reportiori.ge - ევროპაში ფეხბურთი – საქართველოში ვაი-უშველებელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:41
სპორტი
ევროპაში ფეხბურთი – საქართველოში ვაი-უშველებელი!
14 მარტი, 2014. 14:54



ევროპაში დიდი ფეხბურთის კვირა დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში, „ბარსელონასთან“ ტოლ-სწორად გაჯიბრებისთვის საკმარისი არ არის. მართალია ორივე შეხვედრაში მსაჯებმა გვარიანად შესცოდეს (უმეტესად ესპანელთა სასარგებლოდ), მაგრამ შედეგი მაინც კანონზომიერი დადგა. წლევანდელი გათამაშების უდავო ფავორიტებში გაერია  ფრანგული „პსჟ“, რომელმაც ორი შეხვედრის ჯამში პირდაპირ მოსრა ლევერკუზენელი ფარმაცევტები და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მისი ადგილი მხოლოდ ლიგის საწყის ეტაპზეა. მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მილანის“ დაპირისპირების შემდეგ იტალიელთა ლეგენდარულმა დამრიგებელმა არიგო საკიმ განაცხადა, ეს გუნდი არ არისო, წარსულში დიდმა ფეხბურთელმა ჟორჟ ვეამ კი ცეცხლზე ნავთი დაასხა: „მილანის“ ყველა ფეხბურთელი გასაშვებიაო.

უნდა მოგახსენოთ, რომ ორივე მართალია. კლარენს ზეედორფის ამჟამინდელი შეგირდების ერთი ნაწილი (რობინიო, კაკა) უკვე მიმქრალი ვარსკვლავია, დანარჩენები საშუალოევროპულზე მეტს ვერ „ქაჩავენ“; თანამედროვე ფეხბურთს ერთი ბალოტელი თამაშობს და ისიც, როცა კარგ გუნებაზეა. მადრიდელებს რაც შეეხებათ, ისინი კიდევ ბევრს „გაუშრობენ სისხლს“. „ბაიერნმა“ „ნახევარი ძალით“ მოილია არსენ ვენგერის „არსენალი“ და მორიგ მსხვერპლს ელის. საოცარ ფორმაში მყოფ ამ გუნდებს თუ დავუმატებთ „რეალსა“ და „ჩელსის“, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე მეოთხედფინალში დიდებული სანახაობების მოწმე გავხდებით.

ევროპის ლიგაზე გამართულ ხუთშაბათის შეხვედრებში დასრულდა ზღაპარი სახელად „ლუდოგორეცი“. ბულგარელებმა შინ წააგეს წელს არც თუ ძლიერ „ვალენსიასთან“. „ბენფიკა“ ხელწამოსაკრავი გუნდი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ლონდონში „ტოტენჰემის“ 3:1 ძლევა მაინც პატარა სენსაცია მგონია, ისევე როგორც ესპანეთის ჩემპიონატის მაჩანჩალა „ბეტისის“ გამარჯვება თანაქალაქელ „სევილიასთან“. დანარჩენ შეხვედრებში ალოგიკური არაფერი მომხდარა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კიდევ ერთი კონკიას „ზალცბურგის“ უგოლო ფრეს „ბაზელთან“.

 

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს პირველობაზე საუბარი ცოტა ძნელია, თუმცა ამ შემთხვევაში არა თამაშზე, არამედ სკანდალზე გავამახვილებ ყურადღებას. ქუთაისში უკვე მერამდენედ მომხდარ უმსგავსობას რა დავარქვა არ ვიცი. სხვა ქვეყნებშიც არიან დაპირისპირებული გუნდები და ერთმანეთს უშეღავათოდაც ებრძვიან ოღონდ, ფეხბურთელები და ისინიც საფეხბურთო მოედანზე. თამაშის დასრულების შემდეგ დაპირისპირებაც სრულდება (შალკე-დორტმუნდი, ბარსა-რეალი, ლივერპული-მანჩესტერი და ა. შ.), ჩვენ რა გვჭირს? რამ გაგვამხეცა და გაგვავანდალა? ჩემი აზრით, ეს არა მარტო საფეხბურთო, არამედ სოციალური პრობლემაც გახლავთ. იქნებ ვინმემ მოახერხოს და ქუთაისელი „ფანების“ ტვინში შეიყვანოს, რომ ფეხბურთი სპორტია და სპორტში ხან ერთი გუნდი იგებს, ხან მეორე. მანამდე კი ან მსგავს საცოდაობებს ვუყუროთ, ანაც მივუსხდეთ ტელევიზორებს და მესის, იბრას, რონალდოს თამაშით ვისიამოვნოთ.








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016