ჭიათურაში დარკვეთის ქარხნის შენობის დემონტაჟის დროს, უბედური შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „რეპორტიორს“ ჭიათურიდან ადგილობრივებმა აცნობეს, შენობის ნგრევისას რკინის კონსტრუქციამ ორი მუშა მოიყოლა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე მამაკაცი კი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მოათავსეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.
„დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ დარკვეთის ქარხნის დემონტაჟის დროს ერთი მაღაროელი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. გამოძიება 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს“, - განუცხადა „რეპორტიორს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დარკვეთის ძველი ქარხანა „კესო-ბესოს“ სახელით ცნობილმა ბესო (კესარია) აბრამიძემ შეისყიდა. ძველი ქარხნის დემონტაჟი რამდენიმე უკვე თვეა მიმდინარეობს.