35 მეტრი სიგრძის ხიდი - პირსი ბათუმის ბულვარის პლაჟზე, რომელიც შპს „ბატუნნ"-მა მერიის ქონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით ააშენა, ამავე უწყების ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლოა დაანგრიონ. ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში სამი წლის დაგვიანებით აღმოაჩინა.
35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „batunn" -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI" გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.
გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც. შპს „batunn" -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.
შპს „batunn"-მა პირსი 2011 წლის ზაფხულში გახსნა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მაშინ გოჩა ძნელაძე იყო. ეს სამსახური მშენებლობის კანონიერებით ორი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დაინტერესდა. სამსახურის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაშიც გოჩა ძნელაძე იყო. რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში ორი წლის განმავლობაში? - ამ კითხვას ზედამხედველობის სამსახურის დღეს მოქმედი ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე ინტერნეტ-გაზეთ „ბათუმელებს" ასე პასუხობს: „როცა აღმოვაჩინეთ, მაშინ დავაჯარიმეთ".
გასული წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. „სამი თვის შემდეგ, როდესაც ნებართვა ისევ ვერ წარმოგვიდგინა, დავაკისრეთ გაორმაგებული ჯარიმა - 9000 ლარი. ჯამში კომპანიამ, ჯარიმის სახით, 12 000 ლარი გადაიხადა", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე. მისივე ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არც ამ დროისთვის არ აქვს. შპს „batunn"- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)