ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა სოფელ ხალას რწმუნებულთან დაპირისპირება უარყო და ჭორის გავრცელებაში „ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. მისი თქმით, მალხაზ დიასამიძესთან კონსტრუქციული საუბრები ჰქონდა და დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა.
"მალხაზ დიასამიძე ერთ-ერთი კარგი გამგებელი იყო. ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული საუბრები როგორც მაჟორიტარს და სოფლის რწმუნებულს, ასე, რომ ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. რაც შეეხება არჩევნებს, ხალაში საუკეთესო შედეგი დადო "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ გვაქვს რეიტინგი და არანაირი საფუძველი იმაზე ფიქრისაც კი, რომ ვინმეს დავუპირისპირდე, არ არის. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული მორიგი ჭორი. რადგან ხალა ჩემი სოფელია, ამბობენ, თითქოს ხალაში დაპირისპირებაა", - განაცხადა ფატი ხალვაშმა.
ხალვაშმა ასევე განაცხადა, რომ დიასამიძის უდანაშაულობის დამატკიცება მისთვის სასიხარულო იქნება.
"ბრალდების თაობაზე სამართალდამცველები იმსჯელებენ და ძალიან გამიხარდება თუ აღმოჩნდება, რომ მალხაზი დამნაშავე არ არის", - განაცხადა ფატი ხალვაშმა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებულის მალხაზ დიასამიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა წევრებმა გაავრცელეს და მომხდარს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს.