აღალარლი დაშგინიმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა წერილი ციხიდან. მას აზერბაიჯანის ხელისუფლება გადასახადების დამალვისთვის ეძებს, ლტოლვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. აზერბაიჯანში გადასახადების დამალვის მოტივით პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად რომ ასამართლებენ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ბრალდებულის ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის მოქალაქე უკანონოდ დააპატიმრა.
48 წლის აღალარლი დაშგინს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ამირან ძაბუნიამ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება. აღალარლი დაშგინი სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო ეძებს. აზერბაიჯანის მოქალაქე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა უკრაინისა და თურქეთის სამართალდამცავებმა იგი არ დააპატიმრეს და მან თავისუფლად შეძლო საქართველოს საზღვართან მოსვლა.
„დანაშაული, რომლის ჩადენასაც მედავება აზერბაიჯანის სახელმწიფო, არ ჩამიდენია, ვეწეოდი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, ვაკრიტიკებდი მოქმედ ხელისუფლებას, რის გამოც მდევნიდნენ. სწორედ ამ დევნის გამო იძულებული გავხდი, გასული წლის ივნისში დამეტოვებინა სამშობლო და თავი შემეფარებინა მეზობელი სახელმწიფოებისთვის. „დანაშაული", რომლის ჩადენასაც მედავებიან, მოხდა 2010 წელს, მას შემდეგ სამი წელი ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში და შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცეს მაშინ, როცა 2013 წლის ივნისში დავტოვე ჩემი ქვეყანა და ჯერ უკრაინიდან, შემდეგ კი თურქეთიდან დავიწყე აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა", - წერს ბრალდებული წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა, მისი ასლი კი ბრალდებულის ადვოკატმა „ბათუმელებს" მიაწოდა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)