"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ და მოძრაობის ლიდერებმა საქართველოს კონსტიტუციაში ტრადიციული ქორწინების მხარდამჭერი ჩანაწერის შესატანად ხელმოწერების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს. თარგამაძე ახალციხის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის ინიციატივა პირადად გააცნო.
"მიხარია, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ასეთი ენთუზიაზმით შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას. სავსებით ვიზიარებ ერთ-ერთი ახალციხელის აზრს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები და წინდაუხედავები და ურმის გადაბრუნების შემდეგ არ უნდა გამოჩნდეს გზა. საჭიროა, მანამდე დავინახოთ რეალური საფრთხე და ცივილიზებული, სამართლებრივი ფორმით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ერთსქესიანთა ქორწინებებისა და ასეთ ქორწინებაში მყოფი წყვილებისგან ბავშვების შვილად აყვანის შესაძლო დაკანონებისგან." - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
მომდევნო კვირას "ქრისტიან-დემოკრატები" ხელმოწერების შეგროვების მიზნით მოსახლეობასთან მსგავს შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში გამართავენ.