ძლიერმა ქარმა ქალაქ რუსთავში შენობა-ნაგებობები დააზიანა. ქარმა თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო სახლს სახურავი გადახადა, კონსტიტუციის ქუჩის #19-ე საცხოვრებელ კორპუსში კი მესამე სართულზე მიშენებული აივანი ჩამოანგრია.
ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ჩამოინგრა სადარბაზოების შესასვლელები, წაქცეული და დაზიანებულია ავტობუსების გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდები და ლითონის კონსტრუქციები. ჭავჭავაძის ქუჩაზე ქარმა საზაფხულო კაფეს და ვახუშტის ქუჩაზე სტომატოლოგიურ კლინიკის სახურავი გადახადა. სტიქიამ სახურავები დააზიანა ბერიტაშვილის, ჯავახიშვილისა და მშენებელთა ქუჩებზე.
რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისგან ამ დრომდე 20-მდე შეტყობინებაა შესული. ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსები და ობიექტები დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოინახულა.
„დილიდან დავდივართ და ვამოწმებთ იმ მისამართებს, საიდანაც ცხელ ხაზზე შეტყობინებები შემოვიდა, ქარის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. საკმაოდ მიძიმე მდგომარეობაა ქალაქში. ხვალ დილიდან უკვე სპეციალური კომისია შეისწავლის მდგომარეობას და დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს", - განაცხადა რუსთავის მერმა.