ფოთის ნავსადგურში დაკავებული ბელიზიის დროშის ქვეშ მცურავი უკრაინული გემის ეკიპაჟის წევრები დახმარებას ითხოვენ. გემზე დარჩენილ ეკიპაჟის ოთხ წევრს ხელფასი 6 თვეა არ აუღია.
გემი გასული წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დააკავა, მოგვიანებით კი ფოთის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა და ზიანის ანაზღაურება დააკისრა. გემთფლობელმა ჯარიმა ვერ გადაიხადა. ეკიპაჟის 7-მა წევრმა და გემის კაპიტანმა გემი მიატოვეს და ურაინაში წავიდნენ. მშრალტვირთმზიდ „როქსოლანა 1" -ის ეკიპაჟის დარჩენილი წევრები გემის მიტოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებენ. ბორტზე დარჩენილი უკრაინელები გემთმფლობელისგან ხელფასების დროულად ჩარიცხვას ითხოვენ. მათი სახელფასო დავალიანება 40 ათას დოლარამდე შეადგენს. კომპანიას იმ ეკიპაჟის წევრების დავალიანებაც აქვს, რომლებმაც საქართველო უკვე დატოვეს.
Livepress.ge-ს ინფორმაციით, ეკიპაჟის საქართველოში დარჩენილი წევრები ამ დრომდე გემზე ცხოვრობენ. დღეს ისინი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღავნელობამ მოინახულა და საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები გადასცა.
ჯარიმის გადაუხდელობის გამო გემთმფლობელ კომპანია „Med Global Group-ს" ქართულმა მხარემ სასამართლოში უჩივლა. საქმე განხილვის სტადიაშია. სწორედ სასამართლო გადაწყვეტს, ჯარიმის და ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, ჩამოართმევს თუ არა გემს უკრაინულ კომპანიას.
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემის გადმოცემის შემთხვევაში მის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. ამ შემთხვევაში სახელფასო დავალიანებების გადახდაც მათ დაეკისრებათ. სხვა შემთხვევაში საქართველოში დარჩენილ ოთხ უკრაინელს დავის გაგრძელება კვლავ გემთმფლობელთან მოუწევს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)