reportiori.ge - დიპლომატურ-ჟურნალისტურად როგორ "მიჯირყვნეს" ჩვენმა ქალბატონებმა ევროპრლამენტის თავმდომარე და... რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:08
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დიპლომატურ-ჟურნალისტურად როგორ "მიჯირყვნეს" ჩვენმა ქალბატონებმა ევროპრლამენტის თავმდომარე და... რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!
ავტორი:
23 მარტი, 2014. 16:56



    ის, რაც მოხდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგზე, როცა ქართველმა ჟურნალისტმა  "შავი დღე" აყარა ბატონ მარტინ შულცს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის "დავიწყების" გამო, ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. 

  ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბრიფინგზე ევროჩინოვნიკის "მიჯირყვნის" გამო, ფეისბუკის საზოგადოების საგრძნობი ნაწილის  ოვაციებმა,  გულზე მჯიღის ცემამ და ტაშ-ფანდურმა, შესაძლოა "დომინოს ეფექტი" მოახდინოს და მომავალში ნებისმიერი ბრიფინგი პატრიოტული ანგარიშსწორების არენად გადაიქცეს. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ის მინიშნებები, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგზე გადადგმული ეს პატრიოტული ნაბიჯი სამაგალითო უნდა გახდესო  არა მარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისთვის; რომ კიდევ უფრო შემტევი  გახდესო საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა დიპლომატიურ ფრონტზე და უცხოურ მედიაში. რა თქმა უნდა ეს სურვილები  მართებული და მხარდასაჭერია, ოღონდ... გააჩნია, რა ფორმით, როდის, სად, როგორ და ვინ უნდა გააკეთოს ეს!

    ეს მედლის ერთი მხარეა.

   მაგრამ არის მეორე მხარეც. და მასზე ყურადღების გამახვილება არ მინდა ვინმემ ჩათვალოს ჟურნალისტი ქალბატონისადმი რაიმე პრეტენზიის გამოხატვად. მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას.

   თავად განსაჯეთ:   ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე გამოსვლისას  დაგმო რუსეთი ქმედება ყირიმში და გამოიყენა ტერმინი  "ანექსია",  ამასთან, აღნიშნა, რომ  ტერიტორიების ასეთი მიტაცების ფაქტს ადგილი არ ქონია ბოლო ათწლეულების მანძილზე. ქართველმა ჟურნალისტმა "გააპროტესტა" ეს პოზიცია და შეახსენა ბატონ შულცს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, ანუ გამოიყენა ტერმინი "ოკუპაცია". ამ პოლემიკაში, შემდგომ,  ჩაერთო ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც  ევროპარლამენტის "ნაკლებადინფორმირებულ" N1 ჩინოსანს "აუხსნა" საკითხის არსი.

   ამ  მოულოდნელ პაექრობაში, რომელსაც პოლიტიკური და ჟურნალისტური ელიტა ადევნებდა თვალს, ჩვენმა "მხარემ" პატრიოტიზმთან ერთად მარტო პოლემიკური ოსტატობა კი არ გამოავლინა, არამედ უახლესი ისტორიის ეპოქალური მოვლენის- "ცივი ომის" ქრონოლოგიის ელემენტარულ ცოდნაშიც კი დაჯაბნა  და "კუდით ქვა ასროლინა" ევროდიპლომატიის ვარსკვლავს.

    ხუმრობა იქეთ იყოს და მივადქეთ მთავარ სათქმელს, რის გამოც "დაეტაკნენ" ჩვენი მოღვაწე ქალბატონები ევროპარლამენტის თავმჯდომარეს: "ანექსია" თუ "ოკუპაცია", ანუ არის თუ არა სხვაობა ამ ტერმინებს შორის?

  უნდა გავაწბილო ჩვენი ძვირფასი და ნამდვილად პატივსაცემი ქალბატონები და მათი გულწრფელი ტაშისმკვრელები: არის! თანაც, პრინციპული სხვაობა!

  და აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენ-ქართველებმა „ვუსაყვედურეთ“ ევროპელ მაღალჩინოსან ოპონენტს იმ საკითხზე, რაზედაც ის... არ საუბრობდა, ანუ უნდა ვაღიაროთ: ევროპრლამენტის თავმჯდომარე იყო მართალი, მან სრულიად დროული, კომპეტენტური და სამართლებლივად ზუსტი შეფასება მისცა რუსეთის ნაბიჯს.  ჩვენი მხრიდან კი, ჟურნალისტის შეკითხვა იყო არასწორად, უსაფუძვლოდ დასმული, ხოლო მინისტრის "ახსნა", რბილად რომ ვთქვათ, უადგილო და უსაფუძვლო!  

   ყველაფრის თავი და თავი კი გახლავთ ელემენტარული არაპროფესიონალიზმი, მისგან გამომდინარე ყველა კომპონენტით. ევროპარლამენტის თავმჯდომარის ქართველ ოპონენტებს უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობაზე რომ ესწავლათ, ან შემდგომ ჩაღრმავებოდნენ „საკითხს“, ეცოდინებოდათ ის პრინციპული სხვაობა, რაც ამ ცნებებს შორის არსებობს და რაც ნებისმიერი მეორეკურსელისთვის ცხადზე უცხადესია: "ოკუპაცია უნდა გავმიჯნოთ ანექსიისაგან, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის სრულ ან ტერიტორიის ნაწილის ძალით მიერთებას გულისხმობს".

    ჰოდა, საკითხავია: რას ვედავებოდით და ვედავებით ევროპარლამენტის თავმჯდომარეს?

  ეგებ, ასეთი ზერელობა ქმნის იმ უხერხულობებს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტზე.

  ეს ფაქტი შემთხვევითი და იშვიათი რომ იყოს, ეგებ არც ღირდა ამ თემის "გაღვივება". მაგრამ, საზოგადოებისთვის ცნობილია ნაკლებკომპეტენტურობისა,  ნაკლებკოლეგიალობის, დიპლომატიური ეთიკის ნორმებისა და ეტიკეტის ნაკლებადცოდნის, და აქედან გამომდინარე მისი  ნებსით თუ უნებლიე დარღვევის არაერთი მსგავსი ფაქტი, რომელსაც ადგილი ქონდა უმაღლეს ფორუმებზეც კი, მათ შორის, თუნდაც იმ ორ- თუ მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომლებიც  ვილნიუსის სამიტის დროს მოეწყო; თუნდაც გერმანიაში ვიზიტისას ერთერთი მაღალჩინოსნის "მსუბუქი ნასვამობის" გამო როგორ ჩაიშალა დაგეგმილი შეხვედრა სტუდენტობასთან.

   ანდა, განა ამ სატკივარზე არ მეტყველებს ის არასასურველი პრაქტიკა, რომლის ერთ-ერთი ბოლო, ღიმილისმომგვრელი შემთხვევა ამ ცოტა ხნის წინ გააჟღერა „რეპორტიორმა“:  პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერის  რიგრიგობით (!?) გაჟღერებული ქართული სახელმწიფოს პოზიციები, რომლებიც უკრაინის კრიზისთან იყო დაკავშირებული, შემდეგ ასევე რიგრიგობით (!?) და პერსონალურად "გაამაგრეს" და "წონადობა" შემატეს ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერე-თავდაცვის მინისტრმა და დააგვირგვინა- ევროინტეგრაციის მინისტრმა! რაო, შინ თუ გარეთ არ დაუჯერებდნენ სახელმწიფოს პირველ პირებს?

