთ და საუბარს არ ვერიდებოდეთ?

- ძალიან მარტივია გამოსავალი. უნდა იკითხო ილია, რუსთაველზე აღარაფერს ვამბობ. უნდა იკითხო ვაჟას წერილები, კოსმოპოლიტიზმზე რომ აქვს. როგორც ბიბლია, ისე უნდა გედოს გვერდით და კითხულობდე, მარტო მაშინ კი არ უნდა გაგახსენდეს, როცა რაღაც ციტატა დაგჭირდება მოსაშველებლად. ამათ გარეშე ვერ მივალთ სამშობლომდე, სანამ ამათ არ დაუბრუნდება ქართველი კაცი, მომავალი თაობა. ვაჟა-ფშაველას როდესაც კითხულობ, რაც შენში ზის, იმით აფასებ, ის არის შენთვის ვაჟა. თამასას შენს აზროვნებაზე, შენს გონებაზე მაღლა ხომ ვერ ასწევ. მაგრამ ვაჟა-ფშაველა იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. როცა ბავშვი წაიკითხავს და მასწავლებელი აუხსნის, რა ღირებულების მატარებელია მისი შემოქმედება, ეს აუცილებლად შევა მასში. იმიტომ რომ, შიგნით უზის. მასში მარადიულ სენს, სამშობლოს სიყვარულს ნაცარი აქვს წაყრილი, როგორც დამტვერილ ყვავილს, რომელსაც ხელს გადაუსმევ და კვლავ ხასხასა გახდება. არც ერთი თაობის მომავალი არ იქნება ტრაგიკული, თუ ამ მტერს დროულად მოვაშორებთ.

- მინდა აუცილებლად გკითხოთ აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქსა და ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ ნათქვამ ფრაზებზე, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

- მე მესმის, რისი თქმაც სურდა ბიძინა ივანიშვილს. მანაც სამშობლო დააყენა ყველაფერზე მაღლა. პატრიარქის ქვეყნისადმი სიყვარულში ეჭვი არ გვეპარება არავის, მაგრამ ეკლესიაში რომ ყველაფერი რიგზე არაა, ესაც ფაქტია და მარტო პატრიარქმაც რა ქნას. იმ ცხრაწლიანმა  ციკლმა ისე შერყვნა ყველაფერი, არ შეიძლება, ეკლესიაზე არ მოეხდინა გავლენა. ბიძინა ივანიშვილის აქცენტიც ამ ცხრა წელზე იყო, თორემ მის სიყვარულში პატრიარქის მიმართ დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ჩვენ შევქმენით აქედან ტრაგედია. იმ არასამთავრობოების და იმ ხალხის ანკესზე წამოვეგეთ, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში წყალს უმღვრევს პატრიარქს. თუნდაც, ეპისტოლეში პატრიარქმა ერთსექსიანთა ქორწინებაზე და სუროგატ დედებზე რომ ისაუბრა. მან თქვა ის, რაც ეკლესიისთვის, ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მიუღებელია და ვალდებულიც იყო ეს ეთქვა. ჩვენ კი იმის ნაცვლად, ანალიზი მოგვეხდინა, ამ არასამთავრობოების სიტყვებს დავუგდეთ ყური და მათ თამაშს ავყევით. შეხედეთ, რა მობილიზებულები და ერთიანები არიან ისინი. სულ რამდენიმე კაცია, მაგრამ როგორც კი რაღაც ხდება, მაშინვე საპროტესტო ტალღას აგორებენ. აქეთ მხრიდან კი რა პასიურები ვართ. როცა ასეთი რამ ხდება, მაშინვე მთელი ერი უნდა იყოს მობილიზებული. მათ მყარი ნიადაგი აქვთ, კარგად იციან, რომ სანამ შენ რამეს მოიფიქრებ, თავისი საქმე უკვე გაკეთებული ექნებათ. რაღაც ეჭვებს ხომ მაინც დაბადებენ, წყალს აამღვრევენ. შეუმცდარი ვინაა, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმაც ვერ თქვას ფრაზა სწორად და სიტყვაზე არ უნდა გამოვეკიდოთ.

- და ბოლოს, ბატონო ტარიელ, თქვენ მთის წარმომადგენელი ბრძანდებჲთ. ვიცი, რომ ძალიან გაწუხებთ და გტკივათ ის პრობლემები, რაც დღეს მთას აქვს. განსაკუთრებით კი თითქმის სრულიად დაცლილი სოფლები. რა ხდება იქ და როგორია გამოსავალი?

- დღეს ვინც იქ დარჩა, იმათ უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ იქიდან გამოქცევის სურვილი არ ჰქონდეთ. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ იმათთვისაც იყოს მიმზიდველი, ვინც უკვე გამოვიქეცით. იმხელა მოსახლეობით ნამდვილად ვეღარ დაასახლებ, როგორც ადრე იყო დასახლებული ფშავ-ხევსურეთი და მთა. იმიტომ, რომ ვერ შეინახავ. პირველ რიგში მთავარი ისინი არიან, ვინც ადგილზე დარჩა, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მერე ნელ-ნელა ჩემშიც გაჩნდება სურვილი, შენშიც, რომ დავბრუნდეთ იქ. მე რომ აქედან მივდივარ, იქიდან გამოქცეული კაცი არ უნდა შემხვდეს გზაში და მეც უკან არ უნდა მომატრიალოს. თუ პირობებს არ შემიქმნი, სხვა ვერანაირი დაინტერესებით ვერ დამამკვიდრებ იქ. ავალ და მეორე დღესვე უკან მოვტრიალდები. მე რომ მიყურებია, როგორ მჯდარან ბანზე კაცები და დედაკაცებს სათიბებიდან თივა გამოჰქონდათ, ამხელა ჯაფას დღევანდელი ქალი ვეღარ აიტანს. ცოტა თუ არ გაუიოლე შრომა, მისი სხეული ფიზიკურად ვერ გაუძლებს. არ სჭირდებათ მათ შენი წაქეზება და აგიტაცია. საინტერესო ცხოვრება უნდა შეუქმნა, განათლების საშუალება უნდა მისცე, სკოლა არ უნდა დაუხურო, თუნდაც ერთი ბავშვი დარჩეს და მერე ხალხი აუცილებლად დაბრუნდება.


ლელა არაბული

გაზეთი „საერთო გაზეთი"

07. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016