საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის რევაზ არველაძის განცხადებით, „ტორპედო"-"დინამოს" მატჩზე მომხადრი ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი. ამის შესახებ არველაძემ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი და ცხელი ამბავი არის ქუთაისის თამაშთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანაში არის დიდი თამაშები, რომლებსაც მოიხსენიებენ კლასიკურ დაპირისპირებად და საქართველოში ეს არის "დინამო"-"ტორპედოს" დაპირისპირება. ერთი მხრივ კარგია, რომ ასეთი თამაშები არსებობს, მეორე მხრივ, კი ესეთი თამაშები მაღალი რისკის მატარებელია. ყველგან სადაც ხდება ასეთი მატჩები, მასპინძელი ქალაქი არის ვალდებული, რომ დაიცვას ის მინიმალური უსაფრთხოების წესები, რომლებიც არის დადგენილი. მოხდა ისეთი ამბავი, რაც დაგეგმილი იყო წინასწარ, ყოველ შემთხვევაში, როგორც ქუთაისელი გულშემატკივრები ამბობენ, ეს იყო რაღაცის პასუხი. ფედერაციის მიმართ ბრალდებებზე აღარ შევჩერდები, რადგან სისულეებზე თავის მართლება არ ღირს. ამ თამაშს მაღალი რისკის შეფასება ჰქონდა, ფეხბურთის ფედერაციამ ყველა წესი დაიცვა, გააგზავნა უსაფრთხოების ოფიცერი, თამაშის დირექტორი, მსაჯები, დამკვირვებლები. ასე, რომ ფედერაციის ბრალეულობაზე რაიმე საუბარი უსაფუძვლოა", - განაცხადა რევაზ არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის „დინამოს" შორის ჩაიშალა.
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.