საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
„ნურავის ეწყინება, მაგრამ ნაკრებს რა ფეხბურთელებიც ჰყავს, თემურიც ისეთ ფეხბურთს თამაშობს… ქეცბაია შემტევი იყო, დარწმუნებული ვარ, შემტევი ფეხბურთი დღესაც ძალიან უყვარს, მაგრამ მწვრთნელია და ჯერ იმას ფიქრობს, შემტევები არა მყავს და გოლი მაინც არ გავუშვაო… რა თქმა უნდა, შეცდომები მასაც აქვს. თუნდაც ფინეთთან მატჩი ავიღოთ - შინ, აუცილებლად მოსაგებ მატჩშიც იმ ტაქტიკით ითამაშა, როგორც საფრანგეთთან! თუმცა, საზოგადოდ, მის მუშაობას დადებითად ვაფასებ - ამ კონტინგენტით მაქსიმუმს აკეთებს…
გუნდის შეკვრა არ არის ასე ადვილი! კონტინგენტი უნდა გყავდეს. თუ კონტინგენტი გყავს და ვერ შეკრავ, მაშინ ხარ სუსტი! შეტევით ფეხბურთში ჯერჯერობით სუსტი ვართ. მხოლოდ დაცვაზე, მხოლოდ ბურთის მოგერიებაზე ფიქრი, მით უმეტეს, ქართველისთვის - საშინელებაა… ამიტომაც არის გულშემატკივარი უკმაყოფილო. ჯერ კიდევ ჭყინტია ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე, ყენია და სხვები ჯერ დასაღვინებელი არიან. თანაც, იყო პერიოდები, როცა არ უწევდათ კლუბებში თამაში, ასეთ დროს კი რთულია ნაკრებში თავის გამოჩენა.
კონფლიქტები ფეხბურთელების ბრალიც არის, მაგრამ ქეცბაია პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ბოლომდე იხარჯებოდა, დილიდან საღამომდე ვარჯიშობდა, რეჟიმს იცავდა, ასეთი მიდგომა აქვს ჩამოყალიბებული და შესაბამისად, ფეხბურთელებსაც იმავეს სთხოვს. ესენი კი სხვანაირად არიან ჩამოყალიბებული…ფეხბურთელი მწვრთნელს რომ ეტყვის, მე კლუბში ასე არ ვაკეთებდიო, რაღაზეა ლაპარაკი? არ მაინტერესებს, კლუბში როგორ აკეთებდი, აქ მე რასაც გთხოვ, ის უნდა გააკეთო! დამოკიდებულებაა არაპროფესიული. ანდა, რას ჰქვია „ასეთი ხასიათი აქვს“?! ეს ხომ ეროვნული ნაკრებია, შენ ქეცბაიას კი არა, სამშობლოს ემსახურები! მაგრამ მწვრთნელიც უნდა წავიდეს რაღაც დათმობაზე, სწორედ ეს არის მწვრთნელის ხელოვნება — ბალანსი უნდა დაიცვას, ოქროს შუალედი მოძებნოს… არ არის ის, რაც შენ იყავი და ამიტომ იმავეს ნუ მოსთხოვ! მაგრამ ფეხბურთელებს მეტად ვადანაშაულებ… თუმცა, ცუდია, ამდენი განაწყენებული ფეხბურთელი რომ არის“, - აცხადებს ნემსაძე.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)