    იმ პუბლიკაციაში საპირისპირო და მრავლისმეტყველ მაგალითად იქნა მოტანილი ლატვიის სახელმწიფოს პრაქტიკა, როცა ქვეყნის სახელით გამოქვეყნებულ  ერთ, ფუნდამენტალურ განცხადებას ხელს აწერდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. აი, ეს არის ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამხედრო ელიტის ერთიანობის დემონსტრაცია და არა ის, როცა სახელმწიფოს სახელით ამდენი (!) მაღალჩინოსნის ამდენივე (!) განცხადება უფრო შიდა თუ საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილია, რათა მიანიშნონ საკუთარი პერსონის მნიშვნელობა...  ჩემი აზრით კი ამა თუ იმ პერსონის დაუფარავი, დაუოკებელი, დაუკმაყოფილებელი ამბიციის, თანაც აშკარა პროვინციალიზმის ნებსით თუ უნებლიე გამოჭენება გახლავთ და უფრო იმაზე მეტყველებს, რომ სპეციალური განათლების, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, კომპეტენციის „დეფიციტის გარღვევის“ პარალელურად, საგარეო პოლიტიკის წარმართვასა და კოორდინაციაში ქვეყანას აშკარა პრობლემები გააჩნია.

    სახელმწიფო აზროვნებისა და პასუხისმგებლობის მქონე, მრავალმხრივ განათლებული, მაღალი კულტურის მქონე, დიპლომატიური სამსახურის თუ მედიასტრუქტურის საფეხურებგავლილი პრაქტიკოსის (ხელმძღვანელიდან რიგითამდე), ისევე როგორც ავტორიტეტული, წონიანი ჟურნალისტის ჩამოყალიბებას ჭირდება სისტემა, წლები და სათანადო „სასათბურე“ პირობები, როცა ამ სფეროებს შეჭიდებული ადამიანი ყოველდღიურად სრულყოფს საკუთარ ინტელექტს და პროფესიონალიზმს. ზოგჯერ, ამ თვისებების ნაკლებობა მცირე დეტალებშიც კი  გამოიკვეთება. ზოგად მსჯელობას თავი რომ დავანებოთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გამოჩნდა ის, რაც სისტემატურად არის თვალში საცემი ნებისმიერ ბრიფინგზე, სემინარზე, მიღებაზე: რამდენად სწორად იყო შერჩეული ადგილი და დრო, ტონალობა და ფორმა, რამდენად "დიპლომატური" და "ტაქტიანი", (მომავლის პერსპექტივაში-სასარგებლო) გამოუვიდა ქართულ „საერთაშორისო ჟურნალისტიკას" და ოფიციოზს (!) ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან საჯარო "საქმის გარჩევა"...

    სამწუხაროდ, ქართულმა დიპლომატიამ და მასთან დაკავშირებულმა ე.წ. "საერთაშორისო ჟურნალისტიკამ" არაერთგზის  დაამტკიცეს, რომ  ყოველთვის მანდამაინც სწორად ვერ არჩევენ "ხმის ამოღება-ამაღლების" დროს, ადგილს, ზოგჯერ ფორმას და ტონალობასაც; არცთუ იშვიათად ცოდავენ  "ჯენტლმენურ" ტერმინოლოგიასა და იარლიყების მიწებებაში.

  ილუსტრაციისთვის ვიკითხავ, ვინმეს თუ ახსოვს ოფიციალური თუ ჟურნალისტური გასაჯაროებული საპროტესტო  რეაქცია, თუნდაც, უნგრეთის პრემიერ მინისტრის ჯერ წინასაარჩევნო (2012 წ.) "აქტიურობაზე", შემდეგ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისას,  როცა ის "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ მოურიდებლად, ტენდენციურად, უხეშად ჩაერია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

    არც მაშინ მოგვიკლავს თავი, როცა  ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა "გაიგიჟა თავი"...

ჩვენი მხრიდან, განა საამაყოა ათეული  წლების მანძილზე მიმდინარე შეურაცხმყოფელი და სამარცხვინო  მედია-კამპანია თემაზე "კასპიდან პანღურამორტყმით გაძევებული პატარა ბიჭი ვალოდია პუტინი"?!

   ანდა, ბოლო ხანებში  უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩვენი დიპლომატიისა და მედიის ისტერიულ რიტორიკას უწოდებ კი გაწონასწორებულს, ბრძნულს, ქვეყნის სტრატეგიული მომავლის ინტერესებთან შეხამებულს, ანუ, ნამდვილად  დიპლომატურს?!

    ყველა ეს ნეგატივი, საბოლოო ჯამში, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ყულაბაში გროვდება და თავს იჩენს  ყველგან და ყველაფერში, არა მარტო ჟურნალისტიკისა და  დიპლომატიის სფეროშიც, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-კულტურულ-ეკონომიკურ არენაზე, არა მარტო რიგით თუ საშუალო რანგის, არამედ უფრო მაღალ დონეზეც.

  ეს არ არის ახლა "გამოჩეკილი" პრობლემები. წლების მანძილზე გროვდებოდა (სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება) ისინი და  დროულად რომ გაკეთებულიყო დასკვნები "დედალი ძროხების" თემასთან, სხვიტორში აკაკის საფლავის ძებნასთან, "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნასთან და სხვა არანაკლებ კურიოზულ ფაქტებთან დაკავშირებით, ახლა, მოკლე დროში,  მესამე პროკურორი არ იქნებოდა დასანიშნი; არც საზმაუს ძველ ბორდს ეყოლებოდა თავკაცად "მოწკავწკავე შიზოიდი"-პროვოკატორი და არც ახალი ბორდის დაკომპლექტება გაუჭირდებოდა პარლამენტს; სხვათაშორის, არც ორიოდე თვის წინ არჩეული პრეზიდენტის თვისება-ხასიათის მოულოდნელ(!) და რადიკალურ(!) ცვლილებებზე იქილიკებდა ობივატელი...

   კარგია, რომ ახალგაზრდა და იმედისმომცემი პრემიერი სანთლით დაეძებს პროფესიონალ კადრებს, მაგრამ, ეტყობა, უჭირს. და ეს ბუნებრივია, როცა მარტო ეძებს. ამიტომ, სხვებიც(!) უნდა დაიხმაროს და  ერთად უნდა გააფართოვონ "ძებნის პარამეტრები და საზღვრები", თორემ პროფესიული, კუთხური წარმომავლობისა და ასაკიდან გამომდინარე ნათესავ-ნაცნობ-მეგობართა წრე აშკარად შეზღუდული აქვთ...  არც საზღვარგარეთულ "დიპლომებზე" დაციკლულობაა მისასალმებელი და, ასევე, უცხოური "მასტერ-კლასების" მსმენელთა იმედზე ყოფნაა საკმარისი. მონდომებაა საჭირო და თაობების დაპირისპირების მავნე პრაქტიკაა ამოსაძირკვი, თორემ ახალგაზრდულის პარალელურად საშუალო და უფროსი ასაკის კომპეტენტური და პატიოსანი  ადამიანების "აღმოჩენა" არ უნდა ჭირდეს.  მით უმეტეს, როცა ამის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები გაქვს და  მაღალჩინოსნების უცხოური "ვოიაჟებისას" ფლირტის ობიექტების ვიდეოგადაღებებზეც მიგვიწვდება ხელი...

 სწორედ ამიტომაც მივესალმებით "ნომერ პირველი მოქალაქის" სურვილს "ტრეინინგების" ჩატარების თაობაზე, ოღონდ მასაც ვუსურვებთ ისეთი "ტრენერების" შერჩევას, რომლებიც არ დაემსგავსებიან... თუნდაც, შაშკინის მიერ უცხოეთიდან "ჩამოთრეულ" და სამეგრელოში გამწესებულ ზოგიერთ მასწავლებელს ან,  ოპერის თეატრში მთავარ დირიჟორად  მოვლენილ ვიღაც ავანტიურისტს, რომელიც საორკესტრო პულტზე თურმე არასოდეს  მდგარა...

   ეს ისე, ლირიკისთვის!


 

ნიკა ჭავჭავაძე

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016