ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
აღნიშნულ ქუჩას, ბათუმის საკრებულომ, 2010 წელს არაბი მილიარდერის და არაბთა გაერთიანებული ემირატების განათლების მინისტრის შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელი მიანიჭა. 2013 წელს კი ამ ქუჩას მეგობრობის ქუჩა ეწოდა.
საკრებულოს უმცირესობა პროტესტს გამოთქვამდა ქუჩისთვის შეიხის სახელის მინიჭების გამო და განმარტავდა, რომ ქუჩებს ცოცხალი ადამიანების სახელებს არ ანიჭებდნენ. უმრავლესობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეიხმა ქალაქს პალმები აჩუქა და ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავდა.
2012 წელს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიხი ბათუმში მიიწვია და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მერიის ინფორმაციით, 18:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს.