ეს უკვე მეტისმეტია. ამდენი მოწამვლა ჯარში, ალბათ, უკვე სერიოზულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს, თუმცა, მედიის გარდა, ამ ინფორმაციებზე რეაგირებას, თითქოს არავინ აკეთებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სანამ ირაკლი შორს დგას პოლიტიკისგან, მანამდე ამის გახსენება არც არავის დასჭირვებია. თუმცა, ვის უნდა დასჭირდეს? თითქმის ყველა დარღვევას უწყებაში ისევ თავად ირაკლი ალასანიას დაქვემდებარებაში მყოფი უწყება იძიებს. მაინც ასეა.
ირაკლი ალასანიას ფანები ირწმუნებიან, რომ ბაჩო ახალაიას დროს ჯარში გაცილებით უარესი ვითარება იყო, თავად ირაკლი ალასანია კი ხშირად ამაყად ჩამოყვება ხოლმე, რა წარმატებული რეფორმები გაატარა სამინისტროში. ალასანიამ იმდენად წარმატებულად გამოაცხადა თავი, რომ არც იმას მოერიდა, ეთქვა, როგორ აპირებს საკუთარ წარმატებულ რეფორმებზე ელაპარაკოს სხვა ქვეყნებს, ვისაც სჭირდება:
_ სწორედ გამჭვირვალობისა და სისტემის გახსნის კუთხით ჩაითვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს შესაძლებლობა ექსპორტზე გაიტანოს რეფორმები. ჩვენ მივიღეთ სპეციალური წერილი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან და ვაპირებთ, უახლოეს მომავალში უკვე დავიწყოთ სემინარების ჩატარება იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთაც სჭირდებათ ასეთი დახმარება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რეფორმები, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა, მზად არის, გავუზიაროთ მას, ვისაც აკლია ეს გამოცდილება.
ასეთი დავმდაბალი მინისტრი, ფაქტობრივად, არ გვახსოვს. თავდაჯერებულობა თავდაცვის მინისტრს არასოდეს აკლდა, არც მაშინ, როცა პირველად შედგა ფეხი სამინისტროში. მაშინვე განაცხადა, თვისობრივ რეფორმებს ვიწყებო.
და მას შემდეგ ჯარში ან ვიღაც იღუპება, ან მასობრივად იწამლებიან. ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტს თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მალავს ხოლმე. მხოლოდ ხმაურისა და სკანდალის ატეხვის შემდეგ ადასტურებს, ისიც საკმაოდ მცირე მასშტაბებით და უმნიშვნელო „დოზით".
ერთ-ერთი ასეთი გაუხმაურებელი ფაქტი 24 მარტს მოხდა უფლისციხეში, ლოჯისტიკის სამხედრო ნაწილში. არსებული ინფორმაციით, 20-მდე სამხედრო პირს აღენიშნებოდა დიარეა. მოწამვლის მიზეზად „ვინეგრედის" სალათი დასახელდა. სამხედროები მაიონეზით მოიწამლნენ.
მანამდე, მე-4 ბრიგადის შემთხვევა იყო. იქ 150-მდე ჯარისკაცი მოიწამლა. როგორც Prime Time News - ს აცნობეს, მოწამლულია, ასევე ალგეთის პოლიგონის 23-ე ბატალიონში 100-მდე ჯარისკაცი.
მოწამვლის მიზეზები არ ხმაურდებოდა. თავდაცვის სამინისტრო თავად ამ ფაქტსაც ასაიდუმლოებდა.
ალასანია „წარმატებულ" რეფორმებს იმჩნევს, ჯარის პრობლემებზე - „აქ არ არის".
თუ ეს შავი პიარია, როგორც თავად ალასანია ამბობს, მასინ რატომ არ არის ის დაინტერესბეული გამოძიებით? ის მაინც თქვას, ასეთ ხმებს მე და ჯარისკაცებს კი არა, ქვეყანას გვიყრიან, ნატო-ში რომ არ გავწევრიანდეთო. რაიმე რეაქცია ხომ უნდა ჰქონდეს თავდაცვის მინისტრს?
ისე ჩანს, თითქოს თავდაცვის მინისტრს ფუნქცია დაკარგული აქვს, ალასანია ძირითადად საკუთარ რეფორმატორულ უნარებს აქებს და უცხოეთში დადის. რამდენიმე ხნის წინ მინისტრს სკანდალიც აუგორეს. ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა, სადაც მინისტრი პარიზში ერთ-ერთ მანდილოსანთან ერთად იმყოფებოდა. სოცქსელებში მაშინვე დაიწყო თემის განხილვა. ზოგი ამბობდა, რომ ყველას აქვს პირადი ცხოვრება, ბევრმაც ყოფილი პრემიერი გაიხსენა, რომელიც ალასანიასა და სხვა მინისტრებსაც ერთგულებას ურჩევდა. მოკლედ, თითქმის ყველამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. კადრში თამარ ვალიშვილი ჩანს.
როგორც ჩანს, ის თავდაცვის მინისტრის ფავორიტია, რადგანაც სწორედ მისმა შპს-მ მოიგო რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდერი სამინისტროში. „არქიტექტორული ბიურო" თავდაცვის ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსებს რეკონსტრუქციებს ჩაუტარებს და კაპიტალურადაც გაარემონტებს. თავდაცვის სამინისტროსთვის ვალიშვილის შპს საპროექტო დოკუმენტებსაც ამზადებს. თამარი სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებული ფირმის დირექტორი და დამფუძნებელია. შესაძლოა, პარიზშიც ახალი ტენდერის დეტალებს განიხილავდნენ. ვისთვის როგორ.
თუმცა, ალასანიას თავი ისე უწირავს, თითქოს ეს სკანდალები ჯარსა და ვიზიტებში, ტენდერებსა თუ კარიერაში, მას არ ეხება. მისი პოლიტიკური მსვლელობა ჯერ მხოლოდ მარცხია. მუშაობა მან ვერც სააკაშვილთან შეძლო და ვერც ივანიშვილთან. შეიძლება ითქვას, შევარდნაძის კორუმპირებული ვერტიკალი ერთადერთი იყო, სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობდა.
(გაზეტი „პრაიმტაიმი", ქეთი ხატიაშვილი)