reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: „თანამდებობიდან წასული კოტე კუბლაშვილი უკან დავით უსუფაშვილმა დააბრუნა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:53
პრეს-დაიჯესტი
შალვა ხაჭაპურიძე: „თანამდებობიდან წასული კოტე კუბლაშვილი უკან დავით უსუფაშვილმა დააბრუნა“
ავტორი:
15 მარტი, 2014. 19:49

- ბატონო შალვა, საზოგადოება გულგატეხილია, ხელისუფლება ისე გადაჰყვა ამ კოაბიტაციას, რომ სამართლიანობის აღდგენა აღარ გვეღირსებაო. როგორია თქვენი, როგორც ადვოკატის შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- კითხვა საკმაოდ მძიმეა. ხალხი ითხვოს სამართლიანობის აღდგენას. ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა საზოგადოებას ეჩქარება. ხალხი ნაწამებია, ქონება წართმეული, სახლკარწართმეული, ბიზნესწართმეული და მათიც კარგად მესმის. თუმცა, ასე ერთი ხელის მოსმით სამართლიანობა ვერ აღდგება. სამართლიანობა, მართალია, ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს. მერწმუნეთ, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ შესაბამისი სტრუქტურები. ნაციონალებით ქუჩაში ხომ არ დაერევიან დამნაშავეებს და ასე აღადგენენ სამართლიანობას? თუ ვინმეს ამის იმედი ჰქონდა, ასე არ გამოვა.


- მთავარი პროკურორის ინიციატივაზე რას ფიქრობთ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით?

- მე ვეთანხმები ამ ინიციატივას. ბევრი საპირისპირო და აგრესული განცხადება მოვისმინე, მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, მაშინ არსებობს წესები და კანონები, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. დღეს ჩვენს საზოგადოებაში ანარქისტული აზროვნება დამკვიდრდა. ამ აზროვნებით კი ქვეყანას ვერ ავაშენებთ. მე ვთვლი, რომ სამართლიანობის აღდგენა ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად მიმდინარეობს.


- თქვენთვისაც ცნობილია გუშინდელი სპეცოპერაციის შესახებ, სადაც კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ შორის მეგის ქარდავას ძმა აიყვანეს. ეს ოპერაციაც სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის განხორციელებული?

- რასაკვირველია, პირდაპირ კავშირშია სამართლიანობის აღდგენასთან. დილით ყოფილი ფოთის მერის, დათო ქანთარიას ზარმა გამაღვიძა, როდესაც შევიტყვე მათი დაკავების შესახებ, სია ჩამოვწერე, თუ ვინმესთან უნდა დამერეკაო. დათო ქანთარიას ადვოკატიც ვიყავი, სულხან მოლაშვილის ადვოკატიც. რა დღეში ჩააგდეს ეს ხალხი, ახლა ამაზე თავიდან აღარ ვისაუბრებ. ღმერთი ზევიდან იყურება, ქვევით კი ხელისუფლება მოქმედებს. არავის არ შერჩება ჩადენილი დანაშაული. შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა, რა ქნას მეტი ხელისუფლებამ, ქუჩაში დაერიოს ამ ხალს და ბართლომეს ღამე მოაწყოს? ასე არ გამოვა! მე ხშირად დავდივარ ქუჩაში ფეხით, ვესაუბრები ხალხს, ვიცი მათი სატკივარი და წყენის მიზეზი, ისიც ვიცი,რ ომ დიდი მოლოდინი იყო, თუმცა, მე მაინც მოთმინებისკენ მოვუწოდებ მათ და ვეტყვი, რომ ყველაფერი მიდის ისე, როგორც წესი და რიგია. ამ ნაძირალების დაკავებას რაც შეეხება, მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, საერთოდ, დაკავებულზე აღარ მიყვარს ხოლმე ზედმეტი ლაპარაკი, საკუთარ ნათესავებს დასდევდნენ და არ ინდობდნენ. დათო ქანთარიას დიაბეტი დამართეს, თავს დაესხნენ, უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ და ასე შემდეგ. აღარ მინდა მათ ბინძურ საქმეებზე საუბარი, უკვე დაპატიმრებულები არიან და დანარჩენს გამოძიება დაადგენს. სამართალმა გაარჩიოს, ვინ არიან და რა არიან. თუმცა, აქვე დავამატებ, სანამ კუბლაშვილი იჯდება თავის სკამზე, სასამართლოში სამართლიანობა მითია.


- ფაქტია, რომ სასამართლოს ვერაფერი მოუხერხეს... პროკურატურა იჭერს, სასამართლო ათავისუფლებს...

- დღეს სასამართლო კუბლაშვილის ხელშია. არიან მოსამართლეები, რომლებიც ცდილობენ მისგან გათავისუფლებას, თუმცა, ჰყავს ისეთი მოსამართლეებიც, რომელთა დაშანტაჟებას კვლავაც ახერხებს. სწორედ ამიტომ ვიღებთ ასეთ შედეგს. მეუბნებით, სასამართლოს ვერაფერი მოუხერხესო. მოუხერხეს რა, ჩაალაგა ჩემოდნები და მიდიოდა ეს კაცი, გადამდგარი იყო, მოატრიალა ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ და უთხრა, დარჩიო. ახლა ადგეს და პარლამენტის თავმჯდომარემ მიხედოს სამართლიანობას. მთელმა საქართველომ იცის, რომ უსუფაშვილმა მოატრიალა გადამდგარი კუბლაშვილი. კუბლაშვილის წასვლა ნიშნავდა იმას, რომ ახალი სასამართლო სისტემა შეიქმნებოდა, თუმცა, ეს რატომღაც არ მოინდომა უსუფაშვილმა და დღეს თუ რამე ცოდვები ტრიალებს, ყველაფერი უსუფაშვილის კისერზეა.


- რატომ მოატრიალა, არ იცოდა კუბლაშვილის ხელში სასამართლო სამართლიანი და დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა?

- მე არ ვიცი, რა იცოდა და არა უსუფაშვილმა, ეს თავად მას ჰკითხეთ. ის ცოდო-მადლი, რომელიც დღეს ტრიალებს, ორივე მათგანის კისერზეა.


- თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში რა ინტერესი ამოძრავებდა უსუფაშვილს?

- მე ვიფქრობ, პოლიტიკური ინტერესი, ეს კოაბიტაციის პროცესი და ასე შემდეგ. უსუფაშვილი პოლიტიკოსია. როგორც ჩანს, მან ასევე იფიქრა, რომ არ შეიძლება, შეეხო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუ უხეშად ჩავერევით, ეს დემოკრატიული ქვეყნების თვალში უხეშ ჩარევად ჩაგვეთვლება და ასე შემდეგ. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, უსუფაშვილის ეს ნაბიჯი კუბლაშვილმა ბოროტად გამოიყენა. სანამ კუბლაშვილი იქნება ამ თანამდებობაზე, მანამ ნუ გექნება პრეტენზია სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიან გადაწყვეტილებებზე.


- ბატონო შალვა, კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს შევეხოთ. თქვენთვისაც ცნობილია, რომ პრემიერ სტუდენტებს შეხვდა, სადაც ის ამბობს, პროფესიონალ კადრებს სანთლით ვეძებო, თუმცა მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პროფესიონალი კადრებისთვის ყველა კარი მაგრად არის ჩაკეტილი. როგორ ფქრობთ, ჩვენს ქვეყანაში ეშველება რამე ნეპოტიზმს?

- მე არაერთხელ მისაუბრია, თუნდაც თქვენი გაზეთის მეშვეობით, რომ ძალიან გაბერილი კადრებია ჩვენს მთავრობაში, რომ ძალიან ბევრი დეპარტამენტი თუ უწყებაა გასაუქმებელი. კვალიფიციური კადრები კი ნამდვილად ჭირს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შეხვედრას სტუდენტობასთან, მე ამასთან დაკავშირებით არათუ ჩემი მოსაზრება, არამედ ფაქტებიც გამაჩნია. მაგალითად, ის, ვითომ სტუდენტი გოგონგა, ქეთი ქობულია, რომელიც ნამდვილად რა არის სტუდენტი, პრემიერს რომ ეკითხებოდა და, ალბათ, ამას კითხვასაც ვერ დავარქმევთ - თქვენ ენერგეტიკის მინისტრად გყავთ ფეხბურთელი და შინაგან საქმეთა მინისტრი კი იურისტი არ არის და ამიტომაც არ არის ხალხში სამართლიანობის განცდაო. ეს ვითომ სტუდენტი ქეთი ქობულია დაახლოებით ორი წლის წინ მოძრაობა „ეროვნულებში" შემოვიდა, ჩვენ დავასაქმეთ ჩვენთა ეს გოგო და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ის იყო შემოგზავნილი აგენტი. მან თავისი პირით აღიარა, რომ აგენტი იყო. თუ ვინმეს დასჭირდება, ჩვენ ჩანაწერებიც გვაქვს და ამ ყველაფრის მტკიცებაც შეგვიძლია მე და სანდრო ბრეგაძეს. სხვათა შორის, ამ შეხვედრის შემდეგ სანდრომ დამირეკა და მითხრა, შეხედე, შალვა, რა ხდებაო. ჩვენ ასევე ვიცით იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, ვისი დავალებითაც ეს ქეთი ქობულია მაშინ მოქმედებდა. დღეს ნამდვილად არ ვიცი, ვისი დავალებით მოქმედებს.


- იმის თქმა გინდა, რომ ის შეგზავნილი  იყო ამ შეხვედრაზე?

- მე გითხარით ის, რაც ზუსტად ვიცოდი. დასკვნები მკითხველმა თავად გამოიტანოს. უკაცრავად, მაგრამ კალაძეს რატომ არ შეუძლია, ენერგეტიკის მინისტრი იყოს?! ფეხბურთელი რომ იყო, იმიტომ?! ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრია მინისტრთა კაბინეტში. გაშალეთ გუგლი და ნახეთ ცნობილი ფეხბურთელები - მესი, რონალდო, რონალდინიო. ეს ხალხი სამეფო ოჯახებიდან არიან დაჯილდოებული. რა, სპორტსმენს არ შეუძლია, კარიერის დასრულების შემდეგ მომავალი ჰქონდეს?! მე უსუფაშვილს არ ვეთანხმები მის შეფასებებში, რომ სპორტსმენები გვყავს პარლამენტში და პოლიტიკოსები სიმცირეს განვიცდით. სწორედ სპორტსმენს შეუძლია, ჯანსაღად იაზროვნოს და გადადგას სწორი ნაბიჯები. ხალხო, 25 წელია, ეკონომიკა რა გვქონია და ახლა ყველაფერს ერთ დღეში ხადურისგან რომ ვითხოვთ, ეს არის სწორი? ახლა ასფალტი ამოტყდა ქუჩებში და ამაზეა ატეხილი ერთი ამბავი. კი ბატონო, ავტეხოთ, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, სად ვიყავით და საიდან მოვდივართ! ზოგიერთებს ეგონათ, მოვიდოდა ბიძინა, ასფალტსაც დააგებდა და იმ ახალ ასფალტირებულ გზებზე „X6"-ებს დაგვიყენებდა. აი, ეს ეგონათ და რატომ ეგონათ, ძალიან მაინტერესებს. ჩადით, ხალხო, ევროპაში, ნახეთ, რა ხდება, 99 % იმას ჩალიჩობს, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდეს, მხოლოდ 1 %-ს უნდა, თანამდებობაზე იყოს. საქართველოში კი 99 % ჩალიჩობს, რომ თანამდებობაზე იყოს და მხოლოდ ერთი პროცენტი აკეთებს ბიზნესს. გაანძრიეთ ხელი და თქვენ თვითონ შექმენით ეს დოვლათი. თუ მაინცდამაინც ბიძინამ უნდა ჩამოგაკითხოს და ატმის ხე რომ გიდგას, იმაზე დაგიკიდოს დოლარები, ეგრე არ გამოვა, ჩემო კარგებო, არა! კიდევ ვიმეორებ, 25 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ სახელმწიფო არ გვქონია, ქვეყანას ბიუჯეტი არ ჰქონია. ხომ ყველამ კარგად ვიცით, როგორც ავსებდნენ ნაციონალები ბიუჯეტს?! გაატყავეს მთელი ბიზნესი. ვისაც რამე შერჩა, ისიც ან მალავდა, ან შეშინებული გარბოდა ქვეყნიდან. ამ დანგრეულს აშენება უნდა, ფეხზე წამოდგომას დრო სჭირდება. ხალხისაც კარგად მესმის, მაგრამ, მოდით, ვისწავლოთ სახელმწიფოს ერთად შენება. ვაცადოთ ამ ხალხს და, თუ რამდენიმე წელიწადში არ იქნება არანაირი შედეგი, მერე მოვთხოვოთ პასუხი. ის, რაც 25 წელი ინგრეოდა, ერთ წელიწადში როგორ უნდა აშენდეს?! მე ძალიან მომწონს ღარიბაშვილის პოლიტიკა, მისი საგარეო კურსი. რამდენი წელი ცდილობდა სააკაშვილი, რომ თუნდაც დერეფანში შემთხვევით შეხვედროდა ობამას და მისთვის ხელი ჩამოერთმია. ღარიბაშვილის წარმატებულმა ვიზიტებმა ნაციონალები საერთოდ ამოაგდეს კალაპოტიდან და არათანმიმდევრულები გახადეს. თავადაც კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი დღეები დათვლილია. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მათი ხსენებაც კი აღარ იქნება ქართულ პოლიტიკაში. კარგად იცის სააკაშვილმა, რომ ის წარსულია, აღარავის სჭირდება და სწორედ ამიტომაც გაჰყვირის უკრაინაში დუჟმორეული.



ნონა ცაბაძე

გაზეთი „ახალი თაობა"

15. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016