საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძიუდოში საერთაშორისო ტურნირის – „თბილისის გრანპრის“ გახსნის ცერემონიაზე ძიუდოს ხელშეწყობასა და სპორტის ამ სახეობის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ტურნირის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევის გამო მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ყურადღება ასევე გაამახვილა ტურნირის ჩატარების ორგანიზებაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ შეტანილ წვლილზე.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ძიუდოს განვითარებას, ყველა პირობას ვუქმნით ძიუდოისტებს დაოსტატებისათვის, იმისათვის, რომ გახდნენ პროფესიონალი სპორტსმენები და მსოფლიოში გაუთქვან სახელი ჩვენს ქვეყანას. ძიუდოს ხელშეწყობა და სპორტის ამ სახეობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამიტომაც საქართველოს მთავრობამ საგრძნობლად გაზარდა დაფინანსება სპორტსმენთა საწვრთნელი პროცესისა და შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დღეებში მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენების გვერდით საასპარეზოდ გამოვა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც უკვე მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელეს ქართველმა ძიუდოისტებმა და მჯერა, რომ ახლაც წარმატებით იასპარეზებენ და გაახარებენ გულშემატკივარს. სპორტი ერთმანეთთან აახლოებს ხალხებს და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ჩვენ მზად ვართ ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ საერთაშორისო დელეგაციებს.”- განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)