საქართველოს ნაკრებმა რაგბიში, ერთა თასის მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 24:17 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში, "ესტადიო ნასიონალ დე რაგბიზე" (მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი), გაიმართა. პირველი ტაიმი ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, საბოლოოდ კი გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.
ამჯერად, ქართველი მორაგბეები პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. ამ შემთხვევაში საქართველო მსოფლიოს თასზე C ჯგუფში მოხვდება, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებებთან ერთად, აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული იქნება.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)