„ისრაელი არის ქვეყანა, რომლისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ განაცხადა, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის ფორუმის ჩატარება უკვე ტრადიციადაა ქცეული.
„წელს წარმოდგენილი კომპანიები ძირითადად მუშაობენ მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ესაა, ალბათ, ისრაელის ყველაზე ძლიერი მხარე, რაშიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება თანამშრომლობა. ეს კომპანიები ფლობენ ახალ ტექნოლოგიებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ესაა ქვეყანა, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებთან ახლადშექმნილი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო ითანამშრომლებს.
„ჩვენ მიერ შექმნილი ახალი სააგენტო ითანამშრომლებს ამ კომპანიებთან, რომ პროდუქტიულობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვნად გაიზარდოს. საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და სოფლის მეურნეობა ვერ ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც. ჩვენ გვინდა, რომ ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ და ისრაელი ის ქვეყანაა, რომელთან ერთადაც შესაძლებელია ამის გაკეთება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.