reportiori.ge - ხვალ ჩემი დაბადების დღე იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:11
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ხვალ ჩემი დაბადების დღე იყო
31 მარტი, 2014. 13:14



უბის წიგნაკიდან



პაციენტს ტემპერატურის აწევა სიცხედ 37,5 გრადუსიდან ეთვლება თურმე. მანამდე ნორმაა.


მედდებისგან მიღებული ინფორმაცია.



პაციენტმა არ შეიძლება მენჯ-ბარძაყის ოპერაციის დროს საკუთარი ფულით შეიძინოს თანამედროვე უცხოური პროთეზი, რადგან ეს თურმე ხელს შეუწყობს ექიმებს შორის კორუფციის განვითარებას. ამიტომ ავადმყოფი უნდა დაკმაყოფილდეს ცემენტის პროთეზირებით, რომელიც სახელმწიფოს იაფი უჯდება.



ჯანდაცვის სამინისტროდან გამოჟონილი ,,ნაჩუქარი ცხენის" დირექტივა.



საუბრიდან პალატაში:


- რა ოპერაციები გაქვთ გაკეთებული? - ეკითხება ექთანი პაციენტს.


- ბევრი, ქალბატონო.


- მაგალითად?


- ორივე თირკმლის.


ექთანი - გაოცებული:


- არცერთი თირკმელი არ გაქვთ?!


- როგორ გეკადრებათ, ქალბატონო?! კენჭები მაქვს ამოღებული თირკმლებიდან.


რას არ გაიგებ პაციენტად ყოფნის ყურდაცქვეტილობის პერიოდში.


მაგალითად, ექთნის მითითებას სუსანა სანიტარი მოუნდება, შეასრულებს, არ მოუნდება, არა, და ხმასაც ვერავინ გასცემს.


მაგალითად, პაციენტების კვება საავადმყოფოებში თურმე გაუქმებულია და ჭირისუფალმა თავის ავადმყოფზე თვითონ უნდა იზრუნოს.


მაგალითად, საავადმყოფოს ეზოში მთელი ღამის განმავლობაში ვიღაც უვიცი ავტომოყვარული შეიძლება, დაჟინებით, უწყვეტლივ ცდილობდეს მანქანის ძრავის ამუშავებას, მაგრამ დამახასიათებელი ხმელი და ფუყე ხმის გარდა არაფერი გამოსდიოდეს.


მთელი ღამის განმავლობაში...


და კაციშვილი არ გამოჩნდეს პაციენტთა ამ თავმოყრის ადგილის სიმშვიდის დაცვის მომსახურეთა არმიიდან, შეეწყვიტა ღამის მორიგეობის ჟამის ნებიერი ფშვინვა და ეთქვა იმ კაი დედ-მამიშვილისთვის, შეშვებოდა უაზრო წვალებას ,,ინომარკისაც" და საოპერაციოდ გადადებული ავადმყოფებისაც, რომლებიც ვერა და ვერ ახერხებდნენ დაძინებას.


,,ნასოსის" მიმცემიც რომ არავინ იყო...


ისევე, როგორც ძე ადამიანისა, რომელიც ნახმარი პარკებისაგან აქაური დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდის ინიციატივით  გამოვიდოდა.


და როგორც პრინციპული შეუთავსებლობა ამ ყოფით მოუწყობლობასთან - შპს ,,ტრავმატოლოგი" - თანამედროვე დონის კლინიკა - უმაღლესი კლასის ქირურგთა პერსონალით.


გამორჩეული მოულოდნელობა ლოგიკის.



როგორ მიკეთებდნენ ოპერაციას



დიაგნოზი: ორმხრივი კოქსართროზი.


ჩანაფიქრი ასეთი მქონდა: რახან სპინალური ანესთეზიით უნდა გაეყუჩებინათ ,,საოპერაციო ველი", ანუ მხოლოდ მენჯ-ბარძაყი, სრულ გონებაზე უნდა დავრჩენილიყავი, მაშასადამე, შესაძლებლობა მექნებოდა, ფოტოც გადამეღო და ჩანაწერიც გამეკეთებინა დიქტოფონზე.


ჩემს ქირურგს გიორგი ობგაიძეს ეს რომ ვუთხარი, გაეღიმა და მითხრა, რომ პირველი, ეს ოპერაციები ინტერნეტში დეტალურად არის აღწერილი და ორიგინალური არაფერი გამომივიდოდა, არც საინტერესო იქნებოდა. მეორე, არც ფოტოაპარატს, არც დიქტოფონს საოპერაციოში არავინ შემატანინებდა.


ანუ: მე რომ შემიყვანდნენ საოპერაციოდ, ესეც დიდი ამბავი იქნებოდა.


ჰოდა, შევედი იქაური ქუდით, ანუ ხალცარიელი სრულად, იმის იმედზე, თუ რამეს გავიგონებდი და დავიხსომებდი...


ნემსი - ხერხემალში და თანდათან ვკარგავ შეგრძნებას იმისა, რომ ჩემი სხეული ორი ნაწილისგან შედგება - წელს ზემოთ და ქვემოთ. თანაც ამ დანაწევრებას, როგორც ჩვენი ტერიტორიის დაკარგულ ნაწილს, საზღვრად რაღაც მოთეთრო-მოყვითალო ზეწარს ჩამოაფარებენ და რა ხდება იმის იქით, წარმოდგენების სფეროში დარჩება.


ამასობაში გონებაც სანახევროდ იბინდება და ყველაფერი ძილ-ბურანის განზომილებაში გადადის, აღარაფერი აღარ გაინტერესებს, რომც გაინტერესებდეს, ვერ იგებ ოპერატორთა ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზების გარდა.


რეპორტაჟისაოპერაციოსარეცელიდან არ გამოდის:


რომელი მოაბიტის ციხე ის იყო, ან თუნდაც პალატა N6 ფსიქიატრიული სამკურნალოდან, ვინმეს ინტერესი რომ გამოეწვია.



პალატა N3,


ანუ სჭირდება თუ არა ქირურგს იღბალი?



პალატა იყო N3 და გამორჩეული იმით, რომ როგორც გოლეულს ანუ ფიჭიან თაფლს მყიდველი, პაციენტი არ აკლდა. გათავისუფლდებოდა თუ არა საწოლი, ახალ პაციენტს აწვენდნენ. სხვა პალატები კი, როგორც პაციენტების თავზე მდგომები ამბობდნენ, ცარიელი თუ არა, ნახევრად ცარიელი იყო.


ყველაზე დიდხანს სამნი შემოვრჩით - რაგბში საქართველოს ნაკრების წევრი რეზი, რომელიც ისე გაეწერა, გვარი ვერ ვკითხე, ,,სასაზღვრო ზონის" ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ბატონი ბესელია (ქალბატონ ეკა ბესელიას მოგვარე) და ამ სტრიქონების ავტორი, რომელიც არც არცერთი ნაკრების წევრი არ იყო, და არც - არავის მოგვარე.


სამივეს ერთი რამ გვქონდა საერთო - ჩვენი ოპერაციების ღირებულებას სახელმწიფო იხდიდა.


გმადლობთ!


ჰოდა, როცა იმ მესამე პალატაში ჩამომიყვანეს ნაოპერაციები, ჩემს ქირურგს გიორგი ობგაიძეს ვკითხე, როგორ ჩაიარა-მეთქი ოპერაციამ.


ძლივს მოიცალა ჩემთან სალაპარაკოდ: ყოველ დღე იმდენ გეგმიურ თუ სასწრაფო ოპერაციას აკეთებდა, მგონი, სტახანოვურ ვახტზე იდგა, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, გინესის რეკორდის დამყარებას აპირებდა.


და ყველა ეს ოპერაცია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან იყო დაკავშირებული.


პაციენტების შემოსვლა ტრავმატოლოგიის კლინიკაში ზღვის მიმოქცევას ჰგავს, ხან უკან დაიხევს, ხან ისე მოვა და მოაწყდება, ყველა პალატას შეავსებს და როგორც არცთუ შორეულ წარსულში იყო, ლამის დერეფნებში დააწვენენ ავადმყოფებს უადგილობისა გამო.


მესამე და მეოთხე სართულების დერეფნებში.


მეხუთეზე საოპერაციოებია...


და კვლავ მივადექით ოპერაციიდან რეპორტაჟის გაკეთების ჩემს გაცუდებულ მცდელობას.


ბატონი გიორგი ობგაიძე, რომელიც ორმოციოდ წლით მაინც ჩემზე ახალგაზრდაა, ჩემს პირველ შეკითხვას - არსებობს თუ არა იღბალი (везение) ქირურგიაში, უპასუხებს.


ეს შეკითხვა რეალური შემთხვევის გამო გაჩნდა: წინა კვირას ქირურგი ობგაიძე, რომელიც უქმე დღეს გუდაურში ისვენებდა, წლევანდელი თებერვლის არასანდო თოვლით დაფარულ ფერდზე რომ ჩამოსრიალდა, სრულიად მოულოდნელად ქაჩალ ადგილზე შევარდა და ისე დაიმტვრა, რომ ცოტა დააკლდა, იმ სახელგანთქმული მესამე პალატის პაციენტი გამხდარიყო.


მაგრად დაიმტვრა და... მეორე დღეს თბილისში დაბრუნებულმა ექვსი ოპერაცია გააკეთა(!)


- იღბლიანი რომ არ ვყოფილიყავი, რა გადამარჩენდა?!


- რას ნიშნავს იღბლიანობა თქვენს პროფესიაში?


- შეიძლება კარიერის დასაწყისშივე ისე გაწბილდეს, ისე გაურთულდეს პაციენტები, ისეთი მძიმე შემთხვევები წაეწყოს, რომ საერთოდ ხალისი დაკარგოს ექიმობის. ბევრი ექიმი ყოფილა ისეთი, ვისაც საწყის ეტაპზე ისე გაცრუებია იმედი, რომ საერთოდ თავი დაუნებებია ამ პროფესიისთვის.


- რატომ გეკითხებით, იცით? პაციენტი თავის სიცოცხლეს თქვენ გაბარებთ, ექიმებს. და თუ ექიმს პროფესიონალიზმთან ერთად ბედი არ სწყალობს, იგი, ავადმყოფი, სასწორზე აგდებს საკუთარ ყოფნა-არყოფნის საკითხს. ექიმისთვის ყისმათი აუცილებელია?


- მე ვფიქრობ, ექიმებად იბადებიან. ხანგრძლივი სწავლა და განათლება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ, ამასთან ერთად, რაღაც შინაგანი მდგომარეობაც უეჭველად სჭირდება ექიმობას.


- ღვთით ბოძებული ნიჭი და მოწოდება?


- დიახ.


- როგორ მიმდინარეობდა კოქსართროზის ოპერაციასთან დაკავშირებული ჭრა-კერვის და გადახერხვა-,,აშენების" პროცესი? (ოპერაცია ჩემი დაბადების დღის წინა დღეს ჩატარდა).


- ჩატარდა სტანდარტულად, ანუ ისე კარგად, როგორც უნდა ჩატარებულიყო: რაიმე გართულებას, სიურპრიზს, ვთქვათ, ძვლის ზედმეტ დაზიანებას, სისხლდენას, რასაც შეიძლება შეეფერხებინა ოპერაციის მსვლელობა, ადგილი არ ჰქონია.


რა იოლადაა ნათქვამი!


დილეტანტის დაჟინებით ვთხოვე, დაწვრილებით მოეთხრო - ვუსმინე, ვუსმინე და მოსმენით დავიღალე.


აუჰ!


ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ენერგია ეხარჯება, რა კონცენტრაცია სჭირდება ქირურგს და მთელ იმ კოლექტივს, რომელიც ამ ოპერაციას აკეთებს.


- უწინარეს ყოვლისა, ესაა ქირურგი, ორი ასისტენტი, რომლებიც სტანდარტულად ამ ოპერაციას ეკუთვნის - ბატონი ვალტერ კაპანაძე და გიორგი გოგიტიძე.


- კაპანაძე, რომელსაც ოპერაციის მსვლელობისას პავლოვიჩად მოიხსენიებდით?


- ვალტერ პავლოვიჩად.


- მე მეგონა, ეს ისეთივე მითიური პერსონაჟი იყო, როგორც სერგო ვასიკო ოდიშვილის ,,აბებში"...


გულიანად იცინის:


- არა, არა! ბატონი ვალტერი ძალიან გამოცდილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ექიმია. მას გარდა არიან ანესთეზიოლოგი ქალბატონი რუსიკო ბეჭვაია, ძალიან კარგი სპეციალისტი, მისი დამხმარე ექთანი, საოპერაციოს ექთანი, ვინც უშუალოდ ინსტრუმენტებს მაწვდის ნარგიზა გადელია, კიდევ ორი სანიტარი. კიდევ არის იქ ხალხი, ვინც ნაკლებად ჩანს - იგივე სისხლის გადასხმის კაბინეტიდან, რომელიც სისხლით გვამარაგებს, სანიტარი ბიჭი, რომელიც პაციენტის გადაწვენა-გადმოწვენაში გვეხმარება. საოპერაციო ბლოკის უფროსიდან დაწყებული, სანიტრით დამთავრებული ყველას თავისი როლი და საქმე აქვს. ერთ ოპერაციაში თხუთმეტამდე ადამიანი მაინც მონაწილეობს. შემდეგ, ინტენსიური მკურნალობის პალატა, მორიგე ექიმი, ექთანი და ასე შემდეგ.


აი, როდის ვიგრძენი თავი უხერხულად - ამიწრიალებია ეს ამოდენა ხალხი ჩემი ერთი ოპერაციისთვის, რომელიც იწოდება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება, და წესიერად მადლობაც არ მითქვამს...


პროფესიული სპორტი ფაქტობრივად ინვალიდობას ნიშნავს...



აქ, საუბრის ბოლოსკენ კვლავ წამოიჭრება იღბლიანობის პრობლემა.


- ეს მხოლოდ ექიმებს არ ეხება. საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გატაცებულია ჭიდაობის ისეთი სახეობით, როგორიც ძიუდოა. მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი ერთი ან ორი თუ ხდება. ამ სპორტსმენებს ძალიან კარგად ვიცნობ, დიდ შრომას ეწევიან, ვარჯიშობენ, მაგრამ ხშირად შედეგს ვერ აღწევენ. აქაც ბედ-იღბალი ერევა საქმეში - როცა საუკეთესო ფორმაშია, მაშინ მიიღებს ტრავმას. იძულებული ხდება, გამოტოვოს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი, ამის გამო სარეიტინგო ქულა დააკლდება... მაინც და მაინც მაშინ, როცა მწვრთნელები მასზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებენ, რაღაც გამოხტება და ისიც ნაკრების მიღმა აღმოჩნდება.


- სპორტსმენებთან ახლოს ყოფნა ახსენეთ, ეს ნიშნავს, რომ ისინი თქვენი პაციენტები არიან?


- კი, ხშირად უწევთ ჩემთან მოსვლა.


- ე.ი. ძიუდო არც ისე უსაფრთხო სპორტია, როგორადაც მიიჩნევენ?


- პროფესიული სპორტი ფაქტობრივად ინვალიდობას ნიშნავს. არ არსებობს ჯანმრთელი სპორტსმენი. ჯანმრთელობა დილით კუსტბაზე ორი წრის შემორბენაა. ჯანმრთელობა ფიზიკური კულტურაა. დიდი სპორტი სერიოზულ ტრავმებთან და ასაკის მატებასთან ერთად ტკივილებთანაა დაკავშირებული.


- უწინ, ექიმის პროფესიის ოჯახურ ტრადიციებზე ლაპარაკობდნენ... თქვენთან როგორაა საქმე?


- (ეღიმება). მამაჩემი, მე მგონი, პირველი მთიული იყო, ვინც სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა მისაღები გამოცდები.


- ექიმობა თქვენი ოცნება იყო?


- ჩემი ოცნება იყო ავტომრბოლელობა. აირტონ სენას დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ 17 წელი ადრეული ასაკია პროფესიის ასარჩევად. სხვათა შორის, ჩვენს გვარში ავტომანქანის ტარება ყველას კარგად გამოსდის - მამაჩემსაც და ცნობილ შალვა ოგბაიძესაც.


- ობგაიძე თუ ოგბაიძე?


- ჩვენი ნამდვილი გვარი ოგბაიძეა... მამაჩემი საოპერაციოში მეოთხე კურსამდე არ მიშვებდა: ჯერ საბაზისო ცოდნა არ გაქვს და შენ ხელოსნად არ მჭირდებიო. პირველად რომ მითხრა, ზეგ ოპერაციაზე უნდა წამომყვეო, ორი ღამე არ მეძინა. ძალიან ვნერვიულობდი.  ომარ ობგაიძე ბავშვთა ორთოპედიაში ძალიან ცნობილი ქირურგია და ჩემი ნერვიულობა ბუნებრივი იყო - გვარი არ უნდა შემერცხვინა. იმის მეშინოდა, მამას არ ეთქვა: წადი, შვილო, ქირურგია შენი საქმე არ არის, ფონედოსკოპს მოჰკიდე ხელიო. ისე ვღელავდი, რომ როცა მამამ ოპერაციის დამთავრებისას მითხრა, ახლა ნაკერი გაკვანძეო, დავიბენი - არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მაშინ მითხრა: რა მოგივიდა, თასმა არასოდეს შეგიკრავსო?!


ეგ დღე არ დამავიწყდება, როგორც პირველი ნაკვეთი არ დამავიწყდება, როგორც პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია. არის უბედნიერესი დღეები ექიმის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა განკურნებულ პაციენტს ხედავ.


ნებისმიერი სიცხის აწევა, დაჩირქება ან სხვა გართულება ტყვიაა ექიმისთვის.



P.S. ცოტაც, ბატონო გიორგი, და რამდენიმე დღეში მეც შევეცდები, განკურნებულთა რიგს შევემატო.



თუმცა, გულახდილად გეტყვით, რომ მაინც და მაინც ვერ დავიჩემებ ექიმის მითითებების სანიმუშოდ შემსრულებელ პაციენტობას.



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016