reportiori.ge - „რა დროშა მოგვცა მიშამა!..“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:36
პრეს-დაიჯესტი
„რა დროშა მოგვცა მიშამა!..“
ავტორი:
20 მარტი, 2014. 17:27

მოვიდეთ პირველ სიტყვასა ზედა და კვლავ გახელაძის სამშაბათის „ფეისბუკ ნააზრევს" დავუბრუნდეთ. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გახელაძეს, ასე თუ ისე, იცნობენ და მისი გონების სიდიადის სჯერათ, ადვილად წარმოიდგენენ ამ ერთი შეხედვით მარტივი წინადადებების მიღმა გახელაძის აჭარხლებულ-ალეწილ სახეს და აჩქარებულ-დაბნეული ბოლთის ცემას, რომელსაც „ფეისბუკზე" მწყობრი მსჯელობის საშუალებით უპირებს შენიღბვას. სიცრუეა ყველაფერი, რასაც მაბრალებენო, წერს ბორდის ყოფილი თავმჯდომარე, თანაც მსჯელობისთვის მწყობრი არგუმენტაციის მიცემის მიზნით სიცრუეებს ნომრავს. ეს ისე, მეტი დამაჯერებლობისთვის: „სიცრუე პირველი: თითქოს საბჭო გადაწყვეტილებებს, მათ შორის ფინანსურს (აქ მძიმე უნდა დაეწერა, მაგრამ მეტი აღელვებისგან გამორჩა) იღებდა არაკომპეტენტურად და დახურულ რეჟიმში.

 

სინამდვილეში საბჭოს ყოველი სხდომის სრული ვიდეოჩანაწერი, სხდომის ოქმები და გადაწყვეტილებები მყისიერად თავსდებოდა და ახლაცაა განთავსებული მაუწყებლის ოფიციალურ საიტზე. სიცრუე მეორე: თითქოს საბჭო არ იყო კრიტიკული მენეჯმენტის მიერ (ალბათ, „მიმართ"-ს გულისხმობდა) და ვერ ან არ განსაზღვრავდა პრიორიტეტებს პროგრამულ ან ფინანსურ-მმართველობით სფეროში". ეს უკანასკნელი ნააზრევი კარგად დაიმახსოვრე, მკითხველო, აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში. მოკლედ, შედით ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნახეთ, რა სუფთად ვმუშაობდით, რა უბიწოები ვიყავით, როგორ თეთრად ვჭრიდით და ვკერავდით ყველაფერსო. ნამდვილად არ მიძებნია, რამდენი შემსვლელ-დამთვალიერებელი ჰყავდა გახელაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ბორდის სხდომებს, მაგრამ საყოველთაო აღიარებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მნახველ-მომწონებელი „ფეისბუკზე" იმ ვიდეოს ჰქონდა, რომელშიც მოხუცი ქალბატონი უზარმაზარტარიან საქართველოს დროშას აფრიალებს და შეგნებულად თუ შეუგნებლად ხოტბას ასხამს საყვარელ პრეზიდენტს. მეტად საეჭვოა ამ ქალბატონისთვის და მრავალი მისი მსგავსისთვის 9 წლის განმავლობაში რამე მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს გრძელტარიანი, წითელი დროშის გარდა, თუმცა საკუთარ თანაგუნდელებს კი დროშის ტარზე გაცილებით მეტი მისცა, იმდენად მეტი, რომ ვალში მყოფი თანაგუნდელები დღემდე ვერ „ამოდიან" ამ ვალებიდან და ექსპრეზიდენტის რეანიმირებისთვის დღედაღამ მუხლჩაუხრელად იბრძვიან.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ნარჩენებიც სწორედ ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელთა კეთილდღეობაზე განუხრელად მზრუნველ პრეზიდენტს ახსოვს მათთვის გაკეთებული მეფური საჩუქრები. შორს რომ არ წავიდეთ, ბორდის თავმჯდომარის მოადგილისა და „24 საათის" დამფუძნებლის, მამუკა ფაჩუაშვილის ამბავიც კმარა, რომელსაც სააკაშვილის პირადი მითითებითა და დედაქალაქის მერისა თუ განათლების მინისტრის აღსრულებით, მრავალმილიონიანი ქონება და გამართული ბიზნესი ჩაუგდო ხელში. სამაგიეროდ მედიაექსპერტებისა თუ პოლიტიკური ექსპერტის ამპლუაში სხვადასხვა მედიასაშუალებებით (რომელთა უმრავლესობასაც ნაციონალური ხელისუფლება აკონტროლებდა) მათ ხშირად ვხედავდით ხელისუფლების ქომაგებად და მაშინდელი სახელმწიფო პოლიტიკის „გამპრავებლებად". თუმცა, მამუკა ფაჩუაშვილი, პაატა ვეშაპიძისგან განსხვავებით, არცთუ ხშირად ხვდებოდა თვალში ქართველ მაყურებელს. არ ვიცი სტრატეგიის, არ ვიცი მეტყველების დეფექტის გამო, ის ხშირად არ აკეთებს კომენტარებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, თუმცა სტრატეგიულად ყველაფერს აკეთებს საკუთარი ბიზნესის მოსამძლავრებლად, რომელშიც ყველანაირად ხელს უწყობს ყოფილი სახელმწიფო მანქანა. რასაკვირველია, გახელაძის ნახსენებ ტელევიზიის ვებსაიტიდან მაყურებელი ვერაფრით იფიქრებდა, რომ ბორდის თავმჯდომარის კუთხეში მჯდარმა „ბუნჩულა" მოადგილემ სააკაშვილის მმართველობის სულ რამდენიმე წელიწადში, თავის წილად, დაახლოებით 10 მილიონი ქეშად იშოვა, ქონების სახით კი, სააკაშვილ-უგულავას ტანდემმა თავიანთი პოლიტიკის „გამპრავებელს" 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჯიქიას ქუჩაზე, ისიც 6-თვიანი განვადებით, სულ რაღაც, 20 000 „აჩუქა", სულ რაღაც 15-ჯერ იაფად. რა მოხდა მერე, ბიჭებს ხელი წაუკრა და ესეც არ იკმარეს, სტამბას უახლესი დანადგარებით აღჭურვა ხომ უნდაო და... ეს დანადგარებიც პრეზიდენტულად „უფეშქაშა".


რა სამწუხაროა, რომ „1-ლი" არხის საიტზე დაინტერესებული კაცი ვერც იმ ინფორმაციას წააწყდება, რომ ბორდის თავმჯდომარის მოადგილეს სახელმწიფო ინსტიტუტებმა 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან 2-ნახევარი მილიონის სახელმწიფო შეკვეთა მიიღო:

თბილისის მერია - 172000 ლარი.

განათლების სამინისტრო - 155000 ლარი.

გარემოს დაცვის სამინისტრო - 79000 ლარი.

ფინანსთა სამინისტრო - 58000 ლარი.

გარემოს დაცვის სამინისტრო - 55000 ლარი.


თუ ჩავთვლით, რომ სახელმწიფო შეკვეთები მიღებული დოკუმენტების  ნახევარია, აღმოჩნდება, რომ ჩვენმა მკითხველმაც 2 მილიონიც 2-ზე უნდა გაამრავლოს და ფაჩუაშვილის გამდიდრების დაახლოებით სქემას მიიღებს.


გარდა ოფიციალური შეკვეთებისა, საკონკურსო და სატენდერო განცხადებებისა, სახელმწიფო უწყებები „24 საათს" სარეკლამო სტატიებსა და ფურცლებშიც უხდიდნენ. მაგალითად, უზენაესი სასამართლო გაზეთთან ძლიერი სამართლის გვერდის დასაფინანსებლად 8000 ლარს უხდის. გაზეთიც სიამოვნებით თანამშრომლობს უზენაესთან, ხოლო ძლიერი სამართლის გვერდის ნაცვლად კუბლაშვილის რიტორიკით აჭრელებულ გვერდებს იღებს, რომელშიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯომარე იუწყება, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში ყველაფერი კარგადაა და რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად მიდის წინ, ევროსასამართლოსკენ!.. გაზეთი, რასაკვირველია, არასოდეს მიუთითებს იმაზე, რომ მასალები დაფინანსებულია. ის 5000 მკითხველი კი, რომელიც გაზეთს ენდობა, დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, კუბლაშვილი კი დამოუკიდებელი სასამართლოს სადარაჯოზე დგას.


სამწუხაროდ, გახელაძეს საზმაუს საიტზე არც ის ინფორმაცია აუტვირთავს, როგორ გადაუხადა 2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შპს „მვპ"-ს, იგივე მამუკა ფაჩუაშვილს, ვიქტორ დათიკაშვილსა და პაატა ვეშაპიძეს 40 000, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალის დასაბეჭდად. გახელაძის პროტესტი არც მაშინ გვახსოვს, როდესაც ფაჩუაშვილი, რომელიც ამ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის მოადგილეა და თავის ერთი ხმით „1-ლი არხის" მენეჯმენტს აკონტროლებს, კოლეგებს ჟურნალის გამოცემას სთავაზობს, რომლის მთავარ რედაქტორადაც ეკა კვესიტაძის პროდიუსერს, ირაკლი ტაბლიაშვილს ნიშნავენ. ჟურნალი მშვენიერი პოლიგრაფიული გამოცემაა, ღირს ქართველი მკითხველისთვის იგავმიუწვდომლად ძვირი - 4 ლარი, თუმცა არ იყიდება და მხოლოდ საზმაუს დერეფნებში აწყვია დასტა-დასტად, მუქთად, ეგება ვინმემ სახლში წაიღოს და თვალი გადაავლოს. იმ პერიოდში საზოგადოებრივ არხს იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, არათუ მის ბეჭდურ გამოცემას, არხსაც აღარ უყურებდა მაყურებელი, თუმცა ბორდის იმდროინდელი თავმჯდომარე - ლევან გახელაძე, მისი მოადგილე და ჟურნალის გამომცემელი - მამუკა ფაჩუაშვილი და კვესიტაძის პროდიუსერი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც ჟურნალის მთავარ რედაქტორად ინიშნება, კმაყოფილნი არიან!.. აქედან გამომდინარე, მკითხველისთვის დიდ ამოცანას არ უნდა წარმოადგენდეს ბორდის წევრის, მამუკა ფაჩუაშვილის „მიუკერძოებელი" საქმიანობა არხის გენდირექტორის საქმიანობის შესწავლისას.


გახელაძე არც იმ რიგით მერამდენე ფაქტზე ამახვილეს ყურადღებას, რომ... ეს ოხერი ფული მაინც ფულია და სწრაფად იცის ხოლმე შემოჭრა-შემოხარჯვა. ფაჩუაშვილს ყოველწლიური მილიონიანი საპრეზიდენტო პრეზენტი არ ჰყოფნის და მრავალი თვის განმავლობაში „24 საათისთვის" ოფისს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ კორპუსში ქირაობს. ოფისისთვის დაწესებულ თანხას, რასაკვირველია, არ იხდის. ან კი ვინ უსაყვედურებს. ყველაფრის ბატონ-პატრონი ხომ ლევან გახელაძეა, საზმაუს ბორდის თავმჯდომარე! ჰოდა, „24 საათს" საზოგადოებრივი მაუწყებლის ზუსტად 24000-იანი ვალი აქვს, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ედავება საკუთარი ბორდის წევრს. როდესაც კონტროლის პალატა საზოგადოებრივი მაუწყებლის პასივებსა და აქტივებს თვლიდა, საინტერესოა, ფაჩუაშვილის დავალიანებაც მიათვალა თუ არა, რადგან სახელგატეხილი ბორდის სახელგატეხილ წევრს, რომელიც მხოლოდ კონტროლირებად „იმედის" ჟურნალისტებთან აკეთებს კომენტარს, ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია. სამაგიეროდ სულმოუთქმელად ელის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ. ვინ იცის, ეგება თავად აღარც სურს ბორდის წევრობა, მაგრამ რა უყოს იმ ფინანსურ ვალდებულებებსა და მორალურ პასუხისმგებლობებს, რომლებიც სააკაშვილის, უგულავას, თარხნიშვილის, ბოკერიას და სხვათა წინაშე აქვს...


ფაჩუაშვილთან შედარებით რა მოსატანია ბაკურ სულაკაური და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", რომელსაც, აგრეთვე, არ ავიწყდება ვალი ყოფილი ხელისუფლების წინაშე. მართალია, სულაკაური ბორდის წევრია, მაგრამ დიდად აღარ აღელვებს დაშლილი ბორის მომავალი და მისი შეშლილი თავმჯდომარის თათბირებსაც კარგა ხანია აღარ ესწრება. თუმცა, თუ სააკაშვილმა საზმაუში „ქუდზე კაცი" დაიბარა, რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს - ერთ დროს ნაციონალების ხარჯზე აწყობილი ბიზნესის მომავალი თუ ან ვადაგასული პრეზიდენტის ერთგულება.


ბორდის ყოფილი წევრი, გიგა ნასარიძე ისე წავიდა ტელევიზიიდან და ისე გაუჩინარდა პოლიტიკურ კულუარებში, რომ მხოლოდ კარგი მეხსიერების მქონე მაყურებელსღა ახსოვს მისი „საქმენი საგმირონი" ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა, ნასარიძე საზმაუდან უკვალოდ არ გამქრალა. მისი „კვალი" ბორდში მისივე მეგობარი გოგო, ნატო დვალია, რომელიც ერთ დროს ბორდის თვმჯდომარეობასაც აპირებდა, თუმცა გოგუაძის არაადეკვატურმა მოქმედებებმა, ლანძღვა-გინებამ და გაურკვეველი მომავლის შიშმა ძალაუფლების სურვილი დაჯაბნა და უბრალო ბორდელად დარჩა.


რაც შეეხება გოგუაძის ბოლოდროინდელ სიგიჟეებსაც, საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარავის ეპარება ეჭვი მის შეურაცხადობაში.


გოგუაძის უბედურება იქიდან დაიწყო, როდესაც ნაცელიტაში შესვლისა და ბორდის თავმჯდომარის სავარძლის ხელში ჩაგდება „ნამეტნავად" მოინდომა. მისი ყოფილი მეგობარი და ბორდის ყოფილი წევრი ავთო ანთიძე ამ შემთხვევაზე ამბობდა: „ონ ოჩენ სილნო ხოტელ ლარისუ ივანოვნუო". ბორდის მაშინდელმა წევრმა და სააკაშვილის კლასელმა „ზუმბამ" თავმჯდომარის თანამდებობაზე გოგუაძეს მხარი არ დაუჭირა. გააფთრებული გოგუაძე თანამშრომლებით სავსე ოთახში შევარდა, „ზუმბას" მობილურით დაურეკა და პირდაპირ წივილ-კივილით ერთი საათი დასძახოდა: „შენ .... ქუსლებზე, თუ მე ეგ ღალატი გაპატიოო". წერტილებით აღნიშნულ ადგილზე, ლიტერატურულად, ფეკალური მასა იგულისხმება, თუმცა, ჟარგონულ-გოგუაძისეულად უფრო შთამბეჭდავად ჟღერდა. „ზუმბა" პირველი მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და მეგობრები გააფრთხილა: მაგას ერიდეთ, ბნელ კუთხეში არ მიგიმწყვდიოთ და რამე არ ჩაგცხოთ თავშიო. მერე და მერე, გოგუაძის ნერვიულ აშლილობას მტერიც და მოყვარეც მიეჩვია. აღარც დერეფნებში გინებ-გინებით „მონავარდე" ბორდის თავმჯდომარე უკვირდა ვინმეს და აღარც მისი უადგილო წივილ-კივილი. საკუთარი მდივნებიც კი ყოველ დილით მის წინადღინდელ „ონავრობებზე" საუბრობდნენ და კაბინეტში შესულები სიცილს ვერ იკავებდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავის თავს საქართველოს უპირველეს პოეტსა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მთავარ იდეოლოგს უწოდებდა. კულმინაცია მაინც საკონსტიტუციო სასამართლოში ყივილი და ყეფა იყო. იმ დღეს წამლის დალევა დამავიწყდაო, დარცხვენილი უხსნიდა მდივნებს საკონსტიტუციოში თავსდატეხილ ფიასკოს. ყველაფერი მაპატიეთ, ფსიქიატრთან დავდივარ და მალე უკეთ გავხდებიო, არწმუნებს ნაცნობსა და უცნობს გოგუაძე და მალე გამოჯანმრთელების იმედით ტოვებს გულმოკლულ ჭირისუფალს...


მოკლედ, გოგუაძის ჯანმრთელობის გადარჩენის მიზნით თანამშრომელთა ერთი ნაწილი აპირებს სპეციალური თხოვნით მიმართოს საკონსტიტუციოს, რათა მან, სასამართლო ექსპერტიზის მეშვეობით, ბოლოს და ბოლოს, დაადგინოს, შერაცხადია თუ არა „1-ლი არხის" დაშლილი ბორდის თავმჯდომარე და ამ ფონზე, რამდენად სამართლებრივია მისი საკონსტიტუციო სარჩელი უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ.


ნაციონალური ბორდი კი, სახელგატეხილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული წევრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ელოდება, რომლის გადაწყვეტილებაც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხვალინდელ დღეს.

თუ დაშლილი ბორდის ნარჩენებს მოსამართლე ვარძელაშვილმა იმედები არ გაუცრუა და უფლებამოსილების ვადა აღუდგინა, მაშინ ნაციონალები კვლავ შეუნელებელი ენთუზიაზმით დაელოდებიან პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის დაანონსებულ „სახალხო რევოლუციას" საქართველოში, ჯერ კიდევ შენარჩუნებული სავარძლებითა და გავლენებით „1-ელზე".




(ლევან მაჭუტაძე, გაზეთი „ალია")

ნაწილი 3 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016