თბილისის სპორტის სასახლეში, ხვალ ძიუდოში "თბილისის გრანპრი 2014" გაიხსნება. ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილე მიიღებს. მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში გათამაშდება. ღონისძიების საზეიმო ცერემონიალი ხვალ, 16:30 საათზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი მიიღებენ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ნასერ ალ ტამიმიმ გრანპრი-სთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ქევხიშვილმა განაცხადა, საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა და მაქსიმალურად მაღალი შედეგისთვის იბრძოლებს.
"ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ ასეთი დონის ტურნირს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირველად ტარდება გრანპრი, შეჯიბრის ორგანიზებასთან დაკავშირებით შენიშვნები საერთოდ არ ყოფილა. მინდა წარმატებები ვუსურვო მონაწილეებს", - განაცხადა ქევხიშვილმა.
ალ ტამიმის თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი ქვეყანაა ძიუდოში.
"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ კვლავ ვიმყოფებით საქართველოში. თბილისის გრანპრი ძალიან კარგი მომენტია ყველა სპორტსმენისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ. შეიძლება წელს ცოტა მცირე რაოდენობაა ქვეყნებისა და სპორტსმენების, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა მომავალ წელს გაიზრდება", - განაცხადა ელ ტამიმმა.
„თბილისის გრანპრი" 23 მარტს დასრულდება.