„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა რუსთავში საპროტესტო აქციაში მონაწილე მძღოლებს შეხვდა. მძღოლები და აქციის მონაწილეები მერიის მიერ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის გაუქმებას და მინიმუმ 3 წლით გადავადებას მოითხოვენ.
კუკავამ რუსთავის მერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კონკურსის პირობები მცირე მეწარმეებზე უნდა აიყოს მორგებული, რათა მძღოლებს კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალება ჰქონდეთ.
"ტენდერი რეალურად უკვე ჩატარებულია. ამ ტენდერს ატარებს არა რუსთავის მერი და სატენდერო კომისია, ეს არის ფორმალობა, რეალურად ატარებს უჩა მამაცაშვილი, რომელმაც დაიკავა კეზერაშვილის ადგილი და ანაწილებს ბიზნესებს მთელ საქართველოში. დიღომში უკვე დგანან მანქანები, რომელსაც რუსთავში შემოიყვანენ და ეს არის ფარსი, რომ რუსთავში სამშაბათს გაიხსნება საკონკურსო წინადადებების პაკეტები", - განაცხადა კახა კუკავამ.
რუსთავის მერი დავით ჯიქია კუკავას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავს ბრალდებებს დასაბუთება სჭირდება.
"2011 წელს რუსთავში კონკრეტული კონკურსი მოერგო კონკრეტულ ადამიანებს. რუსთავის მერია კონკურსის პირობების არავისზე მორგებას არ აპირებს. ამ შემთხვევაში კონკურსი ტარდება დადგენილი წესით, საკონკურსო კომისიამ არ შეცვალა არაფერი, კომისიის წევრებიც კი არ შეიცვალნენ იმის გამო, რომ არ ყოფილიყო საუბარი - ვიღაცა, ვიღაცასთან გარიგებაშია", - განაცხადა დავით ჯიქიამ